Facebook Twitter

ას-171-470-04 8 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: სესხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. ს-ემ თანხა ისესხა ბ. ყ-ისაგან და მ. კ-ისაგან. იმის გამო, რომ მან დროულად ვერ გაუსტუმრა კრედიტორებს ვალი, ბ. ყ-მა და მ. კ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე ი. ს-ის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხეს დაეკისროს მ. კ-ის სასარგებლოდ სესხის თანხის – 2820 აშშ დოლარის, ზიანის – 145,5 აშშ დოლარის და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 165 ლარის გადახდა, ხოლო ბ. ყ-ისათვის სესხის – 8700 აშშ დოლარის, პროცენტის 584 აშშ დოლარის და ზიანის 479 აშშ დოლარის, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 550 ლარის, ადვოკატისათვის გადახდილი თანხის 150 აშშ დოლარის დაკისრება.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. კ-ისა და ბ. ყ-ის სარჩელი. ი. ს-ეს დაეკისრა მ. კ-ის სასარგებლოდ 2001წ. 3 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ადვოკატის ხარჯების 150 აშშ დოლარის და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 165 ლარის გადახდა, ხოლო ბ. ყ-ის სასარგებლოდ სესხის 8700 აშშ დოლარის პროცენტის 584 აშშ დოლარის, ზიანის 479 აშშ დოლარის, ადვოკატის ხარჯების 150 აშშ დოლარის და სახელმწიფო ბაჟს 550 ლარის ანაზღაურება. თანხის ანაზღაურება უნდა მოხდეს ი. ს-ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული ბინის, მდებარე ქ. თბილისში, ..... აუქციონზე რეალიზაციით მიღებული თანხიდან, აუქციონის ჩატარება დაევალა ვაკე-საბურთალოს სააღსრულებო ბიუროს.

ი. ს-ემ საჩივარი შეიტანა სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ პროცესის დღეს მოულოდნელად გახდა ავად, რის გამოც გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მან საჩივართან ერთად წარადგინა სამედიცინო ცნობა.

რაიონულმა სასამართლომ ი. ს-ის საჩივრის გახილვა დანიშნა 2002წ. 2 ივლისს, მაგრამ მოპასუხე არ გამოცხადდა სხდომაზე, მას სასამართლოსათვის არ უცნობებია გამოუცხადებლობის მიზეზი. მოსარჩელეების შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 ივლისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ძალაში იქნა დატოვებული იმავე სასამართლოს 2002წ. 14 მაისის ¹2/1132-02 დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ი. ს-ეს დაეკისრა 2001წ. 3 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ. კ-ის სასარგებლოდ სესხის 2820 აშშ დოლარის, ზიანის, 145,5 აშშ დოლარის, ადვოკატის ხარჯების 150 აშშ დოლარის და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 165 ლარის გადახდა, ხოლო ბ. ყ-ის სასარგებლოდ სესხის 8700 აშშ დოლარის, პროცენტის 584 აშშ დოლარის, ზიანის 479 აშშ დოლარის, ადვოკატის ხარჯების 150 აშშ დოლარის და გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 550 ლარის ანაზღაურება. თანხის ანაზღაურება უნდა მოხდეს ი. ს-ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული ბინიდან, მდებარე ქ. თბილისი, ....., აუქციონზე რელიზაციით მიღებული თანხიდან. აუქციონის ჩატარება დაევალა ვაკე-საბურთალოს სააღსრულებო ბიუროს.

ი. ს-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა ი. ს-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 ივლისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ი. ს-ის საჩივარი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საფუძვლიანობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 9 ივლისს მიიღო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან ი. ს-ე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მისთვის ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესის შესაბამისად სასამართლო სხდომის დრო, მას გამოუცხადებლობის მიზეზი არ უცნობებია სასამართლოსათვის. რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 ივლისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა იმავე სასამართლოს 2002წ. 14 მაისის ¹2/1132-02 დაუსწრებელი გადაწყვეტილება ი. ს-ისათვის დავალიანების დაკისრების შესახებ.

ი. ს-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი. ს-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელი დარჩა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 ივლისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: აპელანტის მიერ წარმოდგენილი ცნობა არ არის გაცემული სათანადო პირის მიერ, კერძოდ, «მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-9.4 მუხლის თანახმად საზოგადოებას წარმოადგენენ დირექტორები. შპს «კ-ის” ექიმი არ იყო უფლებამოსილი პირი მიეცა ცნობა. პალატამ მიუთითა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ აპელანტი ყოველმხრივ ცდილობს საქმის გაჭიანურებას.

ი. ს-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სასამართლომ არასწორად გამოიყენა «მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-9.4 მუხლი, რადგან შპს «კ-ის” დირექტორმა განმარტა, რომ ასეთი შინაარსის ცნობის გაცემა უშუალოდ სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმის უფლებაა, რადგან იგი იმყოფებოდა ავადმყოფთან გამოძახებაზე. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ ი. ს-ეს ჰქონდა სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, მაგრამ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო ეცნობებინა ეს წინასწარ სასამართლოსათვის.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 ივლისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა იმავე სასამართლოს 2002წ. 14 მაისის ¹2/1132-02 დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ი. ს-ისათვის დავალიანების დაკისრების შესახებ.

ი. ს-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა ი. ს-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 ივლისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ი. ს-ის საჩივარი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საფუძვლიანობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 9 ივლისს მიიღო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან ი. ს-ე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მისთვის ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესის შესაბამისად სასამართლო სხდომის დრო, მას გამოუცხადებლობის მიზეზი არ უცნობებია სასამართლოსათვის. რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 ივლისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა იმავე სასამართლოს 2002წ. 14 მაისის ¹2/1132-02 დაუსწრებელი გადაწყვეტილება ი. ს-ისათვის დავალიანების დაკისრების შესახებ. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა «მეწარმეთა შესახებ» კანონის მე-9.4 მუხლი. ამ ნორმის თანახმად დირექტორი წარმოადგენს საზოგადოებას მესამე პირებთან ურთიერთობაში. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირებთან ურთიერთობაში არ შეიძლება შეიზღუდოს. ი. ს-ემ სააპელაციო საჩივართან ერთად სასამართლოს წარუდგინა შპს «კ-ის» ექიმების ხელმოწერილი ცნობა. ეს ცნობა არ არის ხელმოწერილი საზოგადოების დრექტორის მიერ. მართალია, ავადმყოფთან უშუალოდ გამოძახებაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმები იმყოფებიან, მაგრამ გამოძახების შემდეგ ისინი სათანადო ჩანაწერს აკეთებენ ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სწორედ ამ ჩანაწერის საფუძველზე უნდა გაეცა შპს «კ-ის» დირექტორს ორგანიზაციის სახელით სათანადო დოკუმენტი.

დადგენილია, ი. ს-ე არ გამოცხადდა რაიონული სასამართლოში 2002წ. 14 მაისს; ასევე 2002წ. 2 ივლისს, 2003წ. 9 ივლისს. სამივე შემთხვევაში მან სასამართლოს არ აცნობა წინასწარ გამოუცხადებლობის მიზეზი. საკასაციო პალატა თვლის, რომ თუ სამივე შემთხვევაში კასატორი სასამართლო სხდომაზე ვერ ცხადდებოდა ავადმყოფობის გამო, მას შეეძლო სსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად საქმე სასამართლოში ეწარმოებინა წარმომადგენლის მეშვეობით.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410–ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 ნოემბრის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.

ი. ს-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 500 ლარის ოდენობით.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება