Facebook Twitter

საქმე # 330141221004292105

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №3441-21 1 ივნისი, 2021 წელი

კ. გ., 3441-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის განაჩენით გ. კ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გ. კ-ს შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენით გ. კ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით გ. კ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3-4 ნაწილების თანახმად, ახლად დანიშნული სასჯელი მთლიანად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითმა სასჯელმა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამ 200 (ორასი) საათით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით.

გ. კ-ს შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენით გ. კ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გ. კ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის განაჩენით გ. კ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4-მე-3 და 84-ე ნაწილების შესაბამისად, ძირითად სასჯელთა შთანთქმისა და დამატებითი სასჯელის განსაზღვრის წესით ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც განსაზღვრულია პირობით მსჯავრად და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე და 67-ე მუხლების გამოყენებით განესაზღვრა პირობით მსჯავრად, გამოსაცდელ ვადად კი დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი, რომლის ათვლაც დაეწყო 2019 წლის 4 თებერვლიდან, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით.

გ. კ-ს შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.

6. 2021 წლის 15 იანვარს თბილისის პრობაციის ბიუროდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ გ. კ-ის პირადი საქმე, მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. კ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი და ამ კანონის 1-ლი მუხლის საფუძველზე იგი გათავისუფლდა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან (რაც დამატებული აქვს შემდეგ მიღებულ განაჩენებს).

მსჯავრდებულ გ. კ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი დარჩა უცვლელად.

8. მსჯავრდებულ გ. კ-ს მიაჩნია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი უნდა გავრცელებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის განაჩენით მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სასჯელზე. ამასთან, კასატორს ასევე მიაჩნია, რომ ბუნდოვანია ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებების აღდგენის საკითხი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა).

4. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ მსჯავრდებული გ. კ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს - 2018 წლის 18 აპრილს ნასამართლევი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რომელიც არ წარმოადგენს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებულ დანაშაულს, რის გამოც მის მიმართ კანონიერად ვერ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი.

5. ამასთან, მსჯავრდებულ გ. კ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმის სახით და სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებულ სასჯელებზე მართებულად არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, ვინაიდან მითითებული კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა სახის სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე ამნისტიის კანონი რაიმე სახის შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

6. რაც შეეხება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. კ-სათვის ჩამორთმეული უფლებების აღდგენის საკითხს, მას ასევე კანონიერად ვერ აღუდგა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის განაჩენით მითითებული კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, რადგან იგი ამ განაჩენებით შეფარდებული სასჯელისგან სრულად არ გათავისუფლებულა, რაც წარმოადგენს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების აუცილებელ წინაპირობას.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი