Facebook Twitter

ას-185-504-04 15 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სარჩოს დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ტ-ე მუშაობდა ხარაგაულის პურის საცხობში ...ად (...ად). 1991წ. 28 დეკემბერს მიიღო საწარმოო ტრავმა და 1992წ. 14 აპრილიდან დაენიშნა ინვალიდობის მესამე ჯგუფის პენსია უვადოდ, რომელსაც ხარაგაულის პურკომბინატი წლების მანძილზე უხდიდა. დღეისათვის პურკომბინატი აღარ ფუნქციონირებს და პენსიას უხდის რაიკავშირის გამგეობა ყოველთვიურად სამი ლარის ოდენობით.

არაერთგზის სიტყვიერი მიმართვის მიუხედავად, რაიკავშირის გამგეობა სარჩოს ოდენობას არ უზრდის.

2002წ. 30 აპრილს ლ. ტ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ხარაგაულის რაიკოოპერატივის გამგეობის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეზე ყოველთვიური სარჩოს სახით ორასი ლარის დაკისრება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 4 ივნისის ¹351 ბრძანებულებით მინიმალური ხელფასის ოდენობა განსაზღვრულია ოცი ლარით, ხოლო «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-11 მუხლის მე-3 აბზაცის თანახმად, სარჩო განსაზღვრულია ორგანიზაციაში არსებული მინიმალური შრომის ანაზღაურების ათმაგი ოდენობით. რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობიდან მოითხოვა მოპასუხეზე 50%-ის, ასი ლარის, დაკისრება ყოველთვიური სარჩოს სახით 2002წ. 1 მაისიდან, იმის გათვალისწინებით, რომ პროფესიული შრომის უნარი დაკარგული აქვს 50%-ით.

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მოსარჩელეს პენსია ეძლევა მათი შემოსავლების გათვალისწინებით. დღეისათვის არ ფუნქციონირებს არც ერთი პურის საცხობი და, შესაბამისად, პურის მჭრელის ან იმავე თანრიგის მუშის სამუშაო ადგილი საწარმოში აღარ არსებობს. დამლაგებლის ან სხვა თანრიგის მუშის ხელფასი რაიკოოპერატივში განსაზღვრულია 2,29 ლარით და მისი ათმაგი ოდენობა შეადგენს 29, 20 ლარს. ვინაიდან ლ. ტ-ეს შრომის უნარის ხარისხი დაკარგული აქვს 50%-ით, ხარაგაულის რაიკოოპერატივის გამგეობა თანახმაა, გადაუხადოს მას სარჩო შესაბამისად 14 ლარისა და 60 თეთრის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გაუმჯობესდება საწარმოს ფინანსური მდგომარეობა, შეიცვლება მისი სარჩოს ოდენობაც.

ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ხარაგაულის რაიკოოპერატივის გამგეობას ლ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩოს გადახდა 2002წ. მაისიდან ყოველთვიურად, ორგანიზაციაში არსებული შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის ათმაგი ოდენობიდან შრომის უნარის დაკარგვის ხარისხის პროცენტის გათვალისწინებით, რაც შეადგენს 14,60 ლარს. გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საქმის ხელმეორედ განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, განმარტა, რომ სარჩოს გადაანგარიშება უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-11 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, რადგან მოპასუხე საწარმოში აღარ არსებობს მუშის ან იმავე თანრიგის საშტატო ერთეულები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ მოითხოვა 1999 წლიდან მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება ხელფასის ოცი ლარის ათმაგი ოდენობით, შესაბამისი პროცენტის გათვალისწინებით, რაც შეადგენს 13700 ლარს, ხოლო ყოველთვიურად გადასახდელად 100 ლარის დაკისრება. მოცემული სახის დავაზე არ ვრცელდება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ხარაგაულის რაიკოოპკავშირის გამგეობას ლ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ას-ღაურებლად ერთდროულად 385 ლარის, ხოლო 2003წ. 1 ივნისიდან მდგომარეობის შეცვლამდე – 10 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ტ-ემ, რომელმაც მოითხოვა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩოს ოდენობისა და ერთჯერადად ასაღები თანხის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში. ლ. ტ-ემ ასევე მოითხოვა ერთჯერადად ასაღები თანხის ოდენობის განსაზღვრა ლარის შემოღებიდან, ე.ი 1995წ. 1 ოქტომბრიდან სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანიდან ყოველთვიურად 100 ლარის დაკისრება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 ივნისის გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. ტ-ის სარჩელი. ხარაგაულის რაიკოოპკავშირის გამგეობას ლ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროულად 2713 ლარისა და 50 თეთრის, ხოლო 2003წ. 25 ნოემბრიდან– 30 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე.

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულების მე-11 მუხლის «გ” პუნქტიდან გამომდინარე (2003წ. 11 სექტემბრის პრეზიდენტის ¹443 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით) და იმის გათვალისწინებით, რომ ხარაგაულის რაიკოოპერატივის სისტემაში ამჟამად მუშის თანამდებობა და იმავე თანრიგის პროფესიები აღარ არსებობს, ლ. ტ-ეს სარჩო უნდა განესაზღვროს სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური ხელფასის სამმაგი ოდენობიდან ანუ 20X3=60 ლარიდან. ამავე დროს, პალატამ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ლ. ტ-ეს შრომის უნარი დაკარგული აქვს 50%-ით და საბოლოოდ ყოველთვიური სარჩო განსაზღვრა 30 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ხარაგაულის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე ჯ. უ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 ივნისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, არასწორად დაადგინა გადახდილი სარჩოს ოდენობა. საქმის მასალებში არსებული საბუღალტრო დასკვნის თანახმად, მუშათა კატეგორიას მიკუთვნებული ტექნიკური პერსონალის საშუალო თვიური ხელფასი განისაზღვრება 15 ლარით. ამდენად, ლ. ტ-ისათვის სარჩოს განსაზღვრა 30 ლარის ოდენობით შეუძლებელია მაშინ, როდესაც რაიკოოპერატივში მუშაკთა საშუალო ხელფასი შეადგენს 29 ლარს, ხოლო მუშათა კატეგორიის ხელფასი 15 ლარია. ამასთან, პურკომბინატის მუშის ხელფასი დამოკიდებულია წარმოების ბრუნვასა და გამომუშავებაზე და მერყეობს 5 ლარიდან 10 ლარამდე.

სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე შეგებებული საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. ტ-ემ, რომლითაც მოითხოვა სარჩოს ოდენობის განსაზღვრა ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით და მოპასუხეზე ერთჯერადად გადასახდელი თანხის დაკისრება 1995წ. 1 ოქტომბრიდან საქმის განხლვის დამთავრებამდე 10500 ლარის ოდენობით. ლ. ტ-ემ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ¹443 ბრძანებულება, რომლითაც იხელმძღვანელა სააპელაციო სასამართლომ, გამოცემულია 2003წ. 11 სექტემბერს, სასამართლოს კი სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებისა და ერთჯერადად ასაღები თანხის დაკისრების მოთხოვნით მიმართა 2002წ. აპრილში. აღნიშნული ნორმის გამოყენება აუარესებს მის მდგომარეობას. საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. ¹48 ბრძანებულების 52-ე მუხლი ადგენს სარჩოს ოდენობის გადაანგარიშების დროს – ეს არის მიმართვის დღისათვის ორგანიზაციაში არსებული შესაბამისი მდგომარეობა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრები, საქმის მასალები და თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ლ. ტ-ე 1987 წლიდან მუშაობდა ორჯონიკიძის სახელობის პურკომბინატის პურის საცხობში მუშად. წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო 1991წ. 28 დეკემბერს მან მიიღო საწარმოო ტრავმა, რის გამოც განესაზღვრა მესამე ჯგუფის ინვალიდობა უვადოდ. 1992წ. 14 აპრილიდან მას დაენიშნა შრომითი დასახიჩრებისათვის სარჩო, რომელსაც უხდიდა პურკომბინატი, ხოლო შემდეგ რაიკოოპერატივის გამგეობა. ლარის შემოღებიდან მოსარჩელე სარჩოს ღებულობდა 3 ლარის ოდენობით. დღეისათვის ხარაგაულის რაიკოოპერატივის გამგეობაში, წარმოების არარსებობის გამო, არ არსებობს მუშის შტატი, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ის გარემოება, რომ ხარაგაულის რაიკოოპერატივის სისტემაში არსებულ ორგანიზაციებში არ განხორციელებულა ინვესტიციები.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად არ შეიძლება ჩაითვალოს კასატორის მითითება სასამართლო-საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, კასატორის განმარტებით, მუშათა კატეგორიას მიკუთვნებული ტექნიკური პერსონალის საშუალო თვიური ხელფასი 15 ლარია. აღნიშნულ დასკვნაში ცალსახად მითითებულია ის გარემოება, რომ ხარაგაულის რაიკოოპერატივის ორგანიზაციებს არც განრიგით და არც ხელშეკრულებებით აყვანილი არ ჰყავთ მუშები, არაა დადგენილი მუშის ხელფასი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის 48-ე ბრძანებულების მე-11 პუნქტის «გ” ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, თუ ორგანიზაციაში აღარ არსებობს დაზარალებულის ან იმავე თანრიგის პროფესიები და თანამდებობები, დაზარალებულს სარჩო განესაზღვრება სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური ხელფასის სამმაგი ოდენობით. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ იხელმძღვანელებდა კასატორის მიერ მითითებული ¹01/2658 და 2003წ. 5 ივნისის ცნობებით. ამასთან, სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებული, საქმის მასალებში არსებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში და დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული თანხები იდენტურია, ამიტომ პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადებისას მიუთითა სხვა თანხა, რაც არ არის დაფიქსირებული დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ლ. ტ-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თბერვლის ბრძანებულებაში ცვლილება განხორციელდა 1999წ. 11 სექტემბერს, ხოლო სარჩელი შეტანილია 2002წ. აპრილში, ამიტომ სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, გამოეყენებინა ეს ნორმა. «ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით. იგი იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც შევიდა ცვლილება ან დამატება. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, შევიდა რა ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ბრძანებულებაში, შეტანილი ცვლილება გახდა ამ ბრძანებულების განუყოფელი ნაწილი, ხოლო ამ ნორმატიული აქტის 63-ე მუხლით დადგენილი უკუქცევითი ძალა გავრცელდა ბრძანებულებაში 2003წ. 11 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებების მიმართაც. ამდენად, პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს ბრძანებულების მე-11 პუნქტის 2003წ. 11 სექტემბრამდე არსებული რედაქციით გამოყენებას.

პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ხარაგაულის რაიონის კოოპერატივის საკასაციო საჩივარი და ლ. ტ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.