ას-153-460-04 21 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
თ. კობახიძე
სარჩელის საგანი: არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 25 ივნისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ მოპასუხემ 2002წ. 22 მარტს თვითნებურად დაიკავა მცხეთის რაიონის სოფ. ...-ში მდებარე სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სისტემის, ...-ის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ...-ის ბალანსზე რიცხული ¹... კორპუსის პირველი სართულის არასაცხოვრებელი ფართი. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის გამოსახლება. თავის მოთხოვნას ამყარებდა შემდეგ გარემოებებზე: საქართველოს კანონის „საქართველოს მეცენიერებათა აკადემიის შესახებ“ 29-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 17 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და მის სისტემაში შემავალ სამეცნიერო დაწესებულებებს სახლმმართველისაგან უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცა ქონება (შენობა-ნაგებობები, მიწის ფართობები, დანადგარ-მოწყობილობები. სკ-ის 242-ე მუხლი კრძალავს უზუფრუქტის ფორმით გადაცემული ქონების მესამე პირთა მიერ სარგებლობას.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ სადავო ფართი სახელმწიფოსია, ხოლო ინსტიტუტი, როგორც უზუფრუქტუარი, უკვე წლების განმავლობაში არ სარგებლობს ამ ფართით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სოფლის მეურნეობის ...-ის ს/კ ინსტიტუტის დირექტორის სარჩელს ეთქვა უარი.
მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. ¹48 ბრძანებულებით „საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისათვის მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობის გადაცემის შესახებ“ დამტკიცდა მიწის იმ ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების ნუსხა, რომელიც სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 1999წ. 22 ივნისის „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ კანონის შესაბამისად, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის უფლებით უნდა გადასცემოდა. იმავე დებულების მეორე პუნქტის თანახმად კი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, უნდა დაემტკიცებინა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაზე გადასაცემი მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები და აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობებინა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისათვის.
საქმის მასალების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაზე ან სოფლის მეურნეობის ...-ის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტზე უზუფრუქტის უფლებით უძრავი ქონება არ გადაცემულა კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად, არ მომხდარა საჯარო რეესტრში მისი უზუფრუქტარად გატარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ინსტიტუტი არ არის სათანადო მოსარჩელე.
მოსარჩელე არ დაეთანხმა, შეცვლილიყო სათანადო მოსარჩელით _ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მცხეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზაციის სამმართველოთი, რის გამოც სააპელაციო პალატამ სსკ-ის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დაადგინა, სათანადო მოსარჩელე ჩაბმულიყო საქმეში მესამე პირად, მაგრამ მესამე პირმა უარი განაცხადა საქმეში ჩაბმაზე.
აღნიშნულის გამო, სააპელაციო პალატამ 2003წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ...-ის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის ნორმები და უნდა გამოეყენებინა „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ კანონი, რადგან აღნიშნული კანონი არის სპეციალური კანონი მეცნიერებათა აკადემიისათვის და მიღებულია 1999 წელს, ხოლო სამოქალაქო კოდექსი კი მიღებულია 1997 წელს. მიაჩნია, რომ სასამართლომ დაარღვია კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“.
კასატორის მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსი ადგენს უზუფრუქტით ქონების მიღება-გადაცემის წესებს, ამავე დროს კანონი „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ ადგენს ამ ქონებაზე აკადემიის უზუფრუქტის უფლებას, ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ უგულვებელყო კანონი „მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“, ასევე მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება.
კასატორი ასევე თვლის, რომ სასამართლომ დაარღვია სკ-ის 242-ე მუხლის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ დაარღვია „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონი.
„საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ კანონი აწესრიგებს იმ ურთიერთობებს, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უფლებებისა და საქმიანობის გარანტიების რეალიზებასთან (მუხლი 2.). ამაე კანონის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აკადემია სახელმწიფო ქონებას ფლობს უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით და იყენებს მას სკ-ის განსაზღვრული წესით.
უზუფრუქტით უძრავი ნივთის სარგებლობაში გადაცემას აწესრიგებს სკ-ის 242-246-ე მუხლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს რაიმე წინააღმდეგობა „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ კანონსა და სკ-ის ნორმებს შორის. აღნიშნული კანონი განამტკიცებს მეცნიერებათა აკადემიის უფლებას, ფლობდეს ქონებას უზუფრუქტის უფლებით, ხოლო ამ უფლებით ქონება გამოყენებული უნდა იყოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
სკ-ის 243-ე მუხლის თანახმად, უზუფრუქტის დადგენის დროს გამოიყენება იგივე წესები, რაც უძრავი ნივთების შეძენის დროს. ამავე კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კასატორისათვის უძრავი ქონება უზუფრუქტის უფლებით არ გადაცემულა კანონით დადგენილი წესით, იგი არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, როგორც უზუფრუქტუარი. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს არა აქვს მოთხოვნის უფლება, შესაბამისად, არ წარმოადგენს სათანადო მოსარჩელეს. ხოლო სათანადო მოსარჩელე მხარს არ უჭერს სასარჩელო მოთხოვნას და არ მოითხოვს მოპასუხის გამოსახლებას სადავო ფართიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა სსკ-ის 84-ე მუხლი და უარი უთხრა მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ...-ის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.