Facebook Twitter

¹ ას-18-322-04 14 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ჟ.-მ“ მოპასუხე სს „ს.-ის“ მიმართ (რომელიც წარმოადგენს სს ,,ე.-ის“ სამართალმემკვიდრეს) ფულადი ვალდებულებების შესრულების მოთხოვნით.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მცხეთის სამმართველოს 26.09.2000 წ. ¹36 ბრძანებისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 22.03.2000 წ. ¹1-3-193 ბრძანების საფუძველზე, სს „ე.-ი“ შეერწყა რა მსგავსი პროფილის სხვა სააქციო საზოგადოებებს, ჯერ სს „მ.-ის“ სახით ჩამოყალიბდა, ხოლო შემდეგ კი სს „ს.-ის“ სახით და ეს უკანასკნელი გახდა მისი სამართალმემკვიდრე.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 10 მაისის გადახდის ბრძანების საფუძველზე მოვალე სს „ე.-ს“ განმცხადებლის შპს „ჟ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1.540.312 ლარის გადახდა, რომელზეც გაიცა სააღსრულებო განკარგულება და მის საფუძველზე გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი. ამავე გადახდის ბრძანების აღსრულების მიზნით, 2003წ. 22 იანვრის განჩინებით გადახდის ბრძანების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალე შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით სს „ს.-ით“.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აღიარებულად იქნა ცნობილი, რომ 2001წ. 1 ივლისის მდგომარეობით, სს „მ.-ის“ დებიტორული დავალიანება (საურავებისა და დისკონტის ჯამი) შპს „ჟ.-ის“ მიმართ შეადგენს 6.110.654 ლარს. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

სარჩელის მიხედვით, შპს „ჟ.-სა“ და სს „ე.-ს“ შორის ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სს „ე.-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაუგროვდა ვალი, რაც ზემოთ მითითებული დუშეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად შეადგენს 6.110.654 ლარს. აქედან ძირითადი დავალიანება _ 1540312 ლარი თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 10 მაისის გადახდის ბრძანებით უკვე დაეკისრა მოპასუხეს. სხვაობა უკვე დაკისრებულსა და დუშეთის რაიონული სასამართლოს მიერ აღიარებულს შორის შეადგენს 4.570.342 ლარს, რაც წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციებისა და მათი საერთო რაოდენობის დისკონტირების ჯამს 2001წ. 1 ივლისის მდგომარეობით.

იმავე 1996-1997 წლების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, 2001წ. 1 ივლისიდან 2003წ. 1 მაისამდე სს „ს.-ის“ დავალიანებამ შპს „ჟ.-ის“ მიმართ შეადგინა 1.691.401 ლარი, მათ შორის საურავების ჯამი შეადგენს 526.564 ლარს, სანქციების _ 353.511 ლარს, ხოლო დებიტორული დავალიანების დისკონტირება _ 811.326 ლარს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელე ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად უთითებს შპს „ჟ.-სა“ და სს „ე.-ს“ შორის 1998წ. 1 ოქტომბერს გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულებას (ორი 10 კვ.მ ელექტროგადამცემი ხაზების გადაცემის შესახებ) და მის საფუძველზე 1999წ. 30 სექტემბერს გაფორმებულ დამატებით შეთანხმებას, რომელთა საფუძველზეც მოპასუხისაგან მოითხოვა 1998 წლიდან მოცემული სარჩელის აღძვრის თარიღამდე ძირითადი დავალიანების სახით 493.816 ლარის, ხოლო საურავების სახით 428.437 ლარის, მთლიანად 922.253 ლარის გადახდა.

მთლიანად მოსარჩელემ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოპასუხისაგან მოითხოვა 7.183.996 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელემ საქმის მომზადების ეტაპზე გაზარდა თავისი მოთხოვნები და 2003წ. 1 ოქტომბრის განცხადებით მოპასუხისაგან მოითხოვა 2003წ. 28 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ სამართლებრივი მომსახურებისათვის, ხელშეკრულების 4.11 პუნქტის მიხედვით, ადვოკატისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეზე დაკისრებული თანხის 2%-ის ოდენობით.

მოსარჩელე ასევე მოითხოვს, მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 5.000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ის მიიჩნევს, რომ იგი მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მისი განმარტებით, მოსარჩელე უთითებს რა მას და სს „ე.-ს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, ვერ ასახელებს მისი დადების თარიღს და ამდენად, გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე მოითხოვს სარჩელში მითითებული თანხის დაკისრებას.

