Facebook Twitter

ას-158-457-04 27 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: სამეთვალყურეო საბჭოს კრების ოქმის ბათილად ცნობა, თანხის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 7 თებერვალს მ. და ზ. ყ.-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ს/ს “ტ.-ის” მიმართ მოპასუხე საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 2001წ. 12 დეკემბრის ¹8 ოქმის ბათილად ცნობისა და მიყენებული მატერიალური ზიანის _ 16414 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელეთა განმარტებით, 1996წ. 30 მაისს თბილისის ¹3 ავტოსატრანსპორტო საწარმოს პროვატიზებისა და ს/ს “ტ.-ად” გარდაქმნისას საზოგადოების 113339 აქციის შესაძენად მათ შეიტანეს 70000 აშშ დოლარი და 51000 ლარი. მოგვიანებით მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა, რომ მათ მიერ გადახდილი თანხიდან მოპასუხე მხარემ საქართველოს ეროვნულ ბანკში შეიტანა 63504 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და 50148 ლარი, მოსარჩელეთა მიერ გადახდილ თანხაზე 7172 აშშ დოლარით ნაკლები. 2003წ. 27 იანვრის სასამართლო სხდომაზე მ. და ზ. ყ.-ებმა შეიტყვეს, რომ ს/ს “ტ.-ის” სამეთვალყურეო საბჭოს 2001წ. 12 დეკემბრის ¹8 ოქმით მათ გამოეყოთ საზოგადოების 6336 აქცია. მოსარჩელეებმა მოითხოვეს აღნიშნული ოქმის ბათილად ცნობა, ვინაიდან მათ აქციათა ამ რაოდენობის გადაცემა არ მოუთხოვიათ და სადავო 7172 აშშ დოლარის დაბრუნება. ამასთან 1996 წლიდან, მოპასუხე მხარის მიერ მოსარჩელეთა გადახდილი თავდაპირველი თანხის სრულად შეუტანლობის მომენტიდან მისი სარგებლობისათვის პროცენტის 16414 აშშ დოლარის ოდენობით დაკისრება.

მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ხანდაზმულია. სამეთვალყურეო საბჭოს კანონიერი გადაწყვეტილებით მათ სწორად გამოეყოთ 6336 აქცია, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა 7172 აშშ დოლარისა და ზიანის ანაზღაურების ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნია.

ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ს/ს “ტ.-ის” სამეთვალყურეო საბჭოს 2001წ. 12 დეკემბრის ¹8 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება მ. და ზ. ყ.-ებისათვის 6336 აქციის გადაცემის შესახებ ბათილად იქნა ცნობილი. კოლეგიამ მოსარჩელეთათვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი დადგენილად მიიჩნია, თუმცა არ გაიზიარა სარჩელში მითითებული ოდენობა, რომლის ათვლის დასაწყისად ჩათვალა 2001წ. დეკემბერი, მ. და ზ. ყ.-ებისათვის თანხის დაბრუნებაზე საზოგადოების მიერ უარის თქმის დრო და მოპასუხე მხარეს დააკისრა 2001წ. 12 დეკემბრიდან 2003წ. 10 თებერვლამდე ძირითადი თანხის 2% _ 2000 აშშ დოლარის ოდენობით, დანარჩენ ნაწილში სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

რაიონული სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება მ. და ზ. ყ.-ებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2003წ. 24 სექტემბერს. მოპასუხე მხარე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. აპელანტმა მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ, რაც სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 24 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და ს/ს “ტ.-ს” აპელანტთა სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის სახით 16414 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილების თანახმად, სასამართლო უწყება მხარეებს ჩაბარდა სსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით, თუმცა დათქმულ დროს ს/ს “ტ.-ის” წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდა, რაიმე საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება ან შუამდგომლობა მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

ზემოხსენებული დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ს/ს “ტ.-მ” შეიტანა საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ს/ს “ტ.-ის” დირექტორის მ.გ.-ის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, 2003წ. 14 სექტემბრიდან იგი იმყოფებოდა საზღვარგარეთ მივლინებაში, საიდანაც იმედოვნებდა დროულად დაბრუნებას, თუმცა მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის გამო მ.გ.-ს მოუხდა გაუთვალისწინებელი დროით პოლონეთში დარჩენა. საჩივრის ავტორმა სსკ-ის 241-ე მუხლზე მითითებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 12 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დაადგინა, რომ ს/ს “ტ.-ს” სასამართლო უწყება ჩაბარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით 2003წ. 7 ივლისს. მ.გ.-ე საზღვარგარეთ გაემგზავრა ამავე წლის 13 სექტემბერს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეს საკმარისი დრო ჰქონდა სსკ-ის 93-ე მუხლით მისი ინტერესების დაცვა წარმომადგენლისათვის მიენდო. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ სხდომის დღეს მხარის გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია, ასევე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ არ შეეძლო სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზის შეტყობინება. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 233-ე და 241-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება ს/ს “ტ.-ის” წარმომადგენელმა ნ. მ.-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი არ დაეთანხმა პალატის მითითებას, რომ საჩივრის ავტორის მივლინებაში ყოფნა სსკ-ის 241-ე მუხლში მითითებულ საპატიო მიზეზად არ უნდა ჩაითვალოს. სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ 2003წ. 13 სექტემბერს მ.გ.-ე გაემგზავრა საზღვარგარეთ მივლინებით და იმედოვნებდა, რომ 24 სექტემბრისათვის დაბრუნდებოდა საქართველოში. მხარემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, თუ რატომ ვერ შეძლო სასამართლოსათვის მისი გამოუცხადების მიზეზის დროულად შეტყობინება, კერძოდ, საქართველოში დაბრუნებისას პოლონეთში შეემთხვა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, რამაც შეაფერხა მისი დაბრუნება. კასატორმა აღნიშნა, რომ მ.გ.-ემ სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა პასპორტში მის მიერ საზღვრის გადაკვეთის თარიღების დამადასტურებელი მტკიცებულებანი, რომელთაც პალატამ სათანადო შეფასება არ მისცა. კასატორმა მიიჩნია, რომ საოლქო სასამართლოს ს/ს “ტ.-ის” დირექტორის პროცესზე გამოუცხადებლობა საპატიოდ უნდა ჩაეთვალა, რის გამოც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. და ზ. ყ.-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო.Gგაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოსG2003წ. 4 აპრილის გადაწყვეტილება მ. და ზ. ყ.-ების საპროცენტო განაკვეთზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უარის თქმის ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ს\ს ,,ტ.-ს” აპელანტების სასარგებლოდ დაეკისრა 16 414 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა სსკ-ის 230-ე, 236-237-ე მუხლებით.ьььььЫыыеасиви втвтвлвош

აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა ს\ს ,,ტ.-ის” წარმომადგენლის მიერ. საოლქო სასამართლოს 2003წ. 12 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ განჩინების სამოტივაციო ნაწილში დადასტურებულად მიიჩნია, რომ ს\ს “ტ.-ი” კანონის შესაბამისად გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის ჩატარების თაობაზე. სასამართლომ სსკ-ის 233-ე და 241-ე მუხლებზე მითითებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რაც სსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

სსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

საოლქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით არასწორად განმარტა სსკ-ის 230-ე მუხლი, რომლის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

მითითებული ნორმის შესაბამისად, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სარჩელის დაკმაყოფილება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ერთდროულად არსებობს სამი წინაპირობა: მოსარჩელის შუამდგომლობა, მოპასუხის კანონით დადგენილი წესით გაფრთხილება და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი პირობების არსებობისას შეუძლია სასამართლოს საქმის არსებითად განხილვის გარეშე გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს სარჩელი. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს ვალდებულება სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული შეფასებით შემოიფარგლება. სასამართლომ აუცილებლად უნდა გაარკვიოს, დამტკიცებულად ცნობილი გარემოებების საფუძველზე არსებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება კანონით შესაძლებელია თუ არა.

მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის კანონიერებაზე მსჯელობის გარეშე გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც დაარღვია სსკ-ის 230-ე მუხლის მოთხოვნა. სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში უნდა ემსჯელა მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე, მოპასუხის გაფრთხილების კანონიერებასა და მის გამოუცხადებლობის მიზეზებზე, რის შემდეგაც სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცა სასარჩელო მოთხოვნისათვის და დაედგინა ამ მოთხოვნის კანონთან შესაბამისობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სსკ-ის 412-ე მუხლის გათვალისწინებით ასკვნის, რომ კანონის დარღვევით მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს ზემოთმითითებული ფაქტობრივი გარემოებების პირობებში იურიდიულად გამართლებულია თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა და, შესაბამისად, არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს/ს “ტ.-ის” წარმომადგენლის _ ნ.მ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.