Facebook Twitter

¹ ას-173-466-04 10 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: უკანონო ნაგებობის აღება (ძირითად სარჩელში); სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიღება, მესაკუთრედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 28 ივლისს ა. დ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ს. ო-ის მიმართ უკანონო ნაგებობის აღების თაობაზე. მან აღნიშნა, რომ მხარეების დედამ – ს. ო-ამ, რომელიც გარდაიცვალა 1995 წელს, 1973წ. შედგენილი ანდერძის თანახმად, მის საკუთრებაში არსებული მთელი ქონება, მათ შორის ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი, უანდერძა ა. დ-ს. ხოლო ს. ო-ს, როგორც უღირს მემკვიდრეს, დედამ არაფერი უანდერძა, რადგან მოსარჩელის განმარტებით, მათ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფასაც, რის გამოც ს. ო-ა საცხოვრებლად თავის ქალიშვილთან გადავიდა.

ს. ო-მა, ჯერ კიდევ დედის სიცოცხლეში, მისი ნებართვის გარეშე, აიშენა სამოთახიანი სახლი სათავსებითა და სარდაფით, სადაც დღემდე ცხოვრობს თავისი ოჯახის წევრებთან ერთად. ერთი წლის წინ მოპასუხემ ა.დ-ს შესთავაზა სარდაფის თავზე ტუალეტისა და სააბაზანოს დაშენება იმ პირობით, რომ ეს მოსახერხებელი იქნებოდა მისი უსინათლო მეუღლისათვის. მოსარჩელეს ნებართვა არ მიუცია, თუმცა ისარგებლა იმით, რომ მოსარჩელე იქ არ ცხოვრობდა და ააშენა ოთახი, რომელმაც დააბნელა მოსარჩელის სამზარეულოს ფანჯარა, დაუზიანა ოთახში შემავალი წყლის მილები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა უკანონო ნაგებობის აღება, რათა მან, როგორც მესაკუთრემ, თავისუფლად ისარგებლოს კუთვნილი ფართით.

ს. ო-მა სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, სადაც აღნიშნა, რომ სამოთახიანი ბინის მშენებლობაზე მას ჰქონდა აღმასკომის ნებართვა და დედის თანხმობა. მოცემული სახლთმფლობელობის ლიტ «ბ»-ში იგი ცხოვრობდა 1970 წლიდან, იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, სახლი დაზღვეულია მის სახელზე. ს. ო-ას გარდაცვალების შემდეგ მთელი სახლთმფლობელობა თვითნებურად გადაიფორმა ა.დ-მა, რითაც დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლება საკუთრებაზე. შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა ს. ო-ას ანდერძის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ვინაიდან ანდერძი დაწერილ იქნა 1973 წელს, ძველი რედაქციის სკ-ის მოქმედებისას. მხარე ამ დროისათვის, კერძოდ, 1970 წლიდან იყო მეორე ჯგუფის ინვალიდი. ამრიგად, სკ-ის (1964წ.) 547-ე მუხლის თანახმად, მას გააჩნდა სავალდებულო წილის მიღების უფლება. ს.ო-მა აღნიშნა, რომ დედის ანდერძის არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა დედის გარდაცვალების შემდეგ, 2001 წელს, რაც ცხადყოფს, რომ მისი მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 170-ე მუხლის I ნაწილითა და 172-ე მუხლის II ნაწილით და მიიჩნია, რომ ს.ო-ს არ გააჩნდა ლიტ «ა»-ზე სადავო მიშენების განხორციელების უფლება, ვინაიდან აღნიშნულით ილახებოდა ა.დ-ის საკუთრების უფლება.

ს.ო-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასამართლომ გაიზიარა მხარის მოსაზრება, იმის შესახებ, რომ ს.ო-მა დედის ანდერძის შესახებ შეიტყო 2001 წელს. ამრიგად, მისი მოთხოვნა დედის დანაშთი ქონებიდან სავალდებულო წილის მიღების შესახებ ხანდაზმულად არ მიიჩნია. რის შედეგად დაკმაყოფილდა ს.ო-ის მოთხოვნა სავალდებულო წილის მიღების შესახებ და ლიტ «ა»-დან გამოეყო პირველის სართულის ¹4 ოთახი 17,10 კვ.მ ფართით, ¹5 შუშაბანდი 4,35 კვ.მ ფართით, აგრეთვე, მის სახელზე აღირიცხა საკუთრების უფლებით აღნიშნულ მისამართზე სახლთმფლობელობის ლიტ «ბ». შეგებებული სარჩელი ანდერძის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ და ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა 2003წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ა. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: პირველი ინსტანციის სასამართლოს 2001წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს.ო-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და იგი ცნობილ იქნა თბილისში, ... მდებარე ლიტ «ბ»-ს მესაკუთრედ.

ს.ო-ს უარი ეთქვა იმავე მისამართზე არსებული ლიტ «ა» შენობაში სავალდებულო წილის მიკუთვნებაზე, ხოლო მისი შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ო-ას სამკვიდროს წარმოადგენდა თბილისში, ... არსებული სახლთმფლობელობა, რომლის გარკვეული ნაწილი წარმოადგენდა უკანონო ნაგებობას.

ა.დ-მა 1996 წელს, დედის გარდაცვალების, შემდეგ მიიღო ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა და მთლიანი სახლთმფლობელობა აღირიცხა მის სახელზე.

სახლთმფლობელობის ლიტ «ბ» ნაგებობა უკანონოა, რის გამოც იგი არ წარმოადგენდა სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს და, შესაბამისად, არც სამკვიდროში შედიოდა. ლიტ «ა»-ს ნაწილი წარმოადგენდა კანონიერ ნაგებობას და შედიოდა სამკვიდრო მასაში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და თავად მოპასუხე ს.ო-ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ იგი დედის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონებას არ დაუფლებია ანუ მის მიერ გაშვებულია სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლით დადგენილი სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა. აღნიშნული კი წარმოადგენს სავალდებულო წილის მიკუთვნების აუცილებელ პირობას. ამრიგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელი სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის მიღების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ა.დ-მა ლიტ «ბ» ნაგებობაზე ს.ო-ის საკუთრების უფლება ცნო, რის გამოც საოლქო სასამართლომ სსკ-ის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ს.ო-ის შეგებებული სარჩელი ამ ნაწილში დააკამაყოფილა.

რაც შეეხება ს.ო-ის შეგებებულ სააპელაციო საჩივარს უკანონო ნაგებობის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

ა.დ-ი წარმოადგენს ... არსებული სახლთმფლობელობისა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს.

სკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, თუ ხეყყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ ლიტ «ა»-ზე წარმოებული უკანონო მიშენებით შეილახა მესაკუთრის, ა.დ-ის, აბსოლუტური უფლება, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით. ამრიგად, საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა მესაკუთრის უფლება, რის გამოც გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.ო-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლომ უარი უთხრა დედის დანაშთი ქონებიდან სავალდებულო წილის მესაკუთრედ ცნობაზე და მიიღო გადაწყვეტილება მის მიერ აშენებული ოთახის მონგრევის თაობაზე.

საკასაციო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მან დედის ანდერძის შესახებ არ იცოდა და გაიგო მხოლოდ 2001 წელს, რასაც არ ურყოფს მისი და _ ა.დ-ი. მიაჩნია, რომ მას არ დაურღვევია ხანდაზმულობის ვადა.

კასატორმა მიუთითა, რომ საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 130-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, მის მიერ წილის მოთხოვანა სამართლიანია. სააპელაციო სასამართლომ, აგრეთვე, არ გამოიყენა სკ-ის 547-ე მუხლი, რომლის თანახმად, კასატორს, როგორც მე-2 ჯგუფის ინვალიდს, ეკუთვნის დედის დანაშთი ქონების არანაკლებ 2/3.

ს.ო-ამა აღნიშნა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ მან ააშენა ლიტ «ა» შენობის ¹4-ე ოთახის უკანა კედელი, რის შედეგად ფართი გაიზარდა. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა ლიტ «ა» შენობის სარდაფზე, რომელიც, აგრეთვე, მის მიერ არის აშენებული. ამდენად, ს.ო-ს მიაჩნია, რომ მას აქვს უფლება, მოითხოვოს სადავო ფართის მესაკუთრედ ცნობა, რადგან აღნიშნული გააფართოვა თავისი სახსრებით.

კასატორი თვლის, რომ სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ის არსებითი გარემოება, რომ მას დაძაბული ურთიერთობა აქვს ყოფილ მეუღლესთან და ვაჟიშვილთან, რომლებიც ცხოვრობენ ლიტ «ბ» შენობაში. ამრიგად, კასატორის ერთადერთი საცხოვრებელი ფართი სწორედ სადავო ოთახებია.

რაც შეეხება სადავო კედლის მონგრევას, კასატორის განმარტებით, აღნიშნული კედელი არ უბნელებს მის დას ბინას, რასაც ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას არ გაუშვია სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადა. დადგენილია, რომ მამკვიდრებელი გარდაიცვალა 1995 წელს. სკ-ის (1964წ.) 556-ე მუხლით, იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. სამკვიდრო კი მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში, სამკვიდროს გახსნის ადგილას, განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით აღნიშნული მოქმედება შესრულებულ უნდა იქნეს 6 თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია (თვით მოპასუხის ახსნა-განმარტებით), რომ იგი სამკვიდრო ქონებას არ დაუფლებია და არც ნოტარიუსისათვის მიუმართავს კანონით დადგენილ ვადაში. ის გარემოება, რომ მან 2001 წელს შეიტყო ანდერძის არსებობის შესახებ, არ იწვევს ხანდაზმულობის ვადის ამ დროიდან ათვლის შესაძლებლობას, რადგან ს. ო-ი ფაქტობრივად არ დაუფლებია სამკვიდროს. ხანდაზმულობის ვადა იმ შემთხვევაში შეიძლება გამოთვლილიყო 2001 წლიდან, თუ სავალდებულო წილის უფლების მქონე მემკვიდრე ამ შემთხვევაში ფაქტობრივად დაეუფლებოდა სამკვიდრო ქონებას. პალატა არ იზიარებს ასევე კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 557-ე მუხლი. სასამართლო აღნიშნული ნორმის საფუძველზე სამკვიდროს მიღების გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე ვერ იმსჯელებდა, რადგან ს. ო-ი ამ ვადის აღდგენას არ ითხოვდა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, კერძოდ, ა. დ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგი გარემოებების გამო:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ს. ო-ი მესაკუთრედ იქნა ცნობილი თბილისში, ... მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ლიტერ «ბ“-ზე, კანონიერ ძალაშია შესული, რადგან გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ გასაჩივრებულა. ამდენად, ს. ო-ს სკ-ის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთი, შენობის ნაწილი და ის ნაგებობა-დანადგარები, რომლებიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას, ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. დ-ის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სკ-ის 170-ე, 172-ე მუხლების გამოყენება დაუსაბუთებელია, რის გამოც გადაწყვეტილება ამ ნაწილში სსკ-ის 394-ე მუხლის «ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა გაუქმდეს.

საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შეამოწმოს სკ-ის 208-232-ე მუხლებით დადგენილი წესების შესაბამისად და ისე მიიღოს სარჩელზე გადაწყვეტილება. სასამართლომ უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებანი თანამესაკუთრის მხრიდან ხელშეშლის არსებობის თაობაზე. (219-ე მუხლის I ნაწილი).

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. ო-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს ა. დ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.