საქმე # 190141121004279131
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №374I-21 ქ. თბილისი
რ. რ., 374I -21 21 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. რ-ის ადვოკატ თ. პ-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქმის მასალების მიხედვით: რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის განაჩენით რ. რ , - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. რ-ის ადვოკატ თ. პ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... დაწესებულებიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ რ. რ-ის პირადი საქმე.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 აპრილის განჩინებით რ.რ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა.
6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 აპრილის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. რ-ის ადვოკატმა თ. პ-მა, რომელიც ითხოვს რ. რ-ის მიმართ შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია; კასატორის მითითებით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ განჩინება მიიღო არა 2021 წლის 1 აპრილს, არამედ - 2021 წლის 20 მაისის შემდეგ, როდესაც რ. რ-ს წინა ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა და მასზე უნდა გავრცელებულიყო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, ვინაიდან გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 ნოემბრის განაჩენით იგი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც მან მოიხადა 2013 წლის 29 აპრილიდან და, შესაბამისად, ნასამართლობა გაუქარწყლდა სასჯელის მოხდიდან 8 წლის შემდეგ - 2021 წლის 29 აპრილს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად - ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მართალია, რ. რ მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, მაგრამ ამ დანაშაულის ჩადენის დროს - 2018 წლის 25 დეკემბერს იგი გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 ნოემბრის განაჩენით იყო ნასამართლევი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და მისი ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა, რისი მხედველობაში მიღებითაც, მსჯავრდებულ რ. რ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი მართებულად არ გავრცელდა.
4. საკასაციო სასამართლო აქვე დასძენს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რ. რ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების საკითხის გადაწყვეტის თარიღი ვერ მოახდენდა გავლენას თავად გადაწყვეტილების შინაარსზე, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება ერთმნიშვნელოვნად დამოკიდებულია რ. რ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს მის ნასამართლობაზე, რომელიც იმ დროისათვის კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ რ. რ-ის ადვოკატ თ. პ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი