Facebook Twitter

საქმე # 010141319700080283

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №69აგ-20 თბილისი

ქ. გ., 69აგ-20 1 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ქ-ს (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2--- წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილბით გ. ქ. , - დაბადებული 1--- წლის 5 აპრილს, პ/ნ ..., - გახდა გ... ქ..--) ადვოკატ დ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ქ- ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ- ხ- მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი; კასატორი აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გ. ქ- ს მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე ,,ქართველიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივრის №17716/08, რომლითაც სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი და მე-3 პუნქტის (d) ქვეპუნქტი იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო სასამართლო პროცესს დასწრებოდნენ მისი მოწმეები იმავე პირობებში, როგორშიც იყვნენ მისი მოწინააღმდეგე მხარის მოწმეები; კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ განაჩენის გამოტანიდან გასული იყო თითქმის 12 წელი, დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა მოწმე ა. ი.-ს გამოკითხვის ოქმი; სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ ეს მოწმე არ იმყოფებოდა საქართველოში და არსებობდა რისკი იმისა, რომ დაცვის მხარისათვის უცნობი გახდებოდა მისი ადგილსამყოფელი, თუმცა, მიუხედავად ამისა, 2019 წლის 15 აპრილს სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენიდან 2019 წლის დეკემბრამდე არ ჩატარებულა არცერთი სასამართლო სხდომა და პროცესის გადადების მიზეზი არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა მხოლოდ დაცვის მხარე; რაც შეეხება დანარჩენ მოწმეებს, რომელთა დაკითხვასაც ითხოვდა გ. ქ. 2007 წელს, ერთი - გარდაცვლილია, ხოლო დანარჩენები არ იმყოფებიან საქართველოში და მათი მოძებნა ვერ მოხერხდა, ვინაიდან მათ ერთმანეთთან არ ჰქონიათ რაიმე მყარი კავშირი, ისინი არ ყოფილან ერთმანეთის მეგობრები ან ნათესავები, არამედ მათი ურთიერთობა შემოიფარგლა დროის გარკვეულ მონაკვეთში ერთ საკანში ყოფნით; გ. ქ- ს მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მას არანაირი აკრძალული საგანი არ ჰქონია, არც ის და არც მისი თანასაკნელები ჩხრეკას არ დაასწრეს და ჩხრეკის დროს არანაირი ოქმი არ შედგენილა, გადაწყვეტილებაში აისახა მხოლოდ ფაქტის სახით, თუმცა სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რა ნაწილში არ გაიზიარა გ. ქ-ს ჩვენება ან რატომ? სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებზე, რომლებიც საფუძვლად დაუდო გამამტყუნებელ განაჩენს - სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა წინააღმდეგობრივ ჩვენებებსა და ვიდეომასალაზე, რომლითაც არ დასტურდებოდა საკანში დანის აღმოჩენის ფაქტი; სააპელაციო სასამართლომ ყოველლგვარი არგუმენტაციის გარეშე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებლებები საკმარისი იყო გ. ქ- სათვის წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად.

2. საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორებმა - ანრი არსენიშვილმა და შოთა კაკულიამ საკასაციო შესაგებლით ითხოვეს, რომ გ. ქ-ს ადვოკატ დ. ხ- ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია, დაცვის მხარეს მიეცა გონივრული ვადა, რათა სასამართლოში წარმოედგინა ახლად გამოვლენილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად, თუმცა, გარდა თავად გ. ქ-სა, სასამართლოში არ დაკითხულა არცერთი მოწმე და არ გამოკვლეულა არცერთი ახალი მტკიცებულება; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით გიორგი ქართველიშვილის საქმეზე დადგინდა დაცვის მხარის უფლების დარღვევა, დაეკითხათ მათი მოწმეები ბრალდების მხარის მოწმეთა თანაბარ პირობებში; ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სააპელაციო სასამართლომ უზრუნველყო დარღვეული უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელი ყველანაირი პირობა, კერძოდ, საქმის განხილვა მიმდინარეობდა თითქმის ერთი წლის განმავლობაში და ჩანიშნული არაერთი პროცესის მიუხედავად, დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მოწმე; კასატორი განაჩენს ასაჩივრებს მისი უკანონობისა და დაუსაბუთებლობის გამო, თუმცა, ერთი მხრივ, ვერ ასაბუთებს, რაში გამოიხატება მისი უკანონობა, ხოლო, მეორე მხრივ, დაუსაბუთებლობის მოტივით გადაწყვეტილების საკასაციო გასაჩივრებას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 მარტის განაჩენით გ. ქ. , - დაბადებული 1--- წლის 5 აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2007 წლის 1 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვლა 2007 წლის 1 მარტიდან; მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2007 წლის 12 თებერვლიდან 2007 წლის 1 მარტამდე; საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი საგნების ბედი გადაწყდა შემდეგნაირად: დანა უნდა განადგურებულიყო, ხოლო ვიდეოფირი - დართვოდა სისხლის სამართლის საქმეს.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ქ-მა ჩაიდინა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნების შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით გ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდის პერიოდში მან კვლავ ჩაიდინა დანაშაული და ქ. რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნულის შემდეგ, 2006 წლის 6 იანვარს, გ. ქ. მოათავსეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- საპყრობილის №- საკანში, სადაც განიზრახა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული საგნის შენახვა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და დაუდგენელი პირისგან შეიძინა შავტარიანი ფოლადის დანა, დანის პირზე წარწერით „სპიდერსო ატს-55“, რომელსაც ინახავდა საკანში. 2006 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 19:30 საათზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- საპყრობილის №- საკანში, ამავე დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს მოულოდნელი შემოწმება-დათვალიერება, რა დროსაც გ. ქ-სათვის განკუთვნილ საწოლზე მოთავსებული ლეიბის ქვეშ აღმოაჩინეს შავტარიანი, ფოლადის დანა, დანის პირზე წარწერით - „სპიდერსო ატს-55“, რაც, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ამოიღეს და ადგილზე დალუქეს

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება; გ. ქ. - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2007 წლის 1 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2007 წლის 12 თებერვლიდან; საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი საგნების ბედი გადაწყდა შემდეგნაირად: დანა და ვიდეოფირი უნდა განადგურებულიყო.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 თებერვლის განჩინებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება; განაჩენიდან ამოირიცხა მითითება საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ვიდეოფირის განადგურების თაობაზე და იგი დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნა საქმის შენახვის ვადით; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

7. 2019 წლის 15 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა სასჯელმოხდილ გ. ქ- ს ადვოკატმა დ. ხ- მ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების საქმეზე ,,ქართველიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივრის №17716/08 საფუძველზე, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 თებერვლის განჩინების გადასინჯვა და გ. ქ- ს უდანაშაულოდ ცნობა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განაჩენით სასჯელმოხდილ გ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხ- ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრისა და შესაგებლის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება.

3. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებით საქმეზე: ქართველიშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Kartvelishvili v. Georgia), no. 17716/08, ECHR 2018, დასაშვებად ცნო კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის (d) ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი საჩივარი იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო, სასამართლო პროცესს დასწრებოდნენ მისი მოწმეები იმავე პირობებში, როგორშიც იყვნენ მისი მოწინააღმდეგე მხარის მოწმეები და დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი და მე-3 პუნქტის (d) ქვეპუნქტი.

4. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოცემულ საქმეზე მიიჩნია, რომ ეროვნული სასამართლოების დაუსაბუთებელმა უარმა, მოესმინათ მომჩივნის მოწმეების ჩვენებები, ამ უკანასკნელს წაართვა მის ხელთ არსებული ერთადერთი შესაძლებლობა, ეფექტურად გაეპროტესტებინა მისთვის წაყენებული ბრალდების საფუძველი. რაც შეეხება მთავრობის მიერ აღნიშნულ დანარჩენ მტკიცებულებებს - ვიდეოჩანაწერსა და მომჩივნის საკნის ჩხრეკის წერილობით ოქმს, ასევე დანის ამოღებას - ეს ორი საგანი არ წარმოადგენდა არანაირ დამატებით, დამოუკიდებელ, პირდაპირ მტკიცებულებას და, აქედან გამომდინარე, არ იყო საკმარისი მომჩივნის დადანაშაულებისთვის და ამდენად, გავლენას ვერ მოახდენდა პროცესის საერთო სამართლიანობის შეფასებაზე (განსხვავებით mutatis mutandis, საქმისგან - დოროხოვი, №66802/01, §§74-75 და საქმისგან - პოლიაკოვი, №77018/01 §36). საბოლოო ჯამში, მომჩივნის გასამართლებასთან დაკავშირებული საფუძვლების სათანადოდ გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნული სასამართლოების უარმა, დაეკითხათ დაცვის მოწმეები იმის გათვალისწინების გარეშე, რომ მათ მიერ მიცემული ჩვენებები შეიძლება მნიშვნელოვანი ყოფილიყო, სასამართლო პროცესი მთლიანობაში გახადა უსამართლო და შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი და მე-3 პუნქტის (d) ქვეპუნქტი (იხ. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება Kartvelishvili v. Georgia, §64-65).

5. საკასაციო სასამართლო იშველიებს, ერთი მხრივ, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) დასკვნას №9 ,,საერთაშორისო და ევროპული სამართლის ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფის საქმეში ეროვნული მოსამართლეების როლის შესახებ“, რომელშიც აღნიშნულია ეროვნული სასამართლოების მოსამართლეთა როლი და მოწოდება, რათა მოსამართლეებმა შეძლებისდაგვარად გამოიყენონ ყველა არსებული რესურსი კანონის განარტების პროცესში ან არსებული საპროცესო სამართლის ფარგლებში ისე, რომ: ა) მოხდეს საქმეების წარმოების განახლება, თუ კონვენცია დაირღვა და ბ) დარღვევების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დადგინდეს კომპენსაცია (იხ.: ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) დასკვნა №9 ,,საერთაშორისო და ევროპული სამართლის ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფის საქმეში ეროვნული მოსამართლეების როლის შესახებ“ §49), ხოლო, მეორე მხრივ, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) დასკვნას №13 ,,სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებაში მოსამართლეთა როლის შესახებ“, რომელიც, თავის მხრივ, მიუთითებს №9 დასკვნაზე და ხაზს უსვამს, რომ საბჭოს მიერ საგანგებოდ არის განსაზღვრული, თუ როგორ უნდა უზრუნველყოფდეს მოსამართლე ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან შესაბამისობას (იხ.: ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) დასკვნა №13 ,,სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებაში მოსამართლეთა როლის შესახებ“, §48).

6. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: როდესაც სასამართლოში წარდგენილია შუამდგომლობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, მეტად მნიშვნელოვანია, სასამართლოებმა გულდასმით გააანალიზონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული დასკვნები და გააცნობიერონ, რომ ეროვნულ დონეზე საქმეთა გადასინჯვა სახელმწიფოს მიერ გატარებული ყველაზე ეფექტური ინდივიდუალური ღონისძიებაა დარღვეული უფლების გამოსასწორებლად და პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად (Restitutio in integrum).

7. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ქართველიშვილის საქმეზე დაასკვნა, რომ ისეთ გარემოებებში, როდესაც მომჩივნისთვის წაყენებული ბრალდება ეფუძნებოდა ციხის საკანში მის მიერ აკრძალული საგნის ფლობის ვარაუდს, ამ უკანასკნელის სურვილი, მოესმინათ მისი თანამესაკნეების ჩვენებებისთვის, სხვა არაფერი იყო, თუ არა მისი საფუძვლიანი მცდელობა, ეფექტური გზით ეჭვქვეშ დაეყენებინა ეს მნიშვნელოვანი ვარაუდი (შეადარეთ, mutatis mutandis, ზემოთ ხსენებული პოპოვი, §183, და ზემოთ ხსენებული ტოპიჩი, §§43 და 45). ეს განსაკუთრებით ეხება მომდევნო სამ ფაქტს, რომლებმაც საერთო ჯამში, ეჭვქვეშ დააყენეს სასამართლო პროცესის სამართლიანობა. პირველ რიგში, ბრალდების მოწმეებმა, ციხის თანამშრომლებმა, რომლებმაც მომჩივნის საკნის ჩხრეკა ჩაატარეს, მისცეს აშკარად ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები დასაკეცი დანის აღმოჩენასთან დაკავშირებული ზუსტი გარემოებების შესახებ. მეორე მხრივ, პროცესის დროს პროკურორმა თვითონ აღიარა, რომ ჩატარებული ჩხრეკის ვიდეოჩანაწერი დარწმუნებით ვერ ადგენდა, აღნიშნული დასაკეცი დანა მომჩივნის საწოლში იქნა ნაპოვნი თუ არა (იხილეთ §§ 17 და 18 ზემოთ). და ბოლოს, გამოკვეთილი იყო აშკარა შეუსაბამობა ზემოთ ხსენებულ ვიდეოჩანაწერსა და ჩხრეკის ოქმს შორის, რომლის თანახმად, ჯიბის დანა საწოლზე არსებული ლეიბის ქვეშ იპოვეს (იხ. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება Kartvelishvili v. Georgia, §63).

8. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო შეაფასებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმსჯელებს, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას, რამდენად გულდასმით განიხილა სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, აკმაყოფილებდა თუ არა მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო უტყუარობის სტანდარტს და გაითვალისწინა თუ არა ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ დარღვევის დამდგენ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნები.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენის მოტივაციაში აღნიშნა, რომ დაცვის მხარეს, გარდა გ. ქ-- ს ჩვენებისა, რომელიც საქმის არსებითი განხილვისას ისედაც არ ცნობდა თავს დამნაშავედ, არ წარმოუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება (მტკიცებულებები), რომელიც განაჩენის გადასინჯვის პროცესში სააპელაციო სასამართლოს შეფასებისა და განსჯის საგანი გახდებოდა და რომელიც საფუძვლად დაედებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გ. ქ- ს ჩვენება იმასთან მიმართებით, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და სასჯელის მოხდისას საკანში დანა არ შეუნახავს და მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების - ა. ს- ს, გ. --ს, გ. ს-ს, მ-. ღ-ს (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების თანამშრომლები) ჩვენებების, ამოღების ოქმის, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, №- საკანში ჩატარებული შემოწმება - დათვალიერების დროს გადაღებული ვიდეოფირის - შეფასებისა და გაანალიზების შედეგად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ. ქ-მ ნამდვილად ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

10. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

11. სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ შეაფასა და გააანალიზა საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების - ა. ს-ს, გ. ს-ს, გ. ს-ს, მ. ღ- ს (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების თანამშრომლები) ჩვენებები, ამოღების ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, №- საკანში ჩატარებული შემოწმება - დათვალიერების დროს გადაღებული ვიდეოფირი, რომელთა უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გასჩენია და რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნია გ. ქ-ს ბრალეულობა. ამასთან, ყურადსაღებია, რომ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ მიმოიხილა იმ მტკიცებულებების შინაარსობრივი მხარე, რომლებიც საფუძვლად დაუდო გამამტყუნებელ განაჩენს, არ დაასაბუთა, ერთი მხრივ, რატომ უარყო გ. ქ- ს ჩვენება, ხოლო, მეორე მხრივ, რატომ გაიზიარა უპირობოდ მისი მამხილებელი მტკიცებულებები და არ იმსჯელა, რატომ მიიჩნია, რომ არ იყო გამოკვეთილი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სამხილების უტყუარობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი, მითუფრო, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ იყო მითითებული, რომ, ერთი მხრივ, ბრალდების მოწმეებმა, ციხის თანამშრომლებმა, რომლებმაც მომჩივნის საკნის ჩხრეკა ჩაატარეს, მისცეს აშკარად ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები დასაკეცი დანის აღმოჩენასთან დაკავშირებული ზუსტი გარემოებების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, აშკარა იყო შეუსაბამობა №- საკანში ჩატარებული შემოწმება - დათვალიერების ამსახველ ვიდეოჩანაწერსა და ჩხრეკის ოქმს შორის, რომლის თანახმად, ჯიბის დანა საწოლზე არსებული ლეიბის ქვეშ იპოვეს (იხ. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება Kartvelishvili v. Georgia, §63).

12. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. ქ-მ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2006 წლის 8 აგვისტოს საღამოს, იყო სასჯელაღსრულების №- დაწესებულების №- საკანში, როდესაც დაახლოებით 15-20 ადამიანი შევიდა მათთან და იგი, დანარჩენ შვიდ თანამესაკნესთან ერთად გაიყვანეს დერეფანში და კედლისკენ სახით დააყენეს, რის შემდეგაც სათითაოდ დააბრუნეს საკანში, სადაც ვიდეოკამერის თვალწინ ეკითხებოდნენ, რომელი იყო მათი საწოლი. დაახლოებით ორ დღეში გამომძიებელმა უთხრა, რომ მას დანა აღმოუჩინეს და მის მიმართ საქმე იყო აღძრული. დანა, რომლის შენახვასაც მას აბრალებდნენ, პირველად სასამართლოში ნახა. მას მალე უწევდა საპატიმროდან გათავისუფლება და ვარაუდობს, რომ ამ მიზეზით დააბრალეს არჩადენილი დანაშაული.

14. საკასაციო სასამართლომ მიმოიხილა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ საფუძვლად დაუდო გ.ქ- ს მსჯავრდებას, რათა დაედგინა, თუ რა გარემოებების უტყუარად დადასტურების შესაძლებლობას იძლეოდა გ. ქ- ს ჩვენების საპირწონედ მითითებული სამხილები და აკმაყოფილებდა თუ არა მათი ერთობლიობა ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს და მიიჩნევს, რომ მოწმეების - ა- ს-ს, გ. ს-სა და მ. ღ- ს ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ გ. ქ- ს საკანში ჩატარებულ შემოწმება-დათვალიერებას, ურთიერთსაწინააღმდეგოა სწორედ მტკიცების საგანთან მიმართებით, ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტს და შეუძლებელია ამ მტკიცებულებების მხედველობაში მიღებით სასამართლომ სარწმუნოდ დაადგინოს ფაქტები და მითუფრო - საფუძვლად დაუდოს ისინი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

- მოწმე ა. ს. ს განმარტებით, შემოწმება-დათვალიერებისას საწოლში იპოვეს შავტარიანი დანა, რომელიც გადმოვარდა. დანა ,,ადიელასა“ და ზეწარს შორის იყო; მოსამართლის შეკითხვაზე მოწმემ დააზუსტა, რომ დანა ,,ადიელასა“ და ლეიბს შორის იყო.

- მოწმე გ. ს. ს მტკიცებით, დანა ლეიბსა და ზეწარს შორის იყო შენახული;

- მოწმე მ. ღ- ს მითითებით, ლეიბი რომ გადმოიღეს, ჩამოვარდა დანა;

- მოწმე ა. ს-ს ჩვენებით, დანა უფრო ფეხებისკენ იყო;

- მოწმე გ. ს- ს მითითებით, დანა იყო ბალიშისკენ, უფრო თავთან.

15. ამდენად, მოწმეების - ა. ს- -ს, გ. ს- სა და მ. ღ-ს ჩვენებები, რომლებიც საფუძვლად დაედო გ. ქ--ს მსჯავრდებას, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტებთან მიმართებით, რომელიც შეეხება სწორედ მტკიცების საგანს - გ. ქ- ს საკანში შემოწმება - დათვალიერებისას დანის აღმოჩენას - შეიცავს იმგვარ წინააღმდეგობებს, რომლებიც ვერაფრით შეფასდება უმნიშვნელო განსხვავებებად, ერთობლივად განხილვისას უკარგავს მათ სანდოობას და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს. რაც შეეხება მოწმე გ. ს- ს ჩვენებას, იგი გ. ქ- სათვის ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად ან უარსაყოფად არ გამოდგება, ვინაიდან იმთავითვე მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითებდა, თუ საკანში არსებული საწოლებიდან რომელი ეკუთვნოდა გ. ქ- ს, რაც დაცვის მხარეს არც არასდროს გაუხდია სადავოდ. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებული სხვა მტკიცებულებებიდან - ამოღების ოქმით ირკვევა, რომ სასჯელაღსრულების №- საპყრობილის უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორ ა. ს-საგან გამომძიებელმა ამოიღო №- საკანში აღმოჩენილი დანა; ცალსახაა, რომ თავად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება - დანა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (საიდანაც მხოლოდ ის დგინდება, თუ როგორ გამოიყურებოდა შემთხვევის დროისათვის №- საკანი), ვერცერთი დამოუკიდებლად და დამაჯერებლად ვერ მიუთითებს გ. ქ- ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნების შენახვა - ჩადენაზე.

16. და ბოლოს: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გ. ქ. -ს საკანში 2006 წლის 8 აგვისტოს ჩატარებული ჩხრეკის ვიდეოჩანაწერთან მიმართებით აღნიშნა, რომ ჩანაწერში ჩანდა, თუ როგორ ჩაატარა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა რამდენიმე პირმა, რომელიც, თავისი ქმედებიდან გამომდინარე, ჰგავდა ციხის თანამშრომელს, საპატიმროს საკნის ჩხრეკა და ერთ-ერთ ეპიზოდში თანამშრომლებმა საკანში ლითონის საწოლის კარკასიდან აიღეს ლეიბი, რომლის ზედაპირი დაუზიანებელი ჩანდა. თანამშრომლებს იგი იატაკიდან დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლეზე ეჭირათ და დაიწყეს ლეიბის შემოწმება ხელებითა და ლითონის დეტექტორით. მოულოდნელად გაისმა იატაკზე ლითონის დავარდნის ხმა და თანამშრომელმა აიღო ნივთი, რომელიც პატარა დასაკეც დანას ჰგავდა. ჩანაწერიდან არ ირკვეოდა, ეს ნივთი ლეიბიდან ჩამოვარდა თუ არა (იხ. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება Kartvelishvili v. Georgia, §25-26). ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ერთი მხრივ, მიიჩნია, რომ პროცესის დროს პროკურორმა თვითონ აღიარა, რომ ჩატარებული ჩხრეკის ვიდეოჩანაწერი დარწმუნებით ვერ ადგენდა, აღნიშნული დასაკეცი დანა მომჩივნის საწოლში იპოვეს თუ არა, ხოლო, მეორე მხრივ, გამოკვეთილი იყო აშკარა შეუსაბამობა ზემოთ ხსენებულ ვიდეოჩანაწერსა და ჩხრეკის ოქმს შორის, რომლის თანახმად, ჯიბის დანა საწოლზე არსებული ლეიბის ქვეშ იპოვეს (იხ. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება Kartvelishvili v. Georgia, §63).

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვიდეომტკიცებულების ბუნებიდან გამომდინარე, როდესაც სამხილების შეფასებისას მას უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს, უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო სააპელაციო სასამართლოს სათანადო ყურადღებით შეეფასებინა შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერი და დაედგინა, რამდენად თანხვდენილი იყო იგი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, თუ მათ შორის იყო წინააღმდეგობები, როგორც ამაზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა.

18. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

20. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ქ. -ს საქმეში არ არის გამოკვეთილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რისი მხედველობაში მიღებითაც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განაჩენი უნდა გაუქმდეს და გ. ქ. - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2007 წლის 1 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) მსჯავრდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ქ- ს ადვოკატ დ. ხ- ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განაჩენი გაუქმდეს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 თებერვლის განჩინება გაუქმდეს;

4. გ. ქ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2007 წლის 1 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) მსჯავრდებაში გამართლდეს;

5. გამართლებულ გ. ქ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი