Facebook Twitter

საქმე # 160100120003755852

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№328აპ-21 ქ. თბილისი

რ.ი ც., 328აპ-21 17 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასა და ც. რ-ის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ განაჩენი უკანონოა, სააპელაციო სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მსჯავრდებულის ქმედებებს არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა და მისი პიროვნული მახასიათებლების შეუსაბამო, ლმობიერი სასჯელი შეუფარდა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ც. რ-ს, - დაბადებულს 1...-, ბრალად დაედო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2... წლის, დაახლოებით 2.. საათზე, მ., ზ. ჩ-ის მფლობელობაში არსებულ სახლში, იმ მიზეზით, რომ თითქოს, მეგობარ ქალთან ერთად, გვერდით ოთახში მყოფ ც.რ-ს უსმენდა ს. ქ. ე, ც. რ-მა, მარჯვენა ხელის მუშტის ცხვირის არეში და ხელებისა და ფეხების სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით, ფიზიკურად იძალადა ს.ქ-ზე, რის შედეგადაც, ს- ქ-მ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

- 2... წლის, დაახლოებით 2...საათზე, მ..., ზ.ჩ-ის მფლობელობაში არსებული სახლის ეზოში, ც. რ-ის მიერ ნაცემი ს. ქ-ის უკან დაბრუნებითა და დანახვით გაღიზიანებულმა, თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ც.რ-მა, საგნის შუბლის არეში გარტყმით, ფიზიკურად იძალადა ს. ქ---- ეზე, რის შედეგადაც ს. ქ- ემ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

3. ც. რ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ც. რ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; მისი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რისთვისაც ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მიესაჯა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2020 წლის 30 ივლისიდან.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ც. რ-მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2... წლის, დაახლოებით 2... საათზე, მ. , ზ. ჩ-ის მფლობელობაში არსებულ სახლში, იმ მიზეზით, რომ თითქოს, მეგობარ ქალთან ერთად, გვერდით ოთახში მყოფ ც. რ-ს უსმენდა ს. ქ-ე, ც. რ-მა ფიზიკურად იძალადა ს. ქ-ეზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

6. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და ც. რ–ის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება: ც. რ -ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; მისი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რისთვისაც ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლისგანაც ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის განაჩენი პირობითი მსჯავრის გაუქმების ნაწილში, რომლითაც ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ც. რ-ს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2020 წლის 30 ივლისიდან და იგი გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული გნაჩენის კანონიერება და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განაჩენი უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პირველ რიგში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ და აღნიშნავს:

3. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

4. იმ საკითხის გადასაწყვეტად, შეუძლია თუ არა სასამართლოს გასცდეს საკასაციო საჩივრისა და მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს, საკასაციო სასამართლო იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობებს: „კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც ბოჭავს მოსამართლეს, საქმეში არ გამოიყენოს და უგულებელყოს ფუნდამენტური და იმპერატიული კონსტიტუციური პრინციპები იმ მიზეზით, რომ მხარეები არ აპელირებენ მათზე, გამორიცხავს სამართლიანი სასამართლო განხილვის და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს... “. ,, ... შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეებისთვის თანაბარი შესაძლებლობის მინიჭებას, წარადგინონ მათი პოზიციის სასარგებლო მტკიცებულებები, არგუმენტები და ამ გზით მოახდინონ გავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე, თუმცა ეს არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მოსამართლეს თავისთავადი ვალდებულებისგან, ითვალისწინებდეს და სწორად იყენებდეს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს იმისგან დამოუკიდებლად, მხარე რამდენად ჯეროვნად ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას და მიუთითებს თუ არა მოსამართლეს სამართლის სათანადო წესების და პრინციპების გამოყენების აუცილებლობაზე“ (იხ.: ამონარიდები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-20-21).

5. ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი უფლებამოსილია, გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს, რათა თავიდან აიცილოს პირის უკანონო მსჯავრდება და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში გააუქმოს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი უკანონოა, თუ არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს.

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სისხლის სამართლის საქმე სააპელაციო წესით განიხილება კოლეგიურად სამი მოსამართლის შემადგენლობით. ამ წესიდან გამონაკლისი გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-6 ნაწილში, სადაც მითითებულია, რომ ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გამო საჩივრები შესაძლებელია, სააპელაციო წესით ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ. ამდენად, კანონი საქმეთა კოლეგიურად სამი მოსამართლის შემადგენლობით განხილვის წესიდან გამონაკლისს ითვალისწინებს მხოლოდ ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე და, ამდენად, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეები სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა იმპერატიულად უნდა განიხილონ კოლეგიურად სამი მოსამართლის შემადგენლობით.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ც. რ- ს ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რომელთაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაული - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი არაერთგზის - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე და, ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ც. რ-ის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე განიხილა ერთპიროვნულად, რითაც დაირღვა კანონის იმპერატიული მოთხოვნა და რაც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების უპირობო საფუძველია.

11. საკასაციო სასამართლო აქვე დასძენს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) გააუქმოს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და მის ნაცვლად დაადგინოს გამამართლებელ განაჩენი; ბ) გააუქმოს სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და მის ნაცვლად დაადგინოს გამამტყუნებელი განაჩენი; გ) ცვლილება შეიტანოს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში; დ) უცვლელად დატოვოს სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და უარი თქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

12. კანონის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გააუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის გამამტყუნებელი განაჩენი და მის ნაცვლად უნდა დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განაჩენი გაუქმდეს;

3. ც. რ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;

4. გამართლებულ ც. რ- ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

5. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი