Facebook Twitter

საქმე # 010142220700123552

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №77აგ-20 თბილისი

კ. პ., 77აგ-20 2 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. კ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენით:

პ.კ-ს მოეხსნა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და გამართლდა;

პ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტებით, 240-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 238-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტითა და 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტებით − უვადო თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით − 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით − 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით − 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მეორე ნაწილით − 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით − 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით − 14 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით − 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ პ. კ-ს განესაზღვრა - უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 1997 წლის 24 ივნისიდან.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ პ. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძველი რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან და სასჯელის ზომად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილი (ძველი რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველ, მეორე ნაწილებთან და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მეექვსე, მეშვიდე პუნქტები (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ,“ „დ“ ქვეპუნქტებზე და პ. კ-ს სასჯელის საბოლოო ზომად დარჩა - უვადო თავისუფლების აღკვეთა.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მსჯავრდებული პ. კ. გათავისუფლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენითა და 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო ¼-ით შეუმცირდა ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით (ძველი რედაქცია) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა - უვადო თავისუფლების აღკვეთა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ პ. კ. ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

5. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 2 აგვისტოს №. განკარგულებით პ. კ. შეწყალებულ იქნა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-9 პუნქტებით; 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით; 240-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით; 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძველი რედაქცია); 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით; 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით განსაზღვრული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან უნდა გათავისუფლდეს 2032 წლის 24 ივნისს.

6. 2020 წლის 16 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა პ. კ-მ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინების შეცვლა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით, კონსტიტუციური სარჩელი №1365 („ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) საფუძველზე, მისი მსჯავრდებიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-9 პუნქტის (ძველი რედაქცია) ამორიცხვა და მისთვის განსაზღვრული სასჯელის - 35 წლით თავისუფლების აღკვეთის შემცირება და 22 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ პ. კ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პ. კ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-9 პუნქტიდან (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტზე (ძველი რედაქცია); პ. კ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-4 პუნქტებით (ძველი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (ახალი რედაქცია); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძველი რედაქცია); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ახალი რედაქცია) და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა; დანარჩენ ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინება დარჩა უცვლელად.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა პ. კ-მ, რომელიც მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა და ითხოვს მის შეცვლას; კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი მსჯავრდებიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-9 პუნქტის - განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ან იმ პირის მიერ, ვისაც ადრე ჰქონდა ჩადენილი განზრახ მკვლელობა (106-ე და 107-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობის გარდა) - ამორიცხვა გავლენას ახდენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის 35-წლიან ვადაზე, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, 35 წლით თავისუფლების აღკვეთა შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ არაერთგზის დანაშაულის ჩადენისას (განაჩენთა ერთობლიობის დროს), რისი მხედველობაში მიღებითაც, მისთვის დადგენილი სასჯელი - 35 წლით თავისუფლების აღკვეთა, კარგავს ლეგიტიმაციას და უნდა შეიცვალოს 30 წლით თავისუფლების აღკვეთით, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე უნდა შეუმცირდეს და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს - 22 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მის მიმართ გამოყენება, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის განჩინებაში სასამართლომ მიუთითა, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით არ არის გათვალისწინებული კანონისმიერი პროცედურა იმ პირების მიმართ, ვისაც სასჯელად დანიშნული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 2 აგვისტოს განკარგულებით მას განესაზღვრა - 35 წლით თავისუფლების აღკვეთა, უნდა აისახოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში, რადგან, როდესაც ცნობილია თავისუფლების აღკვეთის დასრულების ვადა, შეუძლებელია, სასჯელს ეწოდოს უვადო თავისუფლების აღკვეთა; კასატორი ითხოვს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენითა და მისი უშუალო მონაწილეობით, რათა სასამართლოში უკეთ შეძლოს თავისი პოზიციის წარმოჩენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ პ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აღჭურვილია დისკრეციით, საქმე განიხილოს როგორც ზეპირი მოსმენით, ისე ზეპირი მოსმენის გარეშე და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ პ. კ-ს საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, ვინაიდან მსჯავრდებულის ვრცელი საკასაციო საჩივრით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სადავოდ გამხდარი მოტივები არის მკაფიო, საჩივრის მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია - ნათელი, რომელთა სამართლებრივი შეფასება არ საჭიროებს მხარეების უშუალო მონაწილეობით საჩივრის ზეპირად განხილვას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვით არ დაირღვევა მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობისა და საქმის ზეპირი მოსმენის უფლებები.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით კონსტიტუციური სარჩელი №1365 („ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდა და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს კანონის მე-2 მუხლი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტსა და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.

5. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე პ. კ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-9 პუნქტიდან (ძველი რედაქცია) მართებულად გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტზე (ძველი რედაქცია), რასაც კასატორიც ეთანხმება და სადავოდ არ ხდის.

6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ მისი მსჯავრდებიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-9 პუნქტის ამორიცხვა გავლენას ახდენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის 35-წლიან ვადაზე, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, 35 წლით თავისუფლების აღკვეთა შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ განაჩენთა ერთობლიობის დროს, რისი მხედველობაში მიღებითაც, მისთვის დადგენილი სასჯელი - 35 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შემცირდეს - 30 წლამდე და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მოსახდელად უნდა დარჩეს - 22 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, შემდეგი გარემოებების გამო:

7. საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 2 აგვისტოს №... განკარგულებით მსჯავრდებულისთვის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა - არ შეცვლილა, არამედ პრეზიდენტმა შეწყალების აქტით გამოხატა ნება, რომ პ. კ. კონკრეტულ თარიღში გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან და ამდენად, კასატორის მითითება, რომ პრეზიდენტის შეწყალებით მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 35 წლით, არის მცდარი, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რომლის თანახმადაც, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს, ვრცელდება ვადიან და არა - უვადო თავისუფლების აღკვეთაზე, რომელიც სასჯელად შეფარდებული აქვს პ.კ-ს.

8. კასატორის კიდევ ერთ მოთხოვნასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მიხედვით, ამნისტია არის ერთჯერადი აქტი, კერძოდ: ამ კანონის შესავალში აღნიშნულია, რომ ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიზანშეწონილობისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ კრიმინოგენული სიტუაციის კონტროლისა და პრევენციის სათანადო მექანიზმების არსებობის პირობებში, საქართველოს პარლამენტი ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით აცხადებს ამნისტიას. საქმის მასალებით დგინდება, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით, რომელიც უცვლელად დარჩა ძალაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის განჩინებით, პ. კ- ს მიმართ უკვე გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი და შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 2 აგვისტოს №... განკარგულება, რომლითაც არ შეცვლილა პ. კ-ს სასჯელის სახე - უვადო თავისუფლების აღკვეთა, არამედ განისაზღვრა სასჯელისაგან მისი გათავისუფლების თარიღი, არ წარმოადგენს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის ხელმეორედ გავრცელების საფუძველს.

9. საკასაციო სასამართლო დამატებით დასძენს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა და, შესაბამისად, იმსჯელოს დანიშნული სასჯელის მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან შესაბამისობის თაობაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი №39აგ-12 საქმეზე). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს სასჯელი უნდა შეუმცირდეს იმ შემთხვევაში, თუ მისთვის შეფარდებული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ პ. კ.-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლით (ძველი რედაქცია) განსაზღვრული სასჯელის ზომა არ აღემატება ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით იმავე ქმედებისათვის განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალურ ზომას და შესაბამისად, მის მიმართ ახალ კანონს არ აქვს უკუძალა, ვინაიდან ახალი კანონით მისი სამართლებრივი მდგომარეობა არ უმჯობესდება.

10. ზემოხსენებული სამართლებრივი მოტივაციით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი კანონიერია, არ არსებობს მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე, 314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ პ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი