Facebook Twitter

ას-169-467-04 7 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 30 აპრილს ასოციაცია “ი.-ის” პრეზიდენტმა მ. ბ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ლ. ნ.-ს, გ. და კ. ქ.-ეების მიმართ, მათ მიერ უკანონოდ დაკავებული ფართიდან გამოსახლების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1999წ. 25 ივნისს ასოციაციასა და ჯანდაცვის დემოგრაფიის დეპარტამენტს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით ასოციაციას სარგებლობის უფლებით გადაეცა თბილისში, ... მდებარე შენობის ¹40 ოთახი. მოსარჩელის მიერ სარემონტო სამუშაოების დამთავრების შემდეგ სადავო ფართი უკანონოდ დაიკავეს მოპასუხეებმა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეების სადავო ფართიდან გამოსახლება.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ასოციაციის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები გამოსახლდნენ თბილისში, ... მდებარე სახლის ¹40 ოთახიდან.

აღნიშნული საქმე მრავალგზის იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ.ნ.-სა და გ.ქ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სათანადო მოსარჩელის – ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, სარჩელი.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისში, ... მდებარე ნაგებობა არის სახელმწიფო საკუთრება.

2003წ. 25 სექტემბერს გაცემული ცნობით ტექნიკური ბიუროს მონაცემებით, ... მდებარე ნაგებობა ირიცხება ფიზკულტურის ინსტიტუტის სახელზე ყოველგვარი იურიდიული საბუთის გარეშე, როგორც სახელმწიფო საკუთრება.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული შენობის მე-6 სართულზე 1999წ. 1 სექტემბრიდან დღემდე ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილები, რასაც ადასტურებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2003წ. 25 სექტემბრის ცნობა.

საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ.-სა და ქ.-ის ოჯახის წევრები არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

1996წ. 28 ივნისის კანონი “იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ განსაზღვრავს დევნილთა სამართლებრივ სტატუსს საქართველოში, ადგენს მათ სამართლებრივ სტატუსს, ადგენს მათ სამართლებრივ, ეკონომიურ და სოციალურ გარანტიებს. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის შასაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს დევნილებს დროებითი საცხოვრებლით. მე-7 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილთა გამოსახლება. იმავე გარანტიებს იძლევა საქართველოს პრეზიდენტის 1994წ. 31 დეკემბრის ¹222, 1996წ. ¹643, 2002წ. 5 იანვრის ¹5 ბრძანებულებები.

ნ.- და ქ.-ე ისევე, როგორც სადავო ფართობში შესახლებული ლტოლვილთა ოჯახები, სკ-ის 155-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, არიან კეთილსინდისიერი მფლობელები სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების საფუძველზე. ისინი არიან მართლზომიერი მფლობელები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს სარჩლის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, სახელმწიფოს არა აქვს უფლება, სხვა დროებითი საცხოვრებელი ფართობების მიუცემლად შესახლების პირობის ან აფხაზეთში დაბრუნებამდე მოითხოვოს მოპასუხეთა სადავო ფართიდან გამოსახლება.

საოლქო სასამართლოს ზემომითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ გამოიყენა სკ-ის 155-ე მუხლის მესამე ნაწილი და დაადგინა ლ. ნ.-სა და მასთან მცხოვრები პირების მართლზომიერი მფლობელობა სადავო ფართზე, მაგრამ არ გაითვალისწინა ამავე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი მფლობელობის ნებითი მოპოვებით. მოცემულ შემთხვევაში, ლ.ნ.-მ და მასთან მცხოვრებმა პირებმა კი თვითნებურად დაიკავეს სადავო ფართი, ე.ი. ფართზე უფლების მოპოვება ნებით არ მომხდარა.

ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დაირღვა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, როგორც ქონების მესაკუთრის ინტერესები, რადგან “სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ” კანონის თანახმად, სამინისტრო არის სახელმწიფოსაგან უფლებამოსილი სახელმწიფო ქონების მესაკუთრე, რომელიც ფლობს, სარგებლობს და განკარგავს სახელმწიფო ქონებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი უსაფუძვლოა შემდეგი გარემოების გამო:

სსკ-ის 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ მოპასუხეს არა აქვს ნივთის ფლობის უფლება. მოთხოვნა ეფუძნება სკ-ის 172-ე მუხლის I ნაწილს, რომლითაც მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 155-ე მუხლის I ნაწილი. აღნიშნული ნორმა იძლევა მფლობელობის დეფინიციას.საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით (კასატორს ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებით დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ გააჩნია) ირკვევა, რომ მოსარჩელე, მართალია, სადავო ფართის მესაკუთრეა, მაგრამ იგი მფლობელობაში გადასცა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების განსათავსებლად, ე.ი. მოსარჩელის მფლობელობიდან ნივთი მისი ნებით გავიდა და მას მართლზომიერი მფლობელი ჰყავს. კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წამოუყენებია საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებით. ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხე არამართლზომიერად ფლობს სადავო ფართს. პალატა აქვე მიუთითებს, რომ თუ კი მოპასუხეები იმაზე მეტ ფართს ფლობენ, ვიდრე მათ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გადასცა, ამ ფართიდან მათ გამოსახლებაზე უნდა იდავოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, რადგან იგი ახდენს მასზე გადაცემული ფართის განაწილებას დევნილთა ოჯახებზე.

ამდენად, საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.