ას-177-497-04 13 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: ხელწერილების ბათილად ცნობა და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 22 ნოემბერს ნ. ქ-ამ ნ., დ. შ-ებისა და აღმასრულებლის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
მოსარჩელემ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოთხოვნები წაუყენა მოპასუხეებს. საბოლოოდ მოსარჩელემ მოითხოვა, შ-ებს დაკისრებოდათ მატერიალური ზიანის _ 3000 აშშ დოლარისა და მორალური ზიანის _ 3000 აშშ დოლარის ანაზღაურება, ასევე ბათილად ცნობილიყო მის მიერ 1996წ. 26 ოქტომბერს გაცემული ხელწერილები (სარჩელით დაზუსტებული არ არის თუ რომელი ხელწერილების გაუქმებას მოითხოვს) შემდეგი საფუძვლით:
1996წ. ოქტომბერში მან მოპასუხესთან დადო ზეპირი გარიგება მისი კუთვნილი ერთოთახიანი ბინის 3500 აშშ დოლარად მიყიდვის შესახებ. გარიგებიდან გამომდინარე, მხარეები ვალდებულებას იღებდნენ, გონივრულ ვადაში გადაეხადათ ბინის ღირებულება და გადაეცათ ბინა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმების დამრღვევ პირს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო.
გარიგების თანახმად, ბინის ღირებულება უნდა გადახდილიყო დაუყოვნებლივ, მაგრამ მოპასუხემ დაარღვია პირობა და ბინის ღირებულების სახით 4 თვის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ გადასცა 1900 აშშ დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ ბინის საფასური სრულყოფილად არ იყო გადახდილი, მოპასუხეებმა მას მოსთხოვეს ბინის დაცლა და რადგან უარი მიიღეს, პოლიციის დახმარებით აიძულეს, დაეწერა არასწორი ხელწერილები ბინის 1900 აშშ დოლარად გირაოდ გადაცემისა და ბინის საფასურის სახით 2500 აშშ დოლარის მიღების შესახებ.
ზემოთ მითითებულილ გარემოებების (თანხის არასრულად და ნაწილ-ნაწილ მიღება) გამო მან განიცადა მატერიალური ზიანი, ასევე შეილახა მისი პატივი, ღირსება და ჯანმრთელობა.
მოპასუხე ლ. და ნ. შ-ებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მათ შინაურული შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელისაგან 3500 აშშ დოლარად იყიდეს ერთოთახიანი ბინა. ბინის საფასური უნდა გადაეხადათ ნაწილ-ნაწილ. პირველ ეტაპზე უნდა გადაეხადათ 2500 აშშ დოლარი, რომლის გადახდის შემდეგაც მოსარჩელე დაცლიდა ბინას და მოპასუხეები შევიდოდნენ ამ ბინაში, ხოლო ბინაში შესახლებიდან 1 წლის შემდეგ გადაიხდიდნენ დანარჩენ 1000 აშშ დოლარს.
მათ მოსარჩელეს გადაუხადეს 2500 აშშ დოლარი, მაგრამ მოსარჩელემ ბინა არ დაცალა, რის გამოც იძულებული გახდნენ მიემართათ სასამართლოსათვის. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნ.ქ-ას დაეკისრა გადახდილი 2500 აშშ დოლარის დაბრუნება, ამიტომ უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მის ბინას. ვინაიდან ნ.ქ-ამ თანხა ნებაყოფლობით არ დააბრუნა, მისი ბინა დაექვემდებარა იძულებით რეალიზაციას. ბინა შეფასდა 1300 აშშ დოლარად და ამ თანხაში გადაეცა კრედიტორს.
მათი მოსაზრებით, ვინაიდან ეს საქმე ერთხელ უკვე განიხილა სასამართლომ და არსებობს კანონიერ ძალაში შესულილ გადაწყვეტილება, სსკ-ის 186-ე მუხლის თანახმად, სარჩელი არ უნდა იქნეს მაიღებული წარმოებაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 ნოემბრის განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა ნ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 24 ივნისის განჩინებით ნ. ქ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ გაუქმდა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ნ.ქ-ა სარჩელით მოითხოვდა ხელწერილებში მითითებული ფაქტების ნამდვილობის დადგენას, სააპელაციო სასამართლომ კი იმსჯელა მხოლოდ 1999წ. 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ სამართლებრივ შედეგებზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 28 ნოემბრის ახალი გადაწყვეტილებით ნ.ქ-ას სარჩელი კვლავ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ნ. ქ-ას საკუთრებას წარმოადგენდა ქ.ქუთაისში, ... მდებარე ერთოთახიანი ბინა. იგი 1996 წელს შეუთანხმდა ნ. და ლ. შ-ებს, რომ ამ ბინას მიჰყიდდა 3500 აშშ დოლარად. ნ. ქ-ამ შეთანხმების თანახმად, წინასწარ მიიღო 2500 აშშ დოლარი, მაგრამ მხარეთა შორის ბინის გადაცემა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება არ მომხდარა.
მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, თანხის დაბრუნების თაობაზე სარჩელი წარადგინეს გ. და ლ. შ-ებმა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა _ ნ. ქ-ას დაეკისრა 2500 აშშ დოლარის დაბრუნება. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
ვინაიდან ნ.ქ-ამ შ-ებს არ გადაუხადა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა, თანხის ანაზღაურების მიზნით, 2000წ. 27 დეკემბერს დაინიშნა იძულებით აუქციონი. ამ აუქციონზე სადავო ბინა ვალის დაფარვის მიზნით, გადავიდა ლ. შ-ის საკუთრებაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ა გამოსახლდა სადავო ბინიდან და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
ნ. ქ-ას 2000წ. 22 ნოემბერს შეტანილი სარჩელით მოთხოვნილ გარემოებებთან დაკავშირებით, კერძოდ, ბინის საფასურის სახით 2500 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, თვით ნ. ქ-ას განმარტებაზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე 1999წ. 21 სექტემბერს მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულად ჩათვალა და მიუთითა, რომ ადრინდელ საქმეში დავის საგანს არ წარმოადგენდა ხელწერილის ბათილობა, მაგრამ ნ.ქ-ას მიერ შედგენილი ხელწერილი, სხვა მტკიცებულებებთან ერთად გახდა საფუძველი შ-ების სარჩელის დაკმაყოფილებისა და იმავე გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა ამ ხელწერილის ნამდვილობა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სკ-ის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ ხელწერილის ბათილობის საფუძველი ვერ გახდებოდა მარტოოდენ ნ.ქ-ას მითითება ხელწერილების პოლიციის მუშაკების ჩარევით იძულებით შესრულების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ არ არსებობს საფუძველი მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, ვინაიდან დავა გამომდინარეობს სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევიდან, რაც სკ-ის 413-ე მუხლის შესაბამისად, მორალური ზიანის ანაზღაურებას არ ითვალისწინებდა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებდა, შ-ების მხრივ თანხის გადაუხდელობის გამო, ზიანის არსებობას.
2004წ. 5 თებერვალს ნ. ქ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:
1. კასატორმა მიუთითა, რომ სადავო არ არის, მხარეებს შორის ფორმის დაუცველად დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, მოპასუხეებს ბინაში უნდა გადაეხადათ 3500 აშშ დოლარი. გადახდილია და არა 2500 აშშ დოლარი, გადაუხდელი კი არის 1000 აშშ დოლარი.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია სადავო ხელწერილების ნამდვილობა.
შ-ებმა არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება, გადაეხადათ დარჩენილი 1000 აშშ დოლარი, რამაც გამოიწვია მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება და ამით ხელყოფილ იქნა ნ. ქ-ას უფლება საცხოვრებელ სადგომზე, რითაც მან განიცადა მატერიალური და მორალური ზიანი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, საკასაციო საჩივრის ფარგლებში, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ფორმის დაუცველად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, რომლის მიხედვით მოსარჩელე და მოპასუხეები შეთანხმდნენ, რომ ბინის საფასურად გადახდილი იქნებოდა 3500 აშშ დოლარი.
უდავოა, რომ მოპასუხეებმა ბინის ღირებულების სახით გადაუხადეს 2500 აშშ დოლარი.
ამავე მხარეებს შორის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით კი დადგენილია, რომ ფორმის დაუცველად დადებული ხელშეკრულებით მყიდველის მიერ 2500 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ ბინა უნდა გადაფორმებულიყო მასზე და დანარჩენი 1000 აშშ დოლარი უნდა გადახდილიყო მოგვიანებით ბინის გადაცემის შემდეგ. მყიდველმა ხელშეკრულებით ნაკისრი პირობა შეასრულა, გადაიხადა 2500 აშშ დოლარი, მაგრამ გამყიდველმა ბინა არ დაცალა არ გადაუფორმა მყიდველს.
ვინაიდან ხელშეკრულება არ შესრულდა, მყიდველმა შეიტანა სარჩელი გადახდილი თანხის _ 2500 აშშ დოლარის დაბრუნების შესახებ, რაც დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.
ნ. ქ-ამ გადაწყვეტილება არ აღასრულა ნებაყოფლობით, რის გამოც მისი ბინა აუქციონის წესით, ვალის დაფარვის მიზნით, გადაეცა კრედიტორს (ბინა შეფასდა 1300 აშშ დოლარად) ამის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებით ნ. ქ. გამოსახლდა ბინიდან და ეს გადაწყვეტილებაც შევიდა კანონიერ ძალაში.
კასატორის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ემყარება მის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ფორმის დაუცველად შედგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით შ-ებს უნდა გადაეხადათ 3500 აშშ დოლარი, მათ გადაიხადეს მხოლოდ 2500 აშშ დოლარი, გადაუხდელი დარჩა 1000 აშშ დოლარი, ბინა გადაფორმდა კრედიტორზე და ამ მოქმედებით ნ.ქ-ამ განიცადა 1000 აშშ დოლარის ზიანი, რასაც მოჰყვა მის მიერ აღებული სესხების დროულად უსტუმრებლობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფორმის დაუცველად შედგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაუხდელ 1000 აშშ დოლარს არავითარი შეხება არა აქვს წინამდებარე საქმესთან. არ შემდგარი ნასყიდობის ხელშეკრულების თაობაზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.ქ-ას დაეკისრა ბინის საფასურად გადახდილი 2500 აშშ დოლარის უკან დაბრუნება. მართალია, ბინა საბოლოოდ, ამ ვალის დაფარვის მიზნით, გადაეცა შ-ეს, მაგრამ აღნიშნული გარემოება ვერ წარმოშობს ფორმის დაუცველად გაფორმებული, არ შემდგარი ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების აუცილებლობას, რადგან სკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ვინაიდან სკ-ის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია ანუ ფორმის დარღვევით შედგენილ არშემდგარი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კასატორს უფლება არა აქვს, მოითხოვოს გადაუხდელი 1000 აშშ დოლარი და მის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამის განხორციელების მოთხოვნის უფლება კასატორს არ გააჩნია იმის გამოც, რომ სააპელაციო სასამართლოს 1999წ. 29 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დადგენილია, რომ ფორმის დაუცველად შედგენილი ზეპირი ხელშეკრულების დარღვევისა და უსაფუძვლობის გამო ნ.ქ-ს მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ამ ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა სკ-ის 413-ე მუხლის შესაბამისად, მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
მართალია, სკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილი არაქონებრივი ზიანისათვის ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებას, სადაც მითითებულია, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილი აკონკრეტებს, თუ რა შემთხვევაში ხდება ზიანის ანაზღაურება, რომ ზიანის ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის ხდება სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ დავა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობდა და სკ-ის 413-ე მუხლის შესაბამისად, ვერ მოხდებოდა ფულადი ანაზღაურების განხორციელება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელზე ხელწერილების ბათილობის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილებაც კანონიერია.
სსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილ ხელწერილებთან დაკავშირებით სასამართლოს სხვა პროცესში, რომელზედაც მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული დადგენილი აქვს ფაქტობრივი გარემოებანი და მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობანი, ამიტომ მოცემულ პროცესში კასატორს უფლება არა აქვს სადავო გახადოს იგი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.