Facebook Twitter
ბს-132-101-კ-05 13 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია

დავის საგანი: კომპენსაცია.

აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995წ. 27 ოქტომბრის ¹50.06.1048 დადგენილებით დამტკიცდა ოცდამეორე სპეციალიზებულ საბარათო აუქციონზე გასატან სააქციო საზოგადოებათა აქციების პაკეტის ნუსხა, სადაც საპრივატიზებოდ გატანილ იქნა სს “წ-ის” 336000 აქცია, ანუ საწესდებო კაპიტალის 44,41%.
მოწინააღმდეგე მხარემ, შ. მ-ემ, აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი გააკეთა 2565 საპრივატიზებო ბარათით, ხოლო გ. ნ-მა _ 2604 საპრივატიზებო ბარათით, სულ აქციათა შესაძენად მოწინააღმდეგე მხარის მიერ შეტანილ იქნა 5169 საპრივატიზებო ბარათი (ვაუჩერი). საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 6 იანვრის ¹108 ბრძანებულების საფუძველზე, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიამ 1996წ. 15 იანვარს მიიღო ¹02.03.21 დადგენილება, რომლითაც საპრივატიზებო ნუსხიდან ამოღებულ იქნა სს “წ-ი” და გაუქმებულად ჩაითვალა სს “წ-ის” აქციათა შესაძენად წარდგენილი განაცხადები. დადგენილების მე-4 პუნქტით რესპუბლიკურ საბარათო და განცხადებების გადამამუშავებელ ცენტრს დაევლა სს “წ-ის” აქციათა შესაძენად შემოსული საპრივატიზებო ბარათების მესაკუთრეებისათვის დაბრუნება.
2001წ. 11 მაისს შ. მ-ემ და გ. ნ-მა სარჩელი აღძრეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვეს 741040 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება:
მოსარჩელეთა მითითებით, სს “წ-ის” აქციათა 44,41%-ის საპრივატიზებო საბარათო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მათ განაცხადი გააკეთეს 5168 ცალი ვაუჩერით, საპრივატიზებო ბარათების შეტანა დასტურდება 1995წ. 12 დეკემბრის 2 ქვითრით. ¹22 სპეციალიზებული საბარათო აუქციონი ჩატარდა 1995წ. 16 დეკემბერს, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. ¹108 ბრძანებულების საფუძველზე, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1996წ. 15 იანვრის დადგენილებით “წ-ი” ამოღებულ იქნა საპრივატიზებო ნუსხიდან, გაუქმებულად ჩაითვალა აქციათა შესაძენად წარდგენილი განცხადებები და რესპუბლიკურ საბარათო და განცხადებების გადამამუშავებელ ცენტრს დაევალა საპრივატიზებო ბარათების მესაკუთრეებისათვის დაბრუნება. მოსარჩელეთა აზრით, მოპასუხემ სს “წ-ის” აქციათა 44,41%-ის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების გაუქმებით დაარღვია სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 165-166-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მან არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რომელიც ხელშეკრულების მომზადების სტადიაზე წარმოეშვა. ვინაიდან მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება აქციათა შეძენაზე ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, ამავე კოდექსის 212-ე მუხლის თანახმად, მოვალეა აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. მოსარჩელეები სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად ასევე მიუთითებდნენ ამჟამად მოქმედი სკ-ის 327-ე, 408-ე მუხლებზე.
მოსარჩელეებმა საბარათო აუქციონზე მონაწილეობის მისაღებად წარადგინეს 5168 ცალი საპრივატიზებო ბარათი, რომლის ნომინალური ღირებულება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 24 თებერვლის ¹1078 დადგენილებით განისაზღვრა 30 აშშ დოლარით. შესაბამისად, მოსარჩელეთა აზრით, მათ უნდა დაუბრუნდეთ შეტანილი ვაუჩერების ნომინალური ღირებულება 155040 აშშ დოლარი. მოსარჩელეებმა, გარდა ვაუჩერების კომპენსაციისა, ასევე მოითხოვეს 336000 ცალი აქციის კომპენსაციაც, რადგან მათი გაანგარიშებით, ვინაიდან ერთი აქციის ნომინალური ღირებულება იყო 1 აშშ დოლარი, აუქციონზე შეტანილი 5168 საპრივატიზებო ბარათით მიიღებდნენ სწორედ 336000 ცალ აქციას. მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელეები საკუთრებაში მიიღებდნენ სს “წ-ის” საწესდებო კაპიტალის 44,40%-ს, რაც შესაძლებლობას მისცემდა მათ საზოგადოების მოგებიდან დივიდენდის მიღებაზე. მოსარჩელეთა ვარაუდით, აუქციონის ჩატარების დღიდან ხუთი წლის განმავლობაში მიუღებელი დივიდენდი შეადგენს 250000 აშშ დოლარს, რაც სკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ასევე უნდა აუნაზღაურდეთ. ამდენად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს კომპენსაციის სახით მოპასუხისათვის 741040 აშშ დოლარის დაკისრება.
მოპასუხე _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გ. ნ-ისა და შ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 37268,49 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რაც საკასაციო წესით ნაწილობრივ გასაჩივრდა მოსარჩელეთა მიერ, რომლებმაც მოითხოვეს სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. საქმე არაერთგზის იქნა განხილული სასამართლოთა მიერ. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ნ-ისა და შ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და გარდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით დაკისრებული 37268,49 აშშ დოლარისა, ეკონომიკის სამინისტროს დამატებით დაეკისრა 154980,51 აშშ დოლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ნოემბრის განჩინებით ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩა 154980,51 აშშ დოლარის სამინისტროსათვის დაკისრების შესახებ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება:
სააპელაციო პალატამ წარმოდგენილ მტკიცებულებათა შესწავლით დადგენილად ცნო, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995წ. 27 ოქტომბრის ¹60.05.1048 დადგენილებით დამტკიცდა ¹22 სპეციალიზებულ საბარათე აუქციონზე გასატანი სააქციო საზოგადოებების აქციათა პაკეტის ნუსხა, რომელშიც გათვალისწინებული იყო სს “წ-ის” აქციათა პაკეტის 44,41% ანუ 336000 ცალი აქცია. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ საბარათე აუქციონზე მონაწილეობის მისაღებად გ. ნ-მა წარადგინა 2604 საპრივატიზებო ბარათი, ხოლო შ. მ-ემ _ 2565 ბარათი, სულ 5169 ვაუჩერი. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1996წ. 15 იანვრის ¹02.03.21 დადგენილებით გაუქმებულად გამოცხადდა ¹22 სპეციალიზებულ საბარათო აუქციონზე წარდგენილი განცხადებები, “წ-ი” ამოღებულ იქნა საპრივატიზებო ნუსხიდან და მესაკუთრეებს უნდა დაბრუნებოდათ საპრივატიზებო ბარათები. სასამართლომ გამოარკვია, რომ მოსარჩელეებს წარდგენილი საპრივატიზებო ბარათები არ დაბრუნებიათ, ისინი იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ.
სააპელაციო პალატის აზრით, რაიონულმა სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 48-ე და 165-ე მუხლები და ვინაიდან სამინისტრომ არ შეასრულა ვალდებულება აქციების გაცემის თაობაზე, მოპასუხეებს უნდა აუნაზღაურდეთ მისი ღირებულება. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება ვაუჩერების კომპენსაციის დროს საბაზრო ფასის 4-5 ლარის გამოყენების შესახებ, რადგან სახელმწიფომ მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 24 თებერვლის ¹108 დადგენილებით თავად განსაზღვრა საპრივატიზებო ბარათების ნომინალური ფასი, რომელიც შეადგენდა 30 აშშ დოლარს.
სასამართლომ აღნიშნა, მართალია, საპრივატიზებო ბარათი არ წარმოადგენდა შენახვის (დაგროვების) საშუალებას, როგორც ფული, მაგრამ საპრივატიზებო პროცესში იგი ასრულებდა ფულის როლს და წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი დანიშნულების ფასიან ქაღალდს. ამიტომ სამინისტროს პასუხისმგებლობა განხილული უნდა იქნეს როგორც ფულადი ვალდებულების დარღვევა და ვინაიდან სამინისტროს მოსარჩელეებისათვის არ დაუბრუნებია წარდგენილი ვაუჩერები, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 212-ე, 225-ე მუხლების საფუძველზე მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად აპელანტს დააკისრა საკომპენსაციო თანხის 3%. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა საპრივატიზებო ბარათების კომპენსაცია 117771.51 აშშ დოლარი და წლიური 3% _ 37209 აშშ დოლარი, სულ 154980,51 აშშ დოლარი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, რომელიც შემდეგი საფუძვლით ითხოვს მის გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას:
კასატორის მითითებით, სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სულ დაეკისრა 192249 აშშ დოლარის გადახდა, რაც უკანონოა. სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საპრივატიზებო ბარათების შეძენა ე.წ. შავ ბაზარზე შესაძლებელი იყო 4-5 ლარად, სასამართლომ კი საპრივატიზებო ბარათების საკომპენსაციო თანხა სამინისტროს დააკისრა გაანგარიშებით 1 ვაუჩერი _ 30 აშშ დოლარი. სასამართლომ არ გაიზიარა მათი მოსაზრება, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი იყო იმაზე მეტი ვაუჩერი, რაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უფასოდ გაიცემოდა საქართველოს მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებზე. კასატორის აზრით, სასამართლოს განჩინება ასევე დაუსაბუთებელია 1996-2004 წლების აპრილამდე პერიოდისათვის 3%-იანი განაკვეთის დაკისრების ნაწილშიც, რადგან ვაუჩერი არ წარმოადგენდა შენახვის საშუალებას, ფულს, მისი მოქმედება დროში იყო შეზღუდული, 1996წ. 1 ივნისამდე და მათი გამოუყენებლობა ვერ განიხილება, როგორც მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი.
მოწინააღმდეგე მხარეთა, შ. მ-ისა და გ. ნ-ის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნეს, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995წ. 27 ოქტომბრის ¹50.06.1048 დადგენილებით დამტკიცდა 22-ე სპეციალიზებულ საბარათე აუქციონზე გასატან სააქციო საზოგადოებათა აქციების ნუსხა, მათ შორის საპრივატიზებოდ გატანილ იქნა სს “წ-ის” 336000 აქცია, ანუ საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 44.41%. მოსარჩელეებმა: შ. მ-ემ სპეციალიზებულ საბარათე აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი გააკეთა 2565 საპრივატიზებო ბარათით (ვაუჩერი), ხოლო გ. ნ-მა _ 2604 ვაუჩერით. სულ მოსარჩელეთა მიერ სპეციალიზებულ საბარათე აუქციონში სს “წ-ის” აქციების შესაძენად წარდგენილ იქნა 5169 საპრივატიზებო ბარათი, რაც უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით და რასაც არც კასატორი უარყოფს.
საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 6 იანვრის ¹108 ბრძანებულების საფუძველზე, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიამ 1996წ. 15 იანვრის ¹02.03.21 დადგენილებით საპრივატიზებო ნუსხიდან ამოიღო სს “წ-ი” და გაუქმებულად ჩაითვალა სს “წ-ის” აქციათა შესაძენად წარდგენილი განცხადებები, ხოლო დადგენილების მე-3 პუნქტით რესპუბლიკურ საბარათო და განცხადებების გადამამუშავებელ ცენტრს დაევალა სს “წ-ის” აქციათა შესაძენად შემოსული საპრივატიზებო ბარათების მესაკუთრეებისათვის დაბრუნება. სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე უდავოდ დადასტურებულია ის გარემოება, რომ შ. მ-ესა და გ. ნ-ს დღემდე არ დაბრუნებიათ სს “წ-ის” აქციათა შესაძენად წარდგენილი 5169 საპრივატიზებო ბარათის კომპენსაცია, რასაც არც კასატორი უარყოფს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გ. ნ-ისა და შ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 37268,49 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 154980,51 აშშ დოლარის გადახდა, სულ 192249 აშშ დოლარი, რაც უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ნოემბრის განჩინებით.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის განჩინებით გ. ნ-ისა და შ. მ-ის სასარგებლოდ ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის 155040 აშშ დოლარის დაკისრებას და უსაფუძვლობის მოტივით ვერ დაეთანხმება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარს, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეს ე.წ. “შავ ბაზარზე” საპრივატიზებო ბარათების შეძენა შეეძლო 4-5 ლარად და ამიტომ საბარათე აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი 5169 საპრივატიზებო ბარათის კომპენსაცია უნდა მოხდეს, ნაცვლად 30 აშშ დოლარისა, 4-5 ლარის გადაანგარიშებით. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 24 თებერვლის ¹108 დადგენილებით “საპრივატიზებო ბარათების ნომინალური ღირებულების შესახებ” საპრივატიზაციო ბარათების ნომინალური ღირებულება განისაზღვრა 30 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხით. მინისტრთა კაბინეტის აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა ეკონომიკის სამინისტროს წინადადებით, რომელიც შეთანხმებული იყო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან და სამართლებრივად წარმოადგენდა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომლის შესრულებაც სავალდებულო იყო და რომლის გათვალისწინებითაც ჩატარდა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის (განსახელმწიფოებრიობის) პროცესი. ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995წ. ¹108 დადგენილებით სახელმწიფომ განსაზღვრა საპრივატიზებო ბარათების ნომინალური ღირებულება _ 30 აშშ დოლარი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იმავე სახელმწიფომ, როგორც კონტრაჰენტმა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახით, შ. მ-ესა და გ. ნ-ს გაუქმებულ 22-ე სპეციალიზებულ საბარათე აუქციონში სს “წ-ის” აქციების შესაძენად წარდგენილი 5169 საპრივატიზებო ბარათის კომპენსაცია უნდა აუნაზღაუროს ¹108 დადგენილებით განსაზღვრული ნომინალური ფასის გათვალისწინებით, 1 საპრივატიზებო ბარათი _ 30 აშშ დოლარი და კასატორის მოსაზრება ვაუჩერების საბაზრო ფასით, 4-5 ლარის გათვალისწინებით ანაზღაურებაზე, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. ამიტომ საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას სს “წ-ის” აქციათა შესაძენად წარდგენილი საპრივატიზებო ბარათების საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995წ. ¹108 დადგენილებით განსაზღვრული ნომინალური ღირებულებით ანაზღაურების შესახებ, თვლის, რომ განჩინება ამ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს და საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
უსაფუძვლობის მოტივით საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივარს საპრივატიზებო ბარათის კომპენსაციის დროულად გაუცემლობის გამო, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის 37209 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ, რადგან უტყუარად დადასტურებულია, რომ შ. მ-ესა და გ. ნ-ს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1996წ. 15 იანვრის ¹0203.21 დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, დღემდე არ მიუღიათ სპეციალიზებულ საბაზრე აუქციონზე სს “წ-ის” აქციების შესაძენად წარდგენილი 5169 საპრივატიზებო ბარათის კომპენსაცია, ანუ მოვალე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს (ამჟამად კასატორს) დღემდე არ შეუსრულებია ფულადი ვალდებულება, რის გამოც სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 225-ე მუხლის საფუძველზე, სარგებლის სახით, წლიური 3%-ის კასატორისათვის დაკისრება კანონიერია, საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და საკასაციო საჩივარს უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ნოემბრის განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებათა სწორი დადგენითა და კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი განჩინება შ. მ-ისა და გ. ნ-ის სასარგებლოდ ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის კომპენსაციის სახით 154980 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.