Facebook Twitter

საქმე # 330802221004733686

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№378I-21 ქ. თბილისი

ს. შ., 378I-21 24 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – შ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – შ. ს-ის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2007 წლის 14 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ს-ს საქალაქო მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეთა N1 სასამართლოს N... განაჩენით შ. ს ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 158/1-f მუხლით (თაღლითობა) და 204/1 მუხლით (ჩეკის გაყალბება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. იმავე განაჩენით შ. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და ჯარიმა - 4 800 თურქული ლირა, აგრეთვე, თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

2012 წლის 12 დეკემბერს ზემოაღნიშნული განაჩენი ძალაში იქნა დატოვებული თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით;

2013 წლის 17 დეკემბერს გამოიცა შ. ს-ს დაკავების ბრძანება ზემოაღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებით.

2009 წლის 26 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკის ს-ს საქალაქო მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეთა N1 სასამართლოს N... განაჩენით შ. ს ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 245/1 მუხლით (სხვისი საკრედიტო ბარათის უკანონო გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. იმავე განაჩენით შ. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და ჯარიმა - 20 თურქული ლირა.

2013 წლის 16 მაისს მითითებული განაჩენი თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა;

2013 წლის 1 ივლისს გამოიცა შ. ს-ის დაკავების ბრძანება ზემოაღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით;

2015 წლის 21 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის ს-ს საქალაქო მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეთა N1 სასამართლოს გადაწყვეტილებით შ. ს-ს მიმართ დადგენილი სასჯელები შეიკრიბა და განისაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2015 წლის 18 დეკემბრიდან შ. ს იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით;

დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები:

2007 წლის 14 ნოემბრის განაჩენის მიხედვით: 2006 წლის ივლისში, თურქეთის რესპუბლიკაში, შ. ს-მ ა. ვ-სგან შეიძინა მაცივარი და მაცივრის ღირებულების სანაცვლოდ, გადასცა მისი ყოფილი უფროსის სახელზე, 2006 წლის 15 ივნისს შედგენილი, 2 400 თურქული ლირის ოდენობის ყალბი საბანკო ჩეკი. აღნიშნულ ჩეკზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ მასზე არსებული ხელმოწერები ეკუთვნის შ. ს-ს.

2009 წლის 26 თებერვლის განაჩენის მიხედვით: 2005 წლის 5 ივნისს, თურქეთის რესპუბლიკაში, შ. ს-მ შ. ს-საგან შეიძინა 500 თურქული ლირის ღირებულების მობილური ტელეფონი და აღნიშნული ტელეფონის საფასური გადაიხადა მისი უფროსის საკრედიტო ბარათით, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე.

2. შ. ს- მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი შ. ს.

2015 წლის 26 დეკემბერს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით შ. ს-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2016 წლის 13 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით შ. ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

2016 წლის 23 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით შ. ს-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2016 წლის 24 ივნისამდე.

2016 წლის 20 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით შ. ს-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2016 წლის 24 სექტემბრამდე.

2016 წლის 9 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით შ. ს-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა შეიცვალა გირაოთი - 10 000 ლარით და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან. იმავე განჩინებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შ. ს-ს დაეკისრა დამატებითი აკრძალვა და ვალდებულებები.

3. 2021 წლის 14 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა იკო ზაზუნაშვილმა, რომელმაც მოითხოვა შ. ს-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა:

მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ს-ს საქალაქო მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეთა N1 სასამართლოს 2007 წლის 14 ნოემბრის N.... განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით;

მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ს-ს საქალაქო მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეთა N1 სასამართლოს 2009 წლის 26 თებერვლის N... განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი შ. ს-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ს-ს საქალაქო მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეთა N1 სასამართლოს 2007 წლის 14 ნოემბრის N... განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით; ასევე, დასაშვებად იქნა ცნობილი შ. ს-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ს-ს საქალაქო მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეთა N1 სასამართლოს 2009 წლის 26 თებერვლის N... განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით.

5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – შ.ს-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. მ საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის განჩინების გაუქმებასა და შ. ს-ის ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგი საფუძვლებით: შ. ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლოა, წამების, არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის მსხვერპლი გახდეს, ვინაიდან ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის განმარტებით, იგი თურქეთში ცხოვრებისას აქტიურად იყო ჩართული თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, იყო თურქეთის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის აქტიური წევრი და სწორედ ამ პარტიაში საქმიანობის გამო სახელმწიფო ორგანოებმა მასზე არაეთხელ მოახდინეს ფიზიკური ანგარიშსწორება; აგრეთვე, გასათვალისწინებელია უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშების დასკვნები თურქეთის რესპუბლიკაში საპატიმრო დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დარღვევის, დევნისა და შევიწროების შესახებ; გარდა ამისა, შ. ს-ის ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული „ოჯახის ურღვევობის” პრინციპი, ვინაიდან იგი უკვე 11 წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და აქვს ოჯახი.

6. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – შ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.

7. პროკურორმა წარმოადგინა თავისი პოზიცია ადვოკატ ლ. მ-ის საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარეს რაიმე მასალა თუ შუამდგომლობა არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თურქეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი შ. ს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2015 წლის 24 დეკემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, დაუშვებელია პირის ექსტრადიცია, თუ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან/და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. ამასთან, კასატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს მისი უფლებების შელახვის რისკი. ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილის გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას. უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ (Shamayev and Others v. Georgia and Russia) ECtHR, №36378/02, 12/04/2005, §352); („მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) ECtHR, №46827/99, 46951/99, 04/02/2005, §70).

5. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – შ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის მოსაზრებას, რომ შ. ს-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში პოლიტიკური ნიშნით გახდება წამების, არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის მსხვერპლი, ვინაიდან დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შ. ს თურქეთის რესპუბლიკაში პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისა და ამ საქმიანობიდან გამომდინარე მისი დევნისა და უფლებების შელახვის ფაქტებს. თავის მხრივ, აღნიშნული ინფორმაცია ვერც საქართველოს პროკურატურამ მოიძია. ამდენად, მხოლოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ზეპირი განცხადებები მისი უფლებების შესაძლო შელახვასთან მიმართებით, რაც არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებით, ვერ გახდება ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.

6. კასატორი საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნავს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საპატიმრო დაწესებულებებში ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევის, დევნისა და შევიწროების ფაქტები. აღნიშულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმად, ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) N 46827/99 and N 46951/99, § 73, 04.02.2005). მოცემულ შემთხვევაშიც, დაცვის მხარეს არც ამ ნაწილში აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შექმნიდა არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ შ. ს ექსტრადიციის შემთხვევაში დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე.

7. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ მიიჩნია, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).

8. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანოებმა წარმოადგინეს გარანტია იმის თაობაზე, რომ შ. ს-ს ექსტრადიცია არ მოითხოვება პოლიტიკური ან სამხედრო დანაშაულისთვის. აგრეთვე, წარმოდგენილი გარანტიის თანახმად, ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი უფლებები შ. ს-ის მიმართ სრულად იქნება დაცული.

9. დაცვის მხარე ასევე უთითებს, რომ შ. ს ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული „ოჯახის ურღვევობის“ პრინციპი, ვინაიდან მას საქართველოში ჰყავს ოჯახი, რასაც საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისათვის სახელმწიფოთა შორის არსებული თანამშრომლობა ექსტრადიციის საკითხებზე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პირადი ან ოჯახური ცხოვრება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის კანონიერ მიზანს, რომელსაც პირის ექსტრადიცია მიემართება. ანალოგიურ შემთხვევებში უფლებაში ჩარევის პროპორციულობის შესაფასებლად სასამართლო მხედველობაში იღებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ არსებული ბრალდებების სიმძიმესა და უფლებაში ჩარევის ინტენსივობას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „კინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (King v. The United Kingdom), no. 9742/07).

11. წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალებით დადგენილია, რომ შ. ს არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე. მისი განცხადებით, იგი საქართველოში ცხოვრობს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ საქართველოს მოქალაქესთან ერთად, მაგრამ საკასაციო სასამართლო მხედვველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ მისი ძმები და ოთხი შვილი, ხოლო საქართველოში მასთან მცხოვრებ პირს გააჩნია, აგრეთვე, თურქეთის რესპუბლიკაში მასთან ერთად ცხოვრების გამოცდილება, ამასთან, მისი ექსტრადიცია მოთხოვნილია კანონიერ ძალაში შესული ორი განაჩენის აღსრულების მიზნით, სხვადასხვა დანაშაულისათვის, ხოლო სასჯელის სახედ საბოლოოდ განსაზღვრული აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ვერ გადაწონის ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმურ მიზნებს.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – შ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ.მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი