Facebook Twitter

¹ას-195-481-04 15 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: საიჯარო ქირის დაკისრება და მიწის ფართობის გამოთავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი:

სს «ს-მა” სარჩელი შეიტანა სასამართლოში მოპასუხე ზ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა საიჯარო ქირის გადახდევინება და იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება შემდეგი საფუძვლით: 1997 წელს მოპასუხემ სს «ს-ის” ტერიტორიაზე ააშენა ავტოგასამართი სადგური. 1998 წელს მასთან გაფორმდა წერილობითი საიჯარო ხელშეკრულება. 1998 წელს «ს-ის» სამეთვალყურეო საბჭომ გაზარდა ქირის გადასახადი, რის გამოც მოპასუხემ უარი განაცხადა ახალი ხელშეკრულების ხელმოწერაზე, არ იხდის ქირას და აგრძელებს ავტოგასამართი სადგურით უკანონო საარგებლობას.

2003წ. 13 მაისს რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ზ. ბ-მა. ახმეტის რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახმეტის რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 ივნისის განჩინება და ზ. ბ-ის საჩივარი 2003წ. 13 მაისის გადაწყვეტილებით ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: მიიჩნია, რომ რადგან საქმეში წარმოდგენილია ცნობა ახმეტის რაიონულ პოლიკლინიკურ-ამბრულატორულ გაერთიანებას, რომლის თანახმად ბ-ი სხდომის დღეს იყო ავად, სასამართლოს სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად უფლება არ ჰქონდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს «ს-მა”, რომლითაც მოითხვა განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების გარკვევის გარეშე ცალმხრივად მიიჩნია წარმოდგენილი ცნობა საკმარის მტკიცებად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ 2003წ. 13 მაისს დანიშნული იყო ახმეტის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვა. მოპასუხე ზ. ბ-ი არ გამოცხადდა საქმის განხილვის დროს. მას ჩაბარებული ჰქონდა უწყება, რომლითაც ეცნობა სხდომის დღის შესახებ. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დააკმაყოფილა სარჩელი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 241-ე მუხლის მოთხოვნები, როცა არ გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგან საქმეში წარმოდგენილია ცნობა გაცემული ახმეტის რაიონის პოლიკლინიკურ-ამბოლატორიული გაერთიანების მიერ, რომლის თანახმად ზ. ბ-ი 2003წ. 12 მაისიდან 14 მაისამდე იმყოფებოდა ავად და უტარდებოდა მკურნალობა ამბოლატორულად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ცნობა იძლეოდა საფუძველს სასამართლოს ბ-ის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩაეთვალა.

პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ასეთ მსჯელობას, რაიონულ სასამართლოში ზ. ბ-მა განაცხადა, რომ სხდომის დღეს 13 მაისს იმყოფებოდა «კალონკაზე”, იყო ცუდად, რის გამოც იყო წამოწოლილი, შემდეგ კი თავისი მანქანით წავიდა ექიმთან, იყიდა წამლები და მთელი დღე იყო სამუშაოზე სადაც იწვა, რადგან იყო ცუდად.

სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. მოცემულ შემთხვევაში, როცა მხარე მიდის მანქანით, თვითონ წამლების საყიდლად, ექიმთან გასასინჯად და მთელ დღეს სამსახურში ატარებს, პალატა თვლის, რომ მას საშუალება ჰქონდა დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ, რაც არ გააკეთა, რის გამოც მისი სასამართლოში გამოუცხადებლობა არასაპატიოდ უნდა იქნეს მიჩნეული მხოლოდ ცნობის წარდგენა სასამართლოში არ შეიძლება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს «ს-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.