რაც შეეხება 1998წ. 1 ოქტომბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ მოთხოვნას, მოსარჩელის მიერ სარჩელზე თანდართული მისი პირადი გაანგარიშებები არ წარმოადგენენ სათანადო მტკიცებულებებს და ამდენად, ისინი სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს, ვინაიდან სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, გარემოება, რომელიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

კოლეგიის 2003წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ჟ.-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. კოლეგია მიუთითებს, რომ ხელშეკრულებები, რომელშიც მხარეთა მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისა და შესრულების ვადის გადაცილებისათვის უზრუნველყოფის საშუალების სახით განისაზღვრა პირგასამტეხლო, დადებულია 1996წ. 1 ოქტომბერსა და 1997წ. 1 ნოემბერს. შესაბამისად, ხელშეკრულებათა მოქმედების ვადა მხარეებმა განსაზღვრეს 1997წ. 1 ნოემბრიდან 1998წ. 1 ნოემბრამდე.

ხელშეკრულებათა მიხედვით მყიდველს «ე.-ს“ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულება წარმოეშობოდა პერიოდულად, გამყიდველის _ შპს „ჟ.-ის“ მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით.

1.10.1997წ. ხელშეკრულების ძალაში ყოფნის დროისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლისა და 1.11.1997წ. ხელშეკრულების ძალაში ყოფნის დროისათვის მოქმედი სკ-ის 129-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა ერთ შემთხვევაში 1 წელია, ხოლო მეორე შემთხვევაში _ 3 წელი.

იმავე კოდექსების 88-ე და 145-ე მუხლების მიხედვით, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისათვისაც.

ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოთხოვნა დააყენა 2003წ. 29 მაისს, რის გამოც კოლეგია თვლის, რომ მოთხოვნა მოპასუხისათვის დამატებითი სახელშეკრულებო ვალდებულების დაკისრების შესახებ ხანდაზმულია.

კოლეგია არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოთხოვნის უფლება მოპასუხისათვის 4.570.342 ლარის დაკისრების შესახებ წარმოეშვა დუშეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 აგვისტოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ და მასზე ვრცელდება ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა სკ-ის 142-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.

აღნიშნული ნორმის მიხედვით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი.

კოლეგია მიუთითებს, რომ დუშეთის რაიონული სასამართლოს ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მოთხოვნა არ შეუძენია, რადგან სასამართლომ განიხილა შპს „ჟ.-ის“ არა მოთხოვნითი, არამედ აღიარებითი სარჩელი, რომლითაც დადგინდა სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, კერძოდ, დებიტორული დავალიანების ძირითადი თანხის, ჯარიმა-საურავებისა და მათი დისკონტის ოდენობა 2001წ. 30 აგვისტოს მდგომარეობით.

რაც შეეხება სკ-ის 142-ე მუხლით განსაზღვრულ ხანდაზმულობას, კოლეგიის აზრით, იგი ვრცელდება ისეთი სახის გადაწყვეტილებებზე, რომლითაც მხარე იძენს კრედიტორულ უფლებას ანუ შეუძლია წაუყენოს მოწინააღმდეგე მხარეს ის მოთხოვნა, რომელიც მან შეიძინა გადაწყვეტილების ძალით, რასაც განხილულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, აღიარებითი სარჩელით შპს „ჟ.-ი“ მოთხოვნას ვერ წამოუყენებდა მოპასუხეს.

სასამართლო კოლეგია თვლის, რომ მოსარჩელეს ასევე უარი უნდა ეთქვას იმავე ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, შემდგომი პერიოდის დავალიანებების (2001წ. 1 ივლისიდან, 2003წ. 1 მაისამდე) სახით 1.691.401 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც.

სკ-ის 88-ე და 145-ე მუხლების მიხედვით, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას 1998წ. 1 ოქტომბრის იჯარის ხელშეკრულებისა და მისი დამატებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის საფუძველი ფორმულირებულია სკ-ის 581-ე მუხლის თანახმად, როდესაც იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა, გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნასყიდობის მიღების შესაძლებლობა. მოიჯარე ვალდებულია, გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა.

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-ე, 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმის შემადგენლობის აღწერიდან გამომდინარე, ამ ნორმის მოთხოვნის საფუძვლის ფაქტობრივი წინაპირობები ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს.

მოთხოვნის საფუძველში სკ-ის 316-ე მუხლის თანახმად, იგულისხმება კანონის ნორმა, რომელიც განსაზღვრული შემადგენლობის ნიშნების არსებობისას ერთ მხარეს ანიჭებს უფლებას, მეორე მხარისაგან მოითხოვოს შესრულება, მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება.

მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლის გამოკვლევისას სასამართლო კოლეგიამ დაადგინა, რომ არ არსებობს იჯარის ხელშეკრულების საფუძვლის ფაქტობრივი წინაპირობა (რომ მეიჯარემ მოიჯარეს გადასცა ნივთი), საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ შეასრულა იჯარის ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, არ დადგინდა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მეიჯარემ მოიჯარეს გადასცა თავის საკუთრებაში არსებული ორი 10 კვ.მ ელექტროგადამცემი ხაზი დროებით სარგებლობაში. სკ-ის 581-ე მუხლის ფორმულირება შეიცავს როგორც შემადგენლობას, რომ „იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე ვალდებულია, გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება, ასევე _ მის სამართლებრივ შედეგს, რომ მოიჯარე ვალდებულია მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა გადაუხადოს. ვინაიდან არ არსებობს მოთხოვნის საფუძვლისათვის აუცილებელი წინაპირობა, არ არსებობს საიჯარო ქირის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველიც.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. კასატორი მიუთითებს, რომ მხარეების მიერ 2000წ. პირველი იანვრისათვის შედგენილი ურთიერთშედარების აქტით მოპასუხემ აღიარა ხელშეკრულებების საფუძველზე მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულება, რის გამოც სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა წყდება. კასატორი მიუთითებს, რომ მოთხოვნის უფლება მოპასუხისათვის 4.570.342 ლარის დაკისრების შესახებ მას წარმოეშვა დუშეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 აგვისტოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ და მასზე ვრცელდება ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა სკ-ის 142-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.

აღნიშნული ნორმის მიხედვით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი.

კასატორი მიუთითებს, რომ აბსოლუტურად დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილშიც, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საიჯარო ქირის ანაზღაურებაზე. ის გარემოება, რომ ნივთი იჯარით იყო გადაცემული, აღიარებულია თვით მოპასუხის მიერ.

კასატორი მოითხოვს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდეს მისი სარჩელი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 39­4-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკამაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საოლქო სასამართლოს კოლეგია მიუთითებს, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნა დააყენა 2003წ. 29 მაისს, ამიტომ მოთხოვნა მოპასუხისათვის დამატებითი სახელშეკრულებო ვალდებულების დაკისრების შესახებ ხანდაზმულია.

მოცემულ შემთხვევაში კოლეგია არ ითვალისწინებს სკ-ის 138-ე მუხლს, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად. კოლეგია უდავოდ მიიჩნევს, რომ დუშეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის აღიარებითი სარჩელი და აღიარებულად იქნა ცნობილი, რომ 2001წ. 1 ივლისის მდგომარეობით, სს „მ.-ის“ დებიტორული დავალიანება (საურავებისა და დისკონტის ჯამი) შპს „ჟ.-ის“ მიმართ შეადგენს 6.110.654 ლარს. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

სასამართლომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და ნორმების გაუთვალისწინებლად სარჩელი ჩათვალა ხანდაზმულად.

კოლეგია არ მიუთითებს, იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც მიაჩნია, რომ მოთხოვნები, რომლებიც დაფიქსირებულია დუშეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში უკვე ხანდაზმული იყო, ამასთან არ მიუთითებს იმ იურიდიულ შედეგებზე, იმ სამართლებრივ დასკვნებზე, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეიძლება იქნეს მიღებული. კოლეგია საერთოდ არ მსჯელობს იმ გარემოებაზე, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი დუშეთის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხე მხარეს საერთოდ არ დაუყენებია და დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვალის არსებობა გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის აღიარებულ იქნა.

ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილშიც, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საიჯარო ქირის ანაზღაურებაზე. ნივთი იჯარით, რომ იყო გადაცემული, აღიარებულია თვით მოპასუხის მიერ და მას ეს გარემოება სადავოდ არ გაუხდია. სადავოდ გახადა, რომ არ იყო დაცული იჯარის ხელშეკრულების ფორმა. მოპასუხე აცხადებდა, რომ ის ბათილია, რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია.

აღნიშნულ გარემოებათა გამო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება მიღებულია კანონის დარღვევით, ის უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.