საქმე # 020100118002385963
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №936აპ-20 ქ. თბილისი
დ. კ., 936აპ-20 1 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ბ–სა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ დავით პაპავას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ კ. დ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ბ–მ და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა - დავით პაპავამ.
- დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და კ. დ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა მხოლოდ ....... კომპლექსსა და ბოტანიკურ ბაღს და არა - ღია თეატრის ტერიტორიას. ამასთან, არათუ უძრავი ძეგლის სტატუსი, დაბეჯითებით იმის თქმაც კი არ შეიძლება, რომ სადავო ტერიტორია კულტურის უძრავი ძეგლის ტერიტორიას წარმოადგენდა და ასეც რომ იყოს, მასზე ვერ გავრცელდება ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწესებული მოთხოვნა, რადგან აღნიშნული ნორმით დადგენილი პირობა, ეხება კულტურის ძეგლს და არა - უძრავი ძეგლის ტერიტორიას. გარდა ამისა, როგორც საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი წერილით ირკვევა, მითითებული სამინისტრო წინააღმდეგი არ იყო მომხდარიყო ..........ში ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებული ღია თეატრის პრივატიზაცია, ამასთან, აღნიშნულ სამინისტროს ძეგლის მოვლა-პატრონობის შესაბამისი პირობები არ განუსაზღვრავს, რასაც ეკონომიკური განვითარების სამინისტრო თავისი ინიციატივით ვერ შეითავსებდა.
- ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და კ. დ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი ძირითადი საფუძვლებით: განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა მსჯავრდებულ კ. დ–ს ქმედება. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ მან ჩაიდინა არა სამსახურებრივი გულგრილობა, არამედ - სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კ. დ–ს დაუკავშირდა ლ. ქ–ა, რომელთანაც აკავშირებდა ნაცნობობა და კარგი ურთიერთობა, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ იგი იყო დაინტერესებული ღია თეატრისა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის შეძენით. ამის შემდეგ კ. დ–მ, რომელსაც გააჩნდა უძრავი ქონების გასხვისების შესაბამისი უფლებამოსილება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, ლ. ქ–ას მიანიჭა უპირატესობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მას მიეცა შესაძლებლობა, ყოველგვარი მოვლა-პატრონობის პირობის გარეშე, შეეძინა უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენდა კულტურის ძეგლის ნაწილს და რომლის მიმართაც ვრცელდებოდა კანონით განსაზღვრული შესაბამისი შეზღუდვები.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ. დ–ს ბრალი დაედო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. ე.ი. მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
კ. დ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
კ. დ–ა 2005 წლის 10 იანვრიდან 2008 წლის 31 იანვრამდე მუშაობდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების .............ის თანამდებობაზე და წარმოადგენდა მოხელეს. იგი კურირებდა პრივატიზების დეპარტამენტს და მის უშუალო მოვალეობებში შედიოდა ობიექტების პრივატიზაციის პროცესის ორგანიზება, ჩატარება და კონტროლი.
ქალაქ ...........ში მდებარე ..........ის ბაღი და ........ ისტორიულ -არქიტექტორული კომპლექსი, რომელიც მოიცავს ...............ის სასახლეს, .........ის სასახლეს, ბოტანიკურ ბაღსა და კარის ეკლესიას, წარმოადგენს ..........ოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს და ამავდროულად არის მე-19 საუკუნის საბაღე - საპარკე ხელოვნების უნიკალური ძეგლი.
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 თებერვლის N.... ბრძანების საფუძველზე ქალაქ .....ში მდებარე „........... კომპლექსი“ შეტანილ იქნა უძრავი ძეგლის სახელმწიფო რეესტრში და მიენიჭა კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი. ამავე ბრძანების დანართის თანახმად, განისაზღვრა კულტურის უძრავი ძეგლის საზღვრები. აღნიშნულ საზღვრებში მოექცა ..........ის ბოტანიკური ბაღი, .........სა და ..............ის სასახლეები მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად, რომელშიც შედიოდა ყოფილი ღია თეატრის ტერიტორია 994,6 კვ.მ. მიწის ფართით, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობით. კ. დ–მ მიიღო გადაწყვეტილება კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ღია თეატრისა და მასზე დამაგრებული 994,6 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გასხვისების თაობაზე. ყოფილი ღია თეატრის ტერიტორიის პრივატიზების მიზნით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან მიღებული დავალების შესაბამისად, კულტურის უძრავი ძეგლის საზღვრებში მდებარე ყოფილი ღია თეატრის ტერიტორია სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ადგილობრივი სამმართველოს მიერ ახალი კოდით დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად. ვინაიდან ყოფილი ღია თეატრის ტერიტორია მდებარეობდა კულტურის უძრავი ძეგლის ტერიტორიაზე და შეტანილი იყო უძრავი ძეგლის სახელმწიფო რეესტრში, საქართველოს კანონის ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ 32-ე მუხლის თანახმად, მისი პრივატიზება შეიძლებოდა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით. 2007 წლის 4 ივნისს საქართველოს ........... მინისტრის მოადგილემ კ. დ–მ, რომელიც აღნიშნულ სამინისტროში კურირებდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხებს, ყოფილი ღია თეატრის ტერიტორიის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანასთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად მიმართა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, რომლის საფუძველზე გაიცა თანხმობა, მაგრამ თანხმობის წერილშივე აღინიშნა, რომ ქალაქ ..........ში ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებული ღია თეატრი მდებარეობდა კულტურის უძრავი ძეგლის ტერიტორიაზე და შესაბამისად, მასზე ვრცელდებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები. მიუხედავად იმისა, რომ კ. დ–სთვის ცნობილი იყო, რომ ქალაქ .......ში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებული ღია თეატრი მდებარეობდა კულტურის უძრავი ძეგლის ტერიტორიაზე და შესაბამისად, მასზე ვრცელდებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მისი პრივატიზება შეიძლებოდა მხოლოდ სათანადო მოვლა-პატრონობის პირობით, მან ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, საქართველოს კანონის ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნის იგნორირებით, ყოველგვარი პირობის გარეშე, საბაზრო ფასთან - 392 000 ლართან შედარებით ბევრად ნაკლებ ფასად- 105 ათას აშშ დოლარად, შესაბამისი კურსით- 175 000 ლარად 2007 წლის 4 ივნისიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში მოამზადა და მოახდინა „........... ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის“ შემადგენლობაში შემავალი ღია თეატრისა და მასზე დამაგრებული 994,6 კვ.მ. მიწის ფართობის ყოველგვარი პირობების გარეშე აუქციონის ფორმით პრივატიზება, რითაც უპირატესობა მიენიჭა ზემოხსენებული ქონების ვაჭრობის ლოტზე აუქციონში ერთადერთ მონაწილე ლ. ქ–ას, რომელსაც მიეცა შესაძლებლობა, ქონება შეეძინა ყოველგვარი ვალდებულების შესრულების გარეშე. კერძოდ, ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულების თანხმად: პირობით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებული იქნებოდა დაეცვა აუქციონის პირობები, პასუხისმგებელი იქნებოდა ქონების მოვლა-პატრონობაზე, პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ხოლო განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედება მოიშლებოდა ცალმხრივად. სახელმწიფოს მხრიდან სათანადო კონტროლის, მოვლა-პატრონობის პირობის გარეშე ყოფილი ამფითეატრის გასხვისებამ გამოიწვია ის, რომ ტერიტორიაზე დღემდე რაიმე ინვესტიცია არ განხორციელებულა და იგი გავერანებულია. ამასთან, .............ის ბაღისა და ............ კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული ყოფილი ღია თეატრის, როგორც საბაღე-საპარკე ხელოვნების ნაწილის, სათანადო მოვლა-პატრონობის პირობების განსაზღვრის გარეშე გასხვისებამ, დაარღვია მისი ერთიანი კონტექსტი და საფრთხე შეუქმნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის განაჩენით კ. დ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
კ. დ–ა - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
კ. დ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი (ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 27 მარტის განჩინება №12/334-2018), კ. დ–ს (.........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე ქ. ბ......ი, .............ის გზატკეცილის N..........-ში, (საკადასტრო კოდი: .............), უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან და უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
- სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა დავით პაპავამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და კ. დ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
- მსჯავრდებულ კ. დ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ჯ–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა კ. დ–ს მიმართ გამამრთლებელი განაჩენის დადგენა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ კ. დ–ს უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების შესახებ არ ეთანხმება, ვინაიდან სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულ კ. დ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის წარმომადგენლის - გ. კ–ს, მოწმეების - ი. ყ–ს, დ. ჩ–ს, ნ. ბ–ს, რ. მ–ს, ლ. ბ–ს, კ. ქ–ს, მ. ს–ს, თ. ო–ს, დ. თ–ს, რ. მ–ს, ლ. ქ–ასა და სხვა მოწმეთა ჩვენებებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 26 ნოემბრის N........ ბრძანებით, 2007 წლის 30 მაისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 თებერვლის №... ბრძანებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის - კ. დ–ს №....... წერილით, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს 2007 წლის 7 ივნისის წერილით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2007 წლის 19 ივლისის N.. ოქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 ივნისის N..... ბრძანებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის N..... ბრძანებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის N.... ბრძანებით, 2007 წლის 15 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 15 ნოემბრის N... ბრძანებით, 2013 წლის 4 აპრილის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2017 წლის 15 ნოემბრის N .... საკუთრების მოწმობით, შემთხვევის ადგილის 2017 წლის 24 თებერვლის დათვალიერების ოქმით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 აპრილის №..... წერილით და მასზე დართული საბჭოს სტრატეგიული საკითხების სექციის სხდომის ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის 2017 წლის 5 მაისის N....... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით.
9. საკასაციო სასამართლოს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ კ. დ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასეს საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედება სწორად გადააკვალიფიცირეს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ კ. დ–ს ჰქონდა თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უკანონო უპირატესობის მიღების მიზანი ან რაიმე ინტერესი, თავისი მოქმედებით უპირატესობა მიენიჭებინა ან გამორჩენის მიღებაში დახმარებოდა ვინმეს.
10. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებმა დეტალურად და ამომწურავად იმსჯელეს ყველა იმ ძირითად საკითხზე, რომლებზეც საკასაციო საჩივრებში აპელირებენ დაცვისა და ბრალდების მხარეები და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გახდებოდა, კასატორები საჩივრებში არ უთითებენ.
11. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; ((Lobzhanidze and Peradze v. Georgia), ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland), ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ კ. დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ბ–სა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ დავით პაპავას საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი