Facebook Twitter

ას-178-498-04 27 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. ც-ე სს „ტ-ის“ სისტემაში შემავალი წყალქცევის უბანში მუშაობდა ...ად. მუშაობის პერიოდში რ. ც-ემ მიიღო პროფესიული დაავადება „სილიკოზი“, რის გამოც დაუდგინდა ინვალიდობის მესამე ჯგუფი და შრომისუუნარობა განესაზღვრა 60%-ით. პროფესიული დაავადების გამო სს „ტ-იდან“ რ. ც-ე იღებდა სარჩოს სამთო მუშის ხელფასის საშუალო გაანგარიშებიდან, ვინაიდან სს „ტ-ში“ წყალქცევის უბნის ...ის საშტატო ერთეული აღარ არსებობს.

რ. ც-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს სს „ტ-ის“ მიმართ და მოითხოვა თავისი სარჩოს გაანგარიშება წმენდითი სანგრევის მუშის საშუალო ხელფასის შესაბამისად ან იმავე თანრიგის მუშის პროფესიის არარსებობის შემთხვევაში შრომის _ მინიმალური ანაზღაურების ათმაგი ოდენობიდან.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ც-ის სარჩელს სს „ტ-ის“ მიმართ სარჩოს გაანგარიშების შეცვლის შესახებ უარი ეთქვა.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე მუშაობდა სს „ტ-ის“ სისტემაში შემავალ წყალქცევის უბანში ...ად, სადაც მიიღო პროფესიული დაავადება _ «სილიკოზი», დაუდგინდა ინვალიდობის მე-3 ჯგუფი და შრომისუუნარობა განესაზღვრა 60%-ით, რის გამოც სს „ტ-იდან“ იღებდა სარჩოს სამთო მუშის ხელფასის საშუალო გაანგარიშებიდან, ვინაიდან სს „ტ-ი“ წყალქცევის უბნის ...ის საშტატო ერთეული აღარ არსებობს.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ ის ასრულებდა უფრო მძიმე სამუშაოს, ვიდრე მისი პროფესიით იყო გათვალისწინებული და ამიტომ მას სარჩო უნდა მიეცეს სანტექნიკის მუშის პროფესიის საშუალო ხელფასის სიდიდის შესაბამისად.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ც-ის წარმომადგენელმა ს. ფ-ემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 ნოემბრის განჩინებით რ. ც-ის წარმომადგენლის _ ს. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ პროფესიული დაავადების გამო სს „ტ-იდან“ რ. ც-ე იღებდა სარჩოს სამთო მუშის ხელფასის საშუალო გაანგარიშებიდან, ვინაიდან სს „ტ-ში“ წყალქცევის უბნის ...ის საშტატო ერთეული აღარ არსებობს. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს ვერ წარუდგინა იმის დამადასტურებელი ვერც ერთი მტკიცებულება, რომ ის ასრულებდა ბევრად უფრო მძიმე სამუშაოს, რის გამოც მისი სარჩო უნდა გაანგარიშებულიყო არა შრომის წიგნაკში დაფიქსირებული ოფიციალური ჩანაწერის გათვალისწინებით, არამედ „სანგრევის მუშის“ პროფესიის საშუალო ხელფასის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ წყალქცევის უბნის „...ისა“ და „მიწისქვეშა სამთო მუშის“ თანრიგი შრომის სიმძიმის ხარისხის მიხედვით ერთმანეთს შეესაბამებიან.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 ნოემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა რ. ც-ის წარმომადგენელმა სერნგო ფ-ემ, რომლითაც მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ მე-11 მუხლი. სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ არ იზიარებდა შეთავაზებული სპეციალობათა და თანრიგთა გათანაბრებას. სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ზემოაღნიშნული მუხლის მესამე აბზაცი, რომელიც ითვალისწინებს გაანგარიშებას მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობიდან.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორი ც-ე მუშაობდა სს „ტ-ის“ სისტემაში შემავალ წყალქცევის უბანში ...ად, მუშაობის პერიოდში მიიღო პროფესიული დაავადება „სილიკოზი“, რის გამოც დაუდგინდა ინვალიდობის მესამე ჯგუფი და შრომისუუნარობა განესაზღვრა 60%-ით. პროფესიული დაავადების გამო სს „ტ-იდან“ ც-ე იღებდა სარჩოს სამთო მუშის ხელფასის საშუალო გაანგარიშებიდან, ვინაიდან საწარმოში წყალქცევის უბნის ...ის საშტატო ერთეული აღარ არსებობს. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად ჩათვალა, რომ კასატორი ასრულებდა წყალქცევის უბანში ...ი მუშის მოვალეობას, ნახშირის მონგრევა მას არ ევალებოდა და არც არასოდეს შეუსრულებია.

საქმის მასალებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წყალქცევის უბნის ...ისა“ და „მიწისქვეშა სამთო მუშის“ თანრიგი, შრომის სიმძიმის მიხედვით ერთმანეთს შეესაბამებიან.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

მოცემულ შემთხვევაში კასატორს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიმართ დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზიები არ წამოუყენებია. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში კი სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა ც-ის საჩივარი, რადგან საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შეედგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ მე-11 მუხლის თანახმად, ზიანი ანაზღაურდება იმავე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს დაზარალებულს შრომის უნარი.

აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონი არ დარღვეულა, რის აგმოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.