გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-1321-897(კ-05) 9 ნოემბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: მიუღებელი სოციალური დახმარების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ტ-მა 26.08.04წ. სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სიღნაღის რაიონის სოციალური დახმარების განყოფილების მიმართ და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 858 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1999 წელს დაენიშნა დახმარება, რომელიც მიიღო მხოლოდ იანვრში. იმავე წლის თებერვლიდან შეუწყვიტეს იმ მიზეზით, რომ თითქოს ყავდა შრომისუნარიანი მეუღლე, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. როგორც I ჯგუფის უსინათლოს‚ დახმარება ხელახლა დაუნიშნეს 2002წ. 1 აპრილიდან. მოსარჩელის განმარტებით, იგი 16 წელია პირველი ჯგუფის ინვალიდია, რის გამოც ჰქონდა სოციალური დახმარება დანიშნული. მოსარჩელის მოსაზრებით, 1999 წელს უკანონოდ შეუწყვიტეს დახმარება მთელი 39 თვის მანძილზე, რითაც განიცადა 858 ლარის ზარალი.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 26.10.04წ. გადაწყვეტილებით თ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ტ-მა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება და მის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების საფუძველზე გაშვებული ვადის საპატიოდ ცნობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 05.07.05წ. გადაწყვეტილებით თ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 26.10.04წ. გადაწყვეტილება, მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ტ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი სიღნაღის რაიონის გამგეობის სოციალური დახმარების განყოფილების განკარგულება, რომლითაც სოციალური დახმარების მიღება შეუწყდა თ. ტ-ს 1999წ. თებერვლიდან, მოპასუხე – სიღნაღის რაიონის სოციალური დახმარების განყოფილებას დაეკისრა 126 ლარი, (18X7) 2001წ. 26 აგვისტოდან 2002წ. აპრილამდე მიუღებელი სოციალური დახმარება თ. ტ-ის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თ. ტ-ს სოციალური დახმარება შეუწყდა უთარიღო ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, რის გამო სასამართლომ სადავო აქტის გასაჩივრების მიმართ ხანდაზმულობის დადგენილი ვადის გამოყენება მართებულად არ მიიჩნია. სააპელაციო პალატის აზრით, თ. ტ-ს უკანონოდ ჰქონდა სოციალური დახმარება შეწყვეტილი, ვინაიდან რეგისტირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა და არც მარჩენალი ჰყოლია. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უმწეო მდგომარეობაში მყოფ მარტოხელა პენსიონერთა დახმარების მიზნით რაიონის გამგეობების სოციალური დახმარების განყოფილებები სახელმწიფოს მხრიდან ყოველწლიურად ფინანსდებოდა და გრძელდებოდა დახმარების ყოველთვიურად გაცემა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სიღნაღის რაიონის გამგეობის მხრიდან ეს იყო პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება, რომლის მიმართაც უნდა გავრცელებულიყო სკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. სასამართლომ დაადგინა, რომ თ. ტ-მა დახმარების შეწყვეტის შესახებ შეიტყო შეწყვეტიდან რამდენიმე თვეში, მიუხედავად ამისა‚ სასამართლოს სარჩელით მხოლოდ 26.08.04წ. მიმართა. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა 1999წ. თებერვლიდან 2001წ. 26 აგვისტომდე მიუღებელი სოციალური დახმარების ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმული იყო და მოპასუხე სიღნაღის რაიონის სოციალური დახმარების განყოფილებას თ. ტ-ის სასარგებლოდ მხოლოდ 2001წ. 26 აგვისტოდან 2002წ. აპრილამდე მიუღებელი სოციალური დახმარების ანაზღაურება დააკისრა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 05.07.05წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ტ-მა და აღნიშნული გადაწყვეტილების იმ ნაწილის შეცვლა მოითხოვა, რომლითაც მას უარი ეთქვა სარჩელის სრულ დაკმაყოფილებაზე და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის გაუცემელი დახმარების ერთი თვის გამოკლებით - სულ 684 ლარის დაკისრება მოითხოვა.
კასატორის აზრით, გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი ეწინააღმდეგება სარეზოლუციო ნაწილს, კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ მისი მოთხოვნის ხანდაზმულობა გამოანგარიშებული უნდა იქნეს არა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, არამედ სკ-ის 129-ე მუხლის გათვალისწინებით, ე.ი. ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადით. მოსარჩელეს ხანდაზმულობის მითითებული ვადა არ გაუშვია, რადგან‚ როდესაც 2002 წელს მიმართა სოციალური დახმარების განყოფილებას, მისი დასაბუთებული პრეტენზიის გამო მოპასუხემ 2002წ. აპრილიდან დაიწყო ყოველთვიურად 22 ლარის გადახდა, რითაც ფაქტობრივად უარყო თავისივე განკარგულება. კასატორმა აღნიშნა, რომ ითხოვდა 2001წ. 26 აგვისტომდე უკანონოდ გაუცემელ სოციალური დახმარების ანაზღაურებასაც. ჰქონდა იმედი, რომ სასამართლოში მიმართვის გარეშე აუნაზღაურდებოდა განაცდური, რადგან ცხოვრობდა ქ. სიღნაღიდან მოშორებით, სოფ. ბოდბისხევში და გასაგები მიზეზების გამო ვერ ჩადიოდა სიღნაღში. გავიდა დაახლოებით ორი წელი თ. ტ-ის კანონიერი მოთხოვნის აღიარების შემდეგ. კასატორის აზრით, იმ პრინციპით, რაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში იყო მითითებული და რის გამოც ბათილად იყო ცნობილი უკანონო განკარგულება, კერძოდ, სკ-ის 129-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელის მიერ დაცული იყო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. კასატორი თვლის, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამოცე მუხლის მე-7, მე-8 და მე-10 ნაწილების შესაბამისად, უკანონო განკარგულების ბათილად ცნობას უნდა გამოეწვია მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და სააპელაციო პალატის 05.07.05წ. გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატის მიერ ბათილად იქნა ცნობილი სიღნაღის რაიონის გამგეობის სოციალური დახმარების განყოფილების განკარგულება, რომლითაც სოციალური დახმარების მიღება შეუწყდა თ. ტ-ს 1999წ. თებერვლიდან და მოპასუხე სიღნაღის რაიონის სოციალური დახმარების განყოფილებას თ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2001წ. 26 აგვისტოდან 2002წ. აპრილამდე მიუღებელი სოციალური დახმარების ანაზღაურება. სააპელაციო გადაწყვეტილების აღნიშნული ნაწილი მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და იგი კანონიერ ძალაშია შესული. ამჟამად დავის საგანს შეადგენს მოპასუხისათვის 1999წ. თებერვლიდან 2001წ. აგვისტომდე მიუღებელი სოციალური დახმარების ანაზღაურების დაკისრება, რაზეც თ. ტ-ს უარი ეთქვა მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კასატორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოს მიერ სოციალური დახმარებების გაცემა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს და მისი მოთხოვნის მიმართ გავრცელებული უნდა იქნეს სკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ თ. ტ-მა სიღნაღის რაიონის გამგეობის სოციალური დახმარების განყოფილების მიერ სოციალური დახმარების შეწყვეტის შესახებ რამდენიმე თვეში შეიტყო, მიუხედავად აღნიშნულისა, მიუღებელი სოციალური დახმარების მოთხოვნით სასამართლოს მხოლოდ 26.08.04წ. მიმართა. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული მოთხოვნით კასატორს ადმინისტრაციული საჩივარი ჰქონდა წარდგენილი სოციალური დახმარების ორგანოში. 2002წ. აპრილიდან თ. ტ-ისათვის 22 ლარის ოდენობით პენსიის დანიშვნა არ ადასტურებს კასატორის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიუღებელი დახმარების მოთხოვნით მიმართვის და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი მოთხოვნის კანონიერების აღიარების ფაქტს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2002წ. აპრილიდან კასატორს სხვა საფუძვლით კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 26.03.02წ. ¹135 ბრძანებულების მიხედვით,როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე(პირველი ჯგუფის) უმუშევარ უსინათლოს, დაენიშნა პენსია 22 ლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ. ტ-ის მოთხოვნა 1999წ. თებერვლის თვიდან 2001წ. 26 აგვისტომდე მიუღებელი სოციალური დახმარების ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია, საქმეში არ მოიპოვება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის შეჩერების (სკ-ის 132-ე მუხ.), ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის (სკ-ის 137-ე მუხ.) რაიმე საფუძველი, ხანდაზმულობის ვადის გაცდენა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს ქმნის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მიღებულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკსაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 05.07.05წ. გადაწყვეტილება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.