Facebook Twitter

საქმე # 330100119003297968

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №972აპ-20 ქ. თბილისი

ბ–ე მ., 972აპ-20 4 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციის მიხედვით - საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგი მოტივებით: ის გარემოება, რომ მ. ბ–ე თითქოსდა, თავს იცავდა ა. ვ–სგან, დგინდება მხოლოდ მ. ბ–ს შვილის, მისი ახლობლებისა და მეზობლების ჩვენებებიდან, რომლებიც არ შესწრებიან მომხდარ შემთხვევას და აცხადებენ, რომ მხოლოდ გაიგეს სიტყვები - „დანა დააგდე“, თუმცა შემთხვევის შემსწრე პირები არ ადასტურებენ, რომ დაზარალებულს ხელში ეჭირა დანა; მკვლელობის განზრახვაზე ასევე მიუთითებს დაზარალებულისათვის მიყენებული ჭრილობის მდებარეობა, რადგან, მართალია, დაზიანება ექსპერტიზის დასკვნით შეფასებულია როგორც მსუბუქი ხარისხის, მაგრამ მისი მდებარეობა ქმნიდა სიკვდილის დადგომის შესაძლებლობას.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ბ–მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, თ.......ში, ...........ის გამზირი, კორპუსი N..-ის მიმდებარედ, ავტომანქანის გაჩერების გამო, მეზობლებს - მ. ბ–ესა და ა. ვ–ს მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება, რაც გადაიზარდა სიტყვიერ შეურაცხყოფაში. აღნიშნულით განაწყენებულმა მ. ბ–ემ განიზრახა, შური ეძია და მოეკლა ა. ვ–ე, რა მიზნითაც, საქამრიდან ამოიღო შენახვისა და ტარების უფლებით გაფორმებული „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ნომრით ,,.....“ და ა. ვ–ის განზრახ მოკვლის მიზნით, შურისძიების მოტივით, მისი მიმართულებით გაისროლა, რის შედეგადაც მიაყენა მარცხენა თეძოს ფრთის წინა, ზედა ქედის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო ცეცხლნასროლი ჭრილობა. აღნიშნულის შემდეგ კი მივიდა ა. ვ–სთან და იმავე ცეცხლსასროლი იარაღის ტარი რამდენჯერმე ჩაარტყა თავისა და სახის არეში. ა. ვ–ე დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 24 თებერვლის განაჩენით მ. ბ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

მ. ბ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 7 000 (შვიდი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 16 სექტემბრიდან 2020 წლის 14 იანვარს ჩათვლით), შეუმსუბუქდა და საბოლოოდ მ. ბ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3 000 (სამი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე მ. ბ–ეს 1 (ერთი) წლით აეკრძალა იარაღის შენახვისა და ტარების უფლება, რის თაობაზეც ეცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოროს შესაბამის სამსახურს;

გაუქმდა მ. ბ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ბ–ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, თ.......ში, ...........ის გამზირი, კორპუსი N..-ის მიმდებარედ, ავტომანქანის გაჩერების გამო, მეზობლებს - მ. ბ–ესა და ა. ვ–ს მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება, რაც გადაიზარდა სიტყვიერ შეურაცხყოფაში. ა. ვ–ე შევიდა სახლში, გამოიტანა დანა და მ. ბ–ეს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. მ. ბ–ე სთხოვდა - დაეგდო დანა და თავი დაენებებინა, თუმცა ა. ვ–ე კვლავ აგრძელებდა სვლას მისი მიმართულებით. მ. ბ–ემ საქამრიდან ამოიღო შენახვისა და ტარების უფლებით გაფორმებული ,,მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ნომრით ,,....“ და ა. ვ–ის მოგერიებისა და თავის დაცვის მიზნით, რამდენჯერმე გაისროლა ძირს, ასფალტის მიმართულებით, რა დროსაც დაზარალებული წაიქცა. აღნიშნულის შემდეგ, მ. ბ–ე მივიდა ა. ვ–სთან და იმავე ცეცხლსასროლი იარაღის ტარი რამდენჯერმე ჩაარტყა თავისა და სახის არეში.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ. ბ–ს მიერ ა. ვ–ისათვის მიყენებული დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 24 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულ მ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციის მიხედვით - საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 24 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ. ბ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, რის საფუძველზეც მ. ბ–ს ქმედება კანონიერად გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე, კერძოდ: სასამართლომ გაითვალისწინა, რომ დაზარალებულ ა. ვ–ის მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, მ. ბ–ეს ხელს არაფერი უშლიდა, რომ სისრულეში მოეყვანა თავისი განზრახვა, რა დროსაც მას შეეძლო, მის ხელთ არსებული ,,მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზარალებულის მიმართულებით, მოკლე მანძილიდან არაერთხელ გაესროლა, მაგრამ მსჯავრდებულმა ისროლა დაბლა, ასფალტის მიმართულებით, რის შემდეგაც მ. ბ–ე მივიდა წაქცეულ ა. ვ–სთან და იმავე ცეცხლსასროლი იარაღის ტარი რამდენჯერმე ჩაარტყა თავისა და სახის არეში. იმ ფაქტს, რომ მ. ბ–ეს არ ჰქონდა მკვლელობის განზრახვა, ადასტურებს თვითონ დაზარალებულ ა. ვ–ის დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული გამოკითხვის ოქმებიც, რა დროსაც დაზარალებული განმარტავს, რომ მ. ბ–ეს იარაღიანი ხელი არ ჰქონდა მისკენ მიმართული და გასროლები მიმართული იყო ასფალტისკენ. მისივე განმარტებით, მ. ბ–ეს რომ მოსაკლავად გაემეტებინა, ამის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა ისროდა არა მისი, არამედ - ასფალტის მიმართულებით. ამ მოსაზრებას დამატებით ადასტურებს ასევე დაზარალოებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის თანახმად დგინდება, რომ მ. ბ–ს მიერ ა. ვ–ისათვის მიყენებული დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი