Facebook Twitter

ას-168-465-04 1 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 20 მაისს ტ. წ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სამაუწყებლო კომპანია «.. ..»-ისა და საავტორო გადაცემა «...ის» ჟურნალისტი ა. გ-ის მიმართ. მოგვიანებით მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხე მხარის მიერ გავრცელებული მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის _ 500000 აშშ დოლარის ანაზღაურება. მოსარჩელის განმარტებით, 2002წ. 17 მარტს სამაუწყებლო კომპანია «.. ..»-ის ეთერით გადაიცა ა. გ-ის საავტორო გადაცემა «...», რომელშიც ტ. წ-ი მოხსენიებულ იქნა, როგორც «იარაღით მოვაჭრე», რის შესახებ მასალები სამხედრო პროკურატურასაც მოეპოვებოდა, თუმცა ტ.წ-ს სამსახურის დატოვება აკმარეს. ზემოხსენებული გადაცემის თანახმად, «რუსულ და ოსურ სამხედრო ნაწილებთან თანამშრომლობით», მოსარჩელე კვლავაც აგრძელებდა იარაღით ვაჭრობას. ა.გ-მა გადაცემაში განმარტა: «ა. პ-ი ამბობდა, რომ თავიდან მისი მიზანი იმ პირთა გამოვლენა იყო, ვინც პანკისში ადამიანებს იტაცებს და ყველაფერს ჩეჩნებს აბრალებს, ასე გაიცნო მან თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკი ტ. წ-ი-ო». გადაცემის თანახმად, ტ.წ-მა განმარტა, რომ ის საქართველოში ჩეჩნეთის წარმომადგენელმა ხიზრი ალდამოვმა დაასმინა, ადრე მისგან ყიდულობდა იარაღს, ახლა კი სხვა მიმწოდებელი უშოვიაო. ა.გ-ის კომენტარის მიხედვით, «ტ. წ-მა განაცხადა, რომ ვალის სანაცვლოდ კომპანია ...ის მფლობელს _ გ.ბ-ს მოიტაცებდა». ზემოხსენებულ გადაცემაში აღნიშნულია, რომ «წ-ის განცადებით, იგი ცხინვალის სამხედრო ბაზიდან წამოიღებდა იარაღს, რაც არაერთხელ გაუკეთებია..», ასევე მითითებულია, რომ მეორე დღეს «...» ოთახს ესროლეს (იგულისხმება ტ.წ-ი), მაგრამ «პოლკოვნიკთან» იარაღზე მოლაპარაკება გაგრძელდა და შეხვედრა ერგნეთის ბაზრობაზე დაინიშნაო.

მოსარჩელემ განმარტა, რომ ამავე გადაცემით 2002წ. 14 აპრილს კვლავ გავრცელდა მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობები იმის შესახებ, რომ ტ.წ-ის დაკვეთითა და ხელშეწყობით, მოსარჩელესთან მისი კავშირის დასაფარად მოკლეს ა. პ-ი. გადაცემაში აჩვენეს ა.პ-ის თავმოჭრილი გვამი. მოსარჩელის განმარტებით, ა.გ-მა იგი დანაშაულის დაფარვის მიზნით, აღნიშნული გვამის თავის დამალვაში დაადანაშაულა.

ტ. წ-ის განმარტებით, ზემოხსენებული გარემოებანი არ შეესაბამება სინამდვილეს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სამაუწყებლო კომპანია «.. ..»-ის საავტორო გადაცემა «...ის» მეშვეობით 2002წ. 17 მარტს გადაცემული მასალების საფუძველზე საქართველოს მთავარ სამხედრო პროკურატურაში ამავე წლის 4 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით აღიძრა საქმე ¹22102011, რომელიც 2002წ. 11 დეკემბრის დადგენილებით შეწყდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. ხოლო რაც შეეხება ზემოხსენებულ გადაცემაში ა.პ-ის მკვლელობის შესახებ მითითებას, მოსარჩელემ განმარტა, რომ ეს უკანასკნელი ცოცხალია და იმყოფება თავისუფლების აღმკვეთ დაწესებულებაში, რაც დასტურდება ა.პ-ის მიერ «მ-ის» ¹34-ში გამოქვეყნებული განცხადებით, სადაც ეს უკანასკნელი მიუთითებს, თუ როგორ აიძულა ა.გ-მა ფარული კამერით გადაეღო ტ.წ-თან შეხვედრა და იარაღით ვაჭრობაში ემხილა იგი. მოსარჩელის განმარტებით, ზემოხსენებული გადაცემებით გავრცელებულმა ინფორმაციამ მძიმე სულიერი ტანჯვა მიაყენა მთელ მის ოჯახს. მეუღლე გაათავისუფლეს სამსახურიდან, გოგონა თვეების განმავლობაში არ გადიოდა სახლიდან, ავადმყოფ ვაჟიშვილს გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო თავად ტ.წ-ი მას შემდეგ უმუშევარია, იმყოფებოდა მძიმე დეპრესიაში, გადაცემით გავრცელებული ინფორმაციის გამო საქართველოს შესაბამისმა უწყებამ არ დაუმტკიცა უკრაინაში მინიჭებული გენერლის წოდება. მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და 24-ე მუხლებზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილზე, «პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების შესახებ» საქართველოს კანონის 24-ე მუხლის «ბ» პუნქტსა და 25-ე მუხლზე, სკ-ის მე-18 მუხლზე, «სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ» საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლზე და განმარტა, რომ მის მიმართ დაირღვა ზემოხსენებული ნორმატიული აქტებით გარანტირებული უფლებები.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ სამაუწყებლო კომპანია «.. ..»-სა და ა. გ-ს დაევალათ გადაცემა «...ის» მეშვეობით 2002წ. 17 მარტს გავრცელებული ტ. წ-ის პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა იმავე გადაცემის მეშვეობით შემდეგი ფორმით: სამაუწყებლო კომპანია «.. ..»-ისა და გადაცემა «...ის» ავტორის _ ა. გ-ის მიერ 2002წ. 17 მარტის გადაცემა «...ის» მეშვეობით გავრცელებული ცნობები ტ.წ-ის მიერ იარაღით ვაჭრობისა და ბ-ის გატაცების მცდელობის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება. სამაუწყებლო კომპანია «.. ..»-სა და ა. გ-ს დაეკისრათ ტ. წ-ის სასარგებლოდ 5000 ლარის სოლიდარულად გადახდა. სასამართლო კოლეგიამ დაადგინა, რომ 2002წ. 17 მარტს სამაუწყებლო კომპანია „.. ..“-მა სატელევიზიო ეთერით აჩვენა ჟურნალისტი ა. გ-ის საავტორო გადაცემა «...ი“, რომლის სიუჟეტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მოსამსახურე, ამჟამად კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი პოლკოვნიკი _ ტ. წ-ი იმხილებოდა საბრძოლო იარაღით ვაჭრობაში. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების ფაქტი მოსარჩელემ დაადასტურა სამხედრო პროკურატურიდან მიღებული ვიდეომასალისაგან შემდგარი დეშიფრირებული ტექსტის საშუალებით. 2002წ. 17 მარტის გადაცემის ნამდვილობას ადასტურებს ასევე ის ფაქტიც, რომ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს მიერ ჩატარდა ექსპერტიზა. რაც შეეხება 2003წ. 14 აპრილის გადაცემას, კოლეგიამ მიუთითა, რომ მოსარჩელემ მტკიცებულება ინფორმაციის გავრცელების ფაქტის არსებობის შესახებ ვერ წარმოადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს რამდენად დიფამაციურია გავრცელებული ინფორმაცია და რამდენად შეესაბამება იგი სინამდვილეს.

ჟურნალისტის მიერ 2002წ. 17 მარტის გადაცემაში გავრცელებული გამონათქვამებიდან საოლქო სასამართლომ გამიჯნა ერთმანეთისაგან ფაქტები და მოსაზრებები. ევროპული სასამართლოს მიერ ლინგენსის საქმეზე დადგენილი სტანდარტით: („ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“ 1986წ.) „ზუსტად უნდა დადგინდეს ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის განსხვავება. ფაქტების არსებობა შეიძლება დემონსტრირებულ იქნას მაშინ, როდესაც მოსაზრებები არ ექვემდებარება მტკიცებულებებს... მოსაზრებების სიმართლის დამტკიცების მიმართ შეუძლებელია ამ მოთხოვნების შესრულება და იგი თავად არღვევს აზრის თავისუფლებას, რომელიც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით უზრუნველყოფილი უფლების ფუნდამენტურ ნაწილს“. კოლეგიის მითითებით, ცნობები იმ შემთხვევაში ჩაითვლება დიფამაციურად, თუ ისინი შეიცავენ არასწორ მტკიცებას ფაქტის შესახებ. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხეთა მიერ გავრცელებული ცნობები ფაქტების შესახებ აშკარად ლახავს ტ.წ-ის პატივსა და ღირსებას, ვინაიდან ისინი მოსარჩელის მიერ კანონის, მორალის ნორმების დარღვევისა და უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ მტკიცებას შეიცავს, რაც იმაში გამოიხატება, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელეს ბრალი დასდეს სისხლის სამართლით გათვალისწინებულ დასჯად დანაშაულთა ჩადენაში, როგორიც არის იარაღით ვაჭრობა და ადამიანის მოტაცების მცდელობა. კოლეგიის აზრით, მოპასუხეებმა ვერ დაამტკიცეს გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობა. სასამართლოს მითითებით, მოპასუხეთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის სინამდვილესთან შეუსაბამობას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მთავარი სამხედრო პროკურატურის 2002წ. 11 დეკემბრის ¹22102011 დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, რომელიც საქმეში არსებული მასალების მიხედვით არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

მოპასუხის გამონათქვამები: „... იარაღით რომ ვაჭრობდა პოლკოვნიკი წ-ი ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში იცოდნენ. ..იყო მასალები სამხედრო პროკურატურაშიც... წ-ს სამსახურის დატოვება აკმარეს, იარაღით ვაჭრობა კი გაგრძელდა, ამიერიდან რუსულ და ოსურ სამხედრო ნაწილებთან თანამშრომლობით“, სასამართლომ იმ სახის გამონათქვამად მიიჩნია, რომლებიც შეიცავენ მტკიცებას ტ. წ-ის მიერ ისეთი დანაშაულის ჩადენის ფაქტის შესახებ, როგორიცაა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა გასაღების მიზნით. საოლქო სასამართლოს მოსაზრებით, იარაღით ვაჭრობის თემას შეეხება სხვა გამონათქვამებიც, თუმცა ამ შემთხვევაში ჟურნალისტი იშველიებს სხვა პირთა გამონათქვამებს, რითაც არასწორ წარმოდეგნას უქმნის საზოგადოებას მოსარჩელის პიროვნების შესახებ და უმყარებს აზრს, რომ მოსარჩელე ნამდვილად ვაჭრობს საბრძოლო იარაღით. „ა. პ-ი ამბობს, რომ თავიდან მისი მიზანი იმ პირთა გამოვლენა იყო, ვინც პანკისში ადამიანებს იტაცებს და ყველაფერს ჩეჩნებს აბრალებს, ასე გაიცნო მან თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკი ტ. წ-ი“... «ტ.წ-მა თქვა, რომ ის ჩეჩნეთის წარმომადგენელმა ხ. ალდამოვმა დაასმინა, ადრე მისგან ყიდულობდა იარაღს, ახლა კი სხვა მიმწოდებელი უშოვია“.... „...წ-მა განაცხადა რომ ცხინვალის სამხედრო ბაზიდან წამოიღებდა იარაღს, რაც არაერთხელ გაუკეთებია...» „...ის» ოთახს ესროლეს, მაგრამ „პოლკოვნიკთან“ იარაღზე მოლაპარაკება გაგრძელდა და შეხვედრა ერგნეთის ბაზრობაზე დაინიშნაო“...

სასამართლომ დიფამაციურ გამონათქვამად მიიჩნია მოპასუხის გამონათქვამი «...ტ. წ-მა განაცხადა, რომ ვალის სანაცვლოდ კომპანია ...ის მფლობელს გ. ბ-ს მოიტაცებდა“ და ჩათვალა, რომ აღნიშნული გამონათქვამი შეიცავს მტკიცებას ტ. წ-ის მიერ ისეთი დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომელიც სისხლის სამართლის კანონით დასჯადია.

სასამართლო კოლეგიამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის განმარტება, რომ მოპასუხეთა ზემოხსენებული გამონათქვამებით მას შეელახა საქმიანი რეპუტაცია. სასამართლოს აზრით, მოსარჩელის პიროვნული უფლებები მნიშვნელოვნადაა ხელყოფილი, მაგრამ გაითვალისწინა ტელეკომპანია „.. ..-ის“ ეკონომიკური მდგომარეობა, რადგან დიდი თანხის დაკისრებამ შეიძლება გამოიწვიოს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, რისი დაცვაც ასევე აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, კოლეგიამ გონივრულად და სამართლიანად ჩათვალა მოპასუხეთათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 5000 ლარის დაკისრება.

სასამართლო კოლეგიის ზემოხსენებული გადაწყვეტილება სამაუწყებლო კომპანია «.. ..»-ისა და ა. გ-ის წარმომადგენელმა ლ. ჭ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა მიუთითა, რომ საოლქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობა განაპირობა სსკ-ით დადგენილი წესით სასამართლო უწყების ჩაუბარებლობამ. კასატორის განმარტებით, ზემოხსენებულის მიუხედავად, მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, თუმცა სასამართლო კოლეგიამ არსებითად განიხილა საქმე და მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებანი სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა. ამასთან, კოლეგიამ სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გამოიტანა დასაბუთებული გადაწყვეტილება, რითაც, კასატორის აზრით, დაარღვია სსკ-ის 230-ე, 233-ე და 234-ე მუხლების მოთხოვნები. კასატორმა არ გაიზიარა კოლეგიის მოსაზრება, თითქოს მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა სადავო გადაცემით გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობა, ვინაიდან საქმის განხილვაში მონაწილეობის გარეშე რაიმეს დამტკიცება მხარემ წარმოუდგენლად მიიჩნია. ამასთან, კასატორმა განმარტა, რომ საქმეში არსებული მასალები საკმარისად ადასტურებდა სადავო ინფორმაციის უტყუარობას, კერძოდ, გადაცემაში გადაიცა ინტერვიუ მთავარ სამხედრო პროკურორთან, რომელიც ადასტურებს მე-11 ბრიგადაში იარაღის, საჭურველის, საბრძოლო მასალის, ტყვია-წამლის, ტყვიამფრქვევების, ავტომატებისა და ერთი საბრძოლო მანქანის დანაკლისს. კასატორის აზრით, სადავო გარემოებანი მტკიცდება ასევე ა.პ-ისა და ტ.წ-ის დიალოგის ვიდეოჩანაწერითაც, სადაც ბ-სა და ცხინვალიდან იარაღის მოწოდებაზეა საუბარი. მხარის განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ დაარღვია სსკ 105-ე მუხლი, როდესაც სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ექსპერტის მიერ მიცემული დასკვნა და ფონოგრამაზე არსებული ვიდეოჩანაწერის ტექსტური ვარიანტი არ განიხილა და არ შეაფასა კანონით დადგენილი წესით, თუმცა გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო მას. კასატორმა მოითხოვა საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმებების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2003წ. 1 დეკემბერს სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადნენ მოპასუხეები. მოსარჩელის წარმომადგენელმა სსკ-ის 230-ე მუხლის თანახმად, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. სასამართლომ მოუსმინა რა მოსარჩელის წარმომადგენელს, მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას და სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

აღნიშნულით საოლქო სასამართლოს კოლეგიამ არასწორად განმარტა სსკ-ის 230-ე მუხლი. ამ ნორმის შესაბამისად, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სარჩელის დაკმაყოფილება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი არსებობს სამი წინაპირობა, მოსარჩელის შუამდგომლობა, მოპასუხის კანონით დადგენილი წესით გაფრთხილება და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

ჩამოთვლილი პირობების არსებობისას სასამართლომ საქმის არსებითად განხილვის გარეშე უნდა გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს სარჩელი. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს ვალდებულება სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული შეფასებით შემოიფარგლება. სასამართლომ უნდა გაარკვიოს, დამტკიცებულად ცნობილი გარემოებების საფუძველზე არსებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება კანონით შესაძლებელია თუ არა.

ზემოხსენებული პირობების არსებობისას სასამართლოს უფლება არა აქვს, არსებითად იმსჯელოს საქმეზე, შეაფასოს მტკიცებულებები და სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის მიზანშეწონილობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საოლქო სასამართლოს კოლეგიამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სსკ-ის 230-ე მუხლის მოთხოვნა, რის გამოც არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში უნდა ემსჯელა მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე, მოპასუხის გაფრთხილების კანონიერებასა და მის გამოუცხადებლობის მიზეზებზე, რის შემდეგაც სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცა სასარჩელო მოთხოვნისათვის და დაედგინა ამ მოთხოვნის კანონთან შესაბამისობა.

სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კანონის დარღვევით მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს «სამაუწყებლო კომპანია .. ..“-სა და ა. გ-ის წარმომადგენლის _ ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგის 2003წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.