საქმე # 330100119003337043
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№901აპ-20 ქ. თბილისი
ბ–ე გ., 901აპ-20 2 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის - იოსებ ხუციშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილემ - იოსებ ხუციშვილმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და გ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას; კასატორის მტკიცებით განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა; ბრალდების მხარე არ იზიარებს საპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ გ. ბ–ს ქმდებებში არ იყო გამოკვეთილი ოჯახური დანაშაულის ნიშნები, რადგან უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ მსჯავრდებული და დაზარალებულები ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის მიზნებისათვის ითვლებოდნენ ოჯახის წევრებად, რისი მხედველობაში მიღებითაც, უსაფუძვლოა გ. ბ–ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტიდან ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ბ–ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ოთხი პირის მიმართ და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის სექტემბრიდან ბ. ბ–ე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა ბიძას - ჯ. ბ–ს, ბიცოლას - გ. ბ–ს და ბიძაშვილებს - ლ. ბ–ს და ბ. ბ–ს, რამაც დაზარალებულების ტანჯვა გამოიწვია.
- 2019 წლის სექტემბრიდან ბ. ბ–ე სისტემატურად ემუქრებოდა ბიცოლას - გ. ბ–ს, ბიძას - ჯ. ბ–ს და ბიძაშვილებს - ლ. ბ–სა და ბ. ბ–ს, ვისთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და ქონების განადგურებით. 2019 წლის 12 ნოემბერს, ღამით, ქ. თ..........ში, ..........ის ქუჩა №..-ში, ბ. ბ–ე სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და ქონების განადგურებით დაემუქრა გ. ბ–ს და ბ. ბ–ს, რომლებსაც გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. გ. ბ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის განაჩენით ბ. ბ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; გ. ბ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რისთვისაც ცნობილ იქნა დამნაშავე და მიესაჯა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2019 წლის 12 ნოემბრიდან.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ბ–მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 12 ნოემბერს, ღამით, ქ. თ...........ში, ...........ის ქუჩა №..-ში, ბ. ბ–ე სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და ქონების განადგურებით დაემუქრა გ. ბ–სა და ბ. ბ–ს, რომლებსაც გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თამარ ზაქუტაშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და გ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენაში და მსჯავრდებულ გ. ბ–ს ადვოკატმა ს. კ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სამართლებრივად არასწორად შეაფასა და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, ბ. ბ–ე ოჯახური ძალადობის ბრალდებაში გამართლდა, ხოლო, მეორე მხრივ, შეიცვალა ბრალად წარდგენილი დანაშაულის - ოჯახის წევრებზე მუქარის - კვალიფიკაცია.
11. საკასაციო სასამართლო კასატორის მიერ დავის საგნად ქცეულ საკვანძო საკითხთან მიმართებით - ეწეოდნენ თუ არა მსჯავრდებული და დაზარალებულები ერთიან საოჯახო მეურნეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის მიზნებისათვის ითვლებოდნენ თუ არა ისინი ოჯახის წევრებად - საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331-ე, 1332-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443-ე, 149-ე−1511-ე, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551-ე, 3811-ე და 3812-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნით განსაზღვრულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისთვის ოჯახის წევრად ითვლება, მათ შორის - პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ის არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ უტყუარად ვერ დადგინდა, ერთი მხრივ გ. ბ–ს მიერ ოჯახის წევრებზე ძალადობა, ხოლო, მეორე მხრივ, ოჯახის წევრების მიმართ - მუქარა, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული და დაზარალებულები იყვნენ ნათესავები და ცხოვრობდნენ ერთ ეზოში, ასევე, ჰქონდათ საერთო მრიცხველი და კომუნალურ გადასახადებს იხდიდნენ დაზარალებულები, არცერთი მტკიცებულებით სარწმუნოდ არ დგინდება, რომ ისინი ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას და, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის მიზნებისათვის ისინი არ ითვლებოდნენ ოჯახის წევრებად; ყურადსაღებია, რომ გ. ბ–ს წარსულშიც ჰქონდა წარდგენილი ბრალდება ჯ., გ., ლ. და ბ. ბ–ებზე ოჯახური დანაშაულების ჩადენისათვის, მაგრამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2019 წლის 3 მაისის განაჩენით მას ბრალდებიდან ამოერიცხა მითითება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლზე. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, ვინაიდან, ერთი მხრივ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეს წინაპირობები გამორიცხავს ერთმანეთს, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ანალოგიურ საკითხზე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომლითაც დაუშვებლად ცნო ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი, გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია და მიიჩნია, რომ ბ. ბ–ე - ჯ., გ., ლ. და ბ. ბ–ებთან ერთად არ ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას და ისინი არ ითვლებოდნენ ოჯახის წევრებად (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება №521აპ-19 საქმეზე). განსახილველი სისხლის სამართლის საქმე ასევე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტა ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა უზენაეს სასამართლოს მსგავს სამართლებრივ საკითხზე აქვს ნათლად ჩამოყალიბებული პრაქტიკა, რომლის შეცვლის წინაპირობები არ არის გამოკვეთილი.
13. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულები - გ. ბ–ე და ბ. ბ–ე არიან წინააღმდეგი, რომ მსჯავრდებულზე გავრცელდეს ამნისტია, მსჯავრდებულ გ. ბ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ აღსრულდება.
14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის - იოსებ ხუციშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი