ას-172-471-04 4 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა და ალიმენტის დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ვ-ა და ნ. გ-ი 1994 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ი. გ-ი – დაბადებული ... წ. 20 ოქტომბერს და ასმარ გ-ი-დაბადებული ... წ. 6 მარტს. 2002 წლიდან ქ.ვ-სა და ნ.გ-ს შორის ფაქტობრივი ცოლ-ქმრული ურთიერთობა შეწყდა. ქ.ვ- საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან.
ნ. გ-მა ვაჟიშვილი ი. ქ. ვ-ის თანხმობის გარეშე წაიყვანა ქ.ბაქოში თავისი დის ოჯახში საცხოვრებლად.
2003წ. ივლისში ქ. ვ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ-ის მიმართ არასრულწლოვანი შვილის ი. გ-ის აღსაზრდელად გადაცემისა და ალიმენტის გადახდევინების შესახებ, თითოეულ შვილზე ყოველთვიურად 20 ლარის ოდენობით.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. არასრულწლოვანი შვილები აღსაზრდელად გადაეცა ქ. ვ-ს. მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის სახით თითოეულ შვილზე ყოველთვიურად 20 ლარის გადახდა მათ სრუწლოვანებამდე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნ. გ-მა სააპელაციო წესით, იმ საფუძვლით, რომ მშობლებს გააჩნიათ თანაბარი უფლება-მოვალეობანი შვილების მიმართ, მოცემულ შემთხვევაში კი უპირატესობა დედას მიენიჭა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 ნოემბრის განჩინებით მარნეულის რაიონული საამართლოს 2003წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
ნ. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, სარჩელის დაუკმაყოფილებლად დატოვებას.
კასატორი მიუთითებს, რომ ბავშვი დროებით იმყოფებოდა მამიდასათან. ამჟამად თვითონ ვაჟიშვილთან ერთად ცხოვრობს ქ.ბაქოში. ამ გარემოების დასადასტურებლად ნ. გ-ს წარმოდგენილი აქვს ახალი მტკიცებულება. მისი აზრით, დავა განხილული უნდა ყოფილოყო არა მარნეულის რაიონულ სასამართლოში, არამედ ქ. ბაქოს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
ქ. ვ-სა და ნ. გ-ს შორის 2002 წლიდან შეწყვეტილია ფაქტობრივი ცოლ-ქმრული ურთიერთობა. ამ უკანასკნელს შექმნილი აქვს მეორე ოჯახი.
ნ. გ-მა ვაჟიშვილი ი. გ-ი ქ. ვ-სთან შეთანხმების გარეშე წაიყვანა ქ.ბაქოში.
სკ-ის 1201-ე მუხლის შესაბამისად თუ განქორწინების ან სხვა მიზეზის გამო მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდნენ არასრულწლოვანი შვილები. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს სასამართლო შვილების ინტერესების გათვალისწინებით.
ნ. გ-მა ვაჟიშვილი ი. გ-ი ქ. ვ-სთან შეთანხმების გარეშე წაიყვანა ქ.ბაქოში.
სასამართლომ ჩათვალა, რომ ბავშვი, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, აღსაზრდელად უნდა დაუბრუნდეს დედას ქ. ვ-ს.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ნ. გ-მა დაადასტურა ის გარემოება, რომ ბავშვი აღსაზრდელად იმყოფებოდა ქ.ბაქოში მისი დის ოჯახში, ხოლო თვითონ იქ ჩადიოდა პერიოდულად.
საკასაციო პალატა ვერ შეაფასებს ნ. გ-ის მიერ მისი საცხოვრებელი ადგილის შესახებ წარმოდგენილ ახალ მტკიცებულებას. ახალი ფაქტების მოყვანა და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა შესაძლებელი იყო სსკ-ის 380-ე მუხლით განსაზღვრული წესით.
სასამართლომ ჩათვალა, რომ რვა წლის ი. გ-ს მისი ინტერესების გამომდინარე არ უნდა მოჰკლებოდა დედობრივი მზრუნველობა, რის გამო არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
უსაფუძვლოა კასატორის მიერ განსჯადობის თაობაზე გამოთქმული პრეტენზია. საქმე განხილულია სსკ-ის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული განსჯადობის წესების დაცვით. ამავე კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით თავის წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს.
საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ნ. გ-ის მიერ არ ყოფილა წამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.