Facebook Twitter

საქმე # 010142220700121637

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№79აგ-20 3 ივნისი, 2021 წელი

ს. ს., 79აგ-20 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ს- ს ადვოკატ ს. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ს-ს ადვოკატმა ს. ხ-მა, რომელიც ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ს. ს-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლებას; კასატორის მითითებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განაჩენით ს. ს. მსჯავრდებულია 0,00011 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ უკანონო შეძენა-შენახვისათვის. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №... დასკვნით დადგენილია, რომ ,,ჰეროინის“ მინიმალური თერაპიული დოზა - 0,002 გრამი თითქმის ოცჯერ აღემატება ს. ს-საგან ამოღებული ,,ჰეროინის“ ოდენობას, ხოლო იმის დადგენა, ნარკოტიკის ზემოაღნიშნული ოდენობა გამოსადეგია თუ არა მოსახმარად და შეუძლია თუ არა ნარკოგენული ეფექტის გამოწვევა, არ საჭიროებს სპეციალურ ცოდნას; დაცვის მხარის მიერ დამატებით ჩატარებული ექსპერტიზის №... დასკვნით დასტურდება, რომ 0,00011 გრამი ,,ჰეროინი“ და 0,000013 გრამი ,,მორფინი“ არ შეესაბამება გამოყენებისათვის ვარგის დოზას და არც მათ ნარევს შეუძლია ნარკოტიკული თრობის ეფექტის გამოწვევა.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განაჩენით ს. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 3 წელი, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი; მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის თანახმად, ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 6 თვით; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები - 5 წლით; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები - 10 წლით.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ს-მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

Ø 2019 წლის 6 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, გ.... მიმდებარე ტერიტორიაზე, ს. ს. პირადად უკანონოდ ინახავდა ასევე უკანონოდ შეძენილ 0,00011 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“.

4. 2020 წლის 24 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ს. ს-ს ადვოკატმა ს. ხ-მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის №1/19/1265,1318 განჩინების საფუძველზე მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განაჩენის გადასინჯვა და ს. ს-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ს. ს- ს პირადი ჩხრეკისას ამოუღეს ე.წ. ,,ინსულინის“ შპრიცი, რომელშიც მოთავსებული სითხე ქიმიური ექსპერტიზის №.... დასკვნით შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალებებს - 0,00011 გრამ ,,ჰეროინსა“ და 0,000013 გრამ ,,მორფინს (ფუძეს)“. სააპელაციო სასამართლოში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №..დასკვნასთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის, გ. მ-ს ჩვენების თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ მინიმალური თერაპიული დოზა მერყეობს - 2 მგ-დან (0,002გრამი) 5 მგ-ის (0,005 გრამი) ჩათვლით და მკვეთრად არის დამოკიდებული ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებზე, როგორიცაა - მოხმარების გზა (ინტრავენურად, ინტრამუსკულარულად, პერორალურად, ნაზალურად და სხვა) და პიროვნების ინდივიდუალური თავისებურებები; ექსპერტის განმარტებით, იმის დასადგენად, ნარკოტიკული საშუალებების - 0,00011 გრამი ,,ჰეროინისა“ და 0,000013 გრამი ,,მორფინის (ფუძე)“ ნარევი გამოსადეგია თუ არა მოსახმარად და ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების ნარევი მოახდენდა თუ არა ნარკოგენულ ეფექტს, საჭიროებს დამატებით კვლევას, რისი მხედველობაში მიღებითაც, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - ნარკოლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნითა და ექსპერტ გ. მ- ს ჩვენებით შეუძლებელია იმის დადგენა, ნარკოტიკული საშულებების ნარევი, რომელიც ს. ს-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, ნამდვილად იყო თუ არა მოსახმარად გამოუსადეგარი და შეეძლო თუ არა ნარკოგენული ეფექტის მოხდენა, რისი გათვალისწინებითაც, ს. ს-ს მსჯავრდებაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის №1/19/1265,1318 განჩინებამ გავლენა ვერ იქონია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის №1/19/1265,1318 განჩინებით საქმეზე ,,ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვები „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა: წარმოადგენს თუ არა ესა თუ ის ქმედება ნარკოტიკული საშუალების მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით შეძენა-შენახვას, უნდა დადგინდეს კონკრეტული საქმის გარემოების ინდივიდუალური შეფასების შედეგად. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარის და საქმის განმხილველი სასამართლოს (სათანადო ცოდნის მქონე სპეციალისტის დახმარებით) შესაფასებელია, წარმოადგენს თუ არა აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება/ნარკოტიკულ საშუალებათა ნარევი მოსახმარად გამოსადეგ ოდენობას. სწორედ საერთო სასამართლოს შეუძლია, სათანადოდ დაიცვას და აღასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტი, რომელიც გამორიცხავს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას მოსახმარად გამოუსადეგარი ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვისათვის (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის №1/4/557,571,576 №1/19/1265,1318 განჩინება საქმეზე ,,ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II -23). ამასთან, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარევი შეიცავს ორ ან რამდენიმე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას, ოდენობა განისაზღვრება იმ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით, რომლის უკანონო ბრუნვისათვის (დადგენილი ოდენობით) გათვალისწინებულია სასჯელის უფრო მკაცრი ზომა. ამავე კანონის მე-3 მუხლის „ო“ პუნქტის თანახმად, ნარევი ესაა ნებისმიერ ფიზიკურ მდგომარეობაში არსებული, უკანონოდ დამზადებული, ნებისმიერი სახეობის, ფორმისა და შემცველობის ნაზავი, რომელიც შეიცავს ერთ ან ერთზე მეტ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას. დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებისგან შემდგარი ნარევის (მაგ., „ეფედრას ვინტი“) ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება არა თავად ნარევის, არამედ მასში შემავალი იმ ნარკოტიკული საშუალების ოდენობა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია სასჯელის უფრო მკაცრი ზომა (იხ.: ზემოაღნიშნული ,,ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II -19). როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მთელ რიგ ნარკოტიკულ საშუალებებს (მაგ., ამფეტამინს, მეტამფეტამინს) არ გააჩნია მცირე და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები და მათი ნებისმიერი ოდენობა (გარდა განსაკუთრებით დიდი ოდენობისა) წარმოადგენს დიდ ოდენობას. დასახელებული ნარკოტიკული საშუალებების ნარევში აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი ქმედების დაკვალიფიცირება მოხდება სწორედ ამ ნარკოტიკული საშუალების ოდენობაზე გადაანგარიშებით (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ნარევი შეიცავს სხვა აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერების განსაკუთრებით დიდ ოდენობას), განურჩევლად იმისა, წარმოადგენს თუ არა ამ ცალკე აღებული, კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა მოსახმარად, ნარკოგენული ეფექტის მისაღწევად საკმარის ოდენობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნარევში არსებული წამყვანი ნარკოტიკული საშუალების გამოუსადეგარი ოდენობა ავტომატურად არ მიანიშნებს ნარევის გამოუსადეგარობაზეც (იხ.: ზემოაღნიშნული ,,ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II -20).

4. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას, სასამართლოსთვის დაცვის მხარის მიერ წარდგენილი, სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის №... დასკვნითა და ექსპერტ გ. მ-ს ჩვენებით სარწმუნოდ ვერ დადგინდა, წარმოადგენდა თუ არა ს. ს-საგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ნარევი მოსახმარად გამოსადეგ ოდენობას და შეეძლო თუ არა ნარკოგენული ეფექტის გამოწვევა და, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განაჩენი, იყო მართებული.

5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საკასაციო საჩივარში დაცვის მხარის მიერ მითითებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №... ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც - ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ მინიმალური თერაპიული დოზა მერყეობს 2 მილიგრამიდან 5 მილიგრამის ჩათვლით და მკვეთრად არის დამოკიდებული ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებზე, როგორიცაა - მოხმარების გზა (ინტრავენურად, ინტრამუსკულარულად, პერორარულად, ნაზალურად და სხვა.) და პიროვნების ინდივიდუალური თავისებურებები. 0,00011 გრამი (0,11 მგ.) ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ არ შეესაბამება გამოყენებისათვის ვარგის დოზას; ნარკოტიკული საშუალება ,,მორფინის“ მინიმალური თერაპიული დოზა მერყეობს 3 მილიგრამიდან 10 მილიგრამის ჩათვლით და მკვეთრად არის დამოკიდებული ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებზე, როგორიცაა მოხმარების გზა (ინტრავენურად, ინტრამუსკულარულად, პერორარულად, ნაზალურად და სხვა.) და პიროვნების ინდივიდუალური თავისებურებები. 0,000013 გრამი (0,013 მგ.) ნარკოტიკული საშუალება ,,მორფინი“ არ შეესაბამება გამოყენებისათვის ვარგის დოზას; 0,00011 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინისა“ და 0,000013 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მორფინის (ფუძის)“ ნარევის მოხმარება არ გამოიწვევს ნარკოტიკული თრობის ეფექტს - გაცემულია 2020 წლის 3 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სისხლის სამართლის საქმის განხილვის, მტკიცებულებების გამოკვლევისა და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საკასაციო სასამართლოს კი არ გააჩნია მტკიცებულებების გამოკვლევის სამართლებრივი მექანიზმი.

6. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი დაცვის მხარეს სხვა სამართლებრივი არგუმენტაციით აქვსს გასაჩივრებული, საკასაციო სასამართლო უნდა გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს, რათა თავიდან აიცილოს უდანაშაულო პირის მსჯავრდება, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

8. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან გამაუქმებელი კანონის უკუძალით გამოყენების კონსტიტუციურ დებულებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადება ადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და გამაუქმებელი კანონის უკუძალით გავრცელებისთვის კონსტიტუციურ საფუძველს. მართალია, ის არ ბოჭავს ხელისუფლებას ისეთივე აბსოლუტური, უპირობო ვალდებულებით, როგორსაც წარმოადგენს ამავე ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამდგენი ან დამამძიმებელი კანონის უკუძალით გავრცელების აკრძალვა, მაგრამ ნამდვილად დამატებით ზღუდავს სახელმწიფოს თავისუფალი მიხედულების ფარგლებს პრინციპით - არ მოხდეს ადამიანის თავისუფლებაში ჩარევა მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა არ/აღარ არსებობს და იმაზე უფრო მკაცრად, ვიდრე ეს ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული ლეგიტიმური მიზნების დასაცავად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II -71). როდესაც ხდება ქმედების დეკრიმინალიზაცია ან სასჯელის შემსუბუქება, საფუძველი ეცლება გარკვეული დროით ადრე ჩადენილი იმავე ქმედებისთვის პასუხისმგებლობის ან უფრო მკაცრი პასუხისმგებლობის დაკისრებას... პირმა პასუხი უნდა აგოს რეალურად საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩადენისთვის, ამასთან, იმ წესითა და ფარგლებში, რაც ობიექტურად აუცილებელი და საკმარისია კონკრეტული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნების მისაღწევად (იხ.: ზემოაღნიშნული ,,საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II - 64).

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განაჩენით ს. ს. მსჯავრდებულია 0,00011 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ უკანონო შეძენისა და შენახვისათვის. აღსანიშნავია, რომ ამ დანაშაულის ჩადენის დროს - 2019 წლის 6 მაისს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ის 189-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად მითითებული იყო - 0,2 გრამამდე ოდენობა (მითითებული ოდენობის ჩათვლით) და, შესაბამისად, ს. ს- ს ქმედებაში გამოკვეთილი იყო დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის - შემადგენლობა.

10. 2021 წლის 5 მარტის 324-IVმს-Xმპ კანონით, რომელიც ძალაში შევიდა 2021 წლის 9 მარტს, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ის 189-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად განისაზღვრა - 0,005 გრამზე მეტი - 0,2 გრამამდე ოდენობა (მითითებული ოდენობის ჩათვლით).

11. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ახალი კანონის თანახმად, 0,00011 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რომლის უკანონო შეძენისა და შენახვისათვისაა მსჯავრდებული ს. ს- , ვერ აღწევს ამ ნარკოტიკული საშუალებისათვის დადგენილ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას, მის ქმედებაში აღარ არის გამოკვეთილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა და, შესაბამისად, ს. ს--ს მსჯავრდება მოკლებულია მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი უნდა გაუქმდეს და ს. ს- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უნდა გამართლდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით, 314-ე მუხლის პირველი, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ს. ს.-ს ადვოკატ ს. ხ- ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი;

3. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განაჩენი;

4. ს. ს. გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

5. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი