საქმე # 170100119003201057
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №26აპ-21 ქ. თბილისი
ბ–ი ბ., 26აპ-21 25 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების - ბ. ბ–სა და ჯ. ზ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების - ბ. ბ–სა და ჯ. ზ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ბ–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი მოტივებით:
შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წყლის გამტარ მილსადენს მთელ სიგრძეზე არსად ჰქონია მინიშნება, რომ იგი კომპანიის საკუთრება იყო; სადავო მილები წლების განმავლობაში იყო უფუნქციო, მიტოვებული, ჟანგიანი და გამოუსადეგარი, რომელთა შესახებაც, როგორც სოფელ ჭ.......ს მთელმა მოსახლეობამ, ისე - ჯ. ზ–მ და ბ. ბ–მ იცოდნენ, რომ არავის საკუთრებას არ წარმოაგენდა და იყო უპატრონოდ მიტოვებული; ამდენად, მსჯავრდებულებს წყლის მილების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების განზრახვა არ ჰქონიათ და არც ფარულად დაუფლებიან სადავო ნივთებს; ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ სხვის კუთვნილ ქონებას არ ეუფლებოდნენ და ამიტომ, დღისით და საჯაროდ მიიყვანეს ტრაქტორისტი, რომელმაც ამოთხარა მილები, შემდეგ - ხელოსანი, რომელმაც დაჭრა ისინი და ბოლოს - ჯართის ჩამბარებელი პირი, რომელმაც წაიღო ისინი. ამასთან, მათგან რამდენიმე მეტრში მუშაობდნენ შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ თანამშრომლები, რომლებსაც ჯ. ზ–სა და ბ. ბ–სათვის არაფერი უთქვამთ, მათ შორის - მათთან ადგილზე მისულ მერაბ წიკლაურს არ განუმარტავს, რომ აღნიშნული მილები კომპანიის საკუთრება იყო და იგი ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ მსჯავრდებულები გააფრთხილა მილების სახელმწიფოსადმი კუთვნილების შესახებ; დაცვის მხარის განმარტებით, საეჭვოა ის გარემოებაც, რომ როდესაც მ. წ–მ ნახა ჯ. ზ–სა და ბ. ბ–ს მიერ მილების ამოთხრის პროცესი და, ამასთან, გააფრთხილა კიდეც ისინი, აღარ გაეგრძელებინათ ამოთხრა, აღნიშნულის თაობაზე რატომ არ აცნობა კომპანიის ხელმძღვანელობას; გარდა ამისა, მსჯავრდებულებიც კატეგორიულად უარყოფენ, რომ მ. წ–მ გააფრთხილა ისინი; ამასთან, არც მსჯავრდებულთა ქმედებებია სამართლებრივად სწორად დაკვალიფიცირებული, რადგან ქურდობის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ მას ჰქონდეს ფარული ხასიათი, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. აღნიშნულის საპირისპიროდ, ისინი სრულიად ღიად და აშკარად დაეუფლნენ მიტოვებულ, უპატრონო ქონებას.
2. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი სახიაშვილი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენით ჯ. ზ–ი, - დაბადებული 19... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წელი და 8 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 1 წელი და 4 თვე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.
მსჯავრდებულ ჯ. ზ–ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 17 აგვისტოდან.
ბ. ბ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი და 4 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 8 თვე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბ. ბ–ს მიმართ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ბ. ბ–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი და 4 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 8 თვე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.
მსჯავრდებულ ბ. ბ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო მისი დაკავების დღიდან - 2019 წლის 23 აგვისტოდან.
გაუქმდა ჯ. ზ–სა და ბ. ბ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ზ–მ და ბ. ბ–მ ჩაიდინეს ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 11:00 საათზე, თ........ს რაიონში, საღორეების ფერმის მიმდებარედ, ბ. ბ–ი და ჯ. ზ–ი ერთმანეთთან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ტრაქტორისა და ლითონის გასაჭრელი ხელსაწყოს გამოყენებით დაეუფლნენ შპს „........“ კუთვნილ ლითონის მილებს, რითაც დაზარალებულს მიადგა 2058 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
4. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.
- მსჯავრდებულების - ჯ. ზ–სა და ბ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ბ–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
- მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულების მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების კუთხით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულების ჯ. ზ–სა და ბ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
ჯ. ზ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ჯ. ზ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 17 აგვისტოდან.
ბ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბ. ბ–ს მიმართ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ბ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ბ. ბ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 23 აგვისტოდან.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ვერსიას, რომ მსჯავრდებულებს მსჯავრად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენიათ, ვინაიდან როგორც მათ ეგონათ, ისინი დაეუფლნენ მიტოვებულ და გამოუსადეგარ ლითონის მილებს, რომლებიც არავის საკუთრებას არ წარმოადგენდა და სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მოტივაციას, კერძოდ: დადგენილია, რომ მილები განთავსებული იყო მიწაში, რომელიც არ წარმოადგენდა ჯ. ზ–სა და ბ. ბ–ს პირად საკუთრებას და მათ ამოსაღებად დასჭირდათ მიწის ამოთხრა, სპეციალური ტექნიკის - ტრაქტორის გამოყენებით. რომ აღარაფერი ვთქვათ დაზარალებული კომპანიის წარმომადგენლის - მოწმე მ. წ–ს ჩვენებაზე, რომელმაც განაცხადა, რომ მან დაინახა მილსადენთან მყოფი ტრაქტორი, რომელიც თხრიდა მიწას და იქვე მყოფი ჯ. ზ–ი და ბ. ბ–ი, რომლებსაც განუმარტა, რომ მილები იყო სახელმწიფოს საკუთრება, რის შემდეგაც მათ შეწყვიტეს ამოთხრა, თუნდაც იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ მიწის ნაკვეთთან რაიმე მინიშნება მილების მესაკუთრის შესახებ არ ყოფილა განთავსებული, ნებისმიერი საღად მოაზროვნე პირისათვის სრულად განჭვრეტადია, რომ მიწაში განთავსებული მილები, რომლებიც წლების უკან გამოიყენებოდა წყალმომარაგებისათვის, იქნებოდა სახელმწიფოს, ან რომელიმე კერძო კომპანიის საკუთრება და ისინი ბუნებრივად ვერ აღმოჩნდებოდა მიწის ქვეშ.
9. რაც შეეხება დაცვის მხარის კიდევ ერთ მოსაზრებას, რომ ჯ. ზ–სა და ბ. ბ–ს ქმედებებში ქურდობის შემადგენლობა არ იკვეთება, რადგან მსჯავრდებულები ფარულად არ მოქმედებდნენ, საკასაციო სასამართლო ვერც ამ ნაწილში გაიზიარებს, რადგან, მართალია, მსჯავრდებულები მოქმედებდნენ აშკარად, მაგრამ ამ ქმედებების შემსწრე და მონაწილე პირებმა (ტრაქტორისტი, პირი, რომელმაც ანაზღაურების სანაცვლოდ დაჭრა მილები და ჯართის მიმღები პუნქტის თანამშრომელი, რომელმაც მსჯავრდებულებისგან იყიდა მილები) არ იცოდნენ, რომ ეს მილები მსჯავრდებულებს არ ეკუთვნოდათ და არც დაინტერესებულან ამ საკითხით, რის გამოც ქმედება მათ დანაშაულად საერთოდ ვერ აღიქვეს და ამდენად, მათ ქმედებას ჰქონდა ფარული ხასიათი.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების - ბ. ბ–სა და ჯ. ზ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი