Facebook Twitter

საქმე # 340100118002709595

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№28აპ-21 ქ. თბილისი

დ–ი ზ., №28აპ-21 14 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ სამუნაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ სამუნაშვილმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ზ. დ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში არის უკანონო, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით: დაზარალებულ ი. დ–ის, მოწმეების - დ. დ–ს და მ. ხ–ს ჩვენებებით დასტურდება, რომ ზ. დ–ი მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა არასრულწლოვნების თანდასწრებით.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. დ–ს ბრალად დაედო ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ესე იგი სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

- ...........ის რაიონის სოფელ ........ში მცხოვრები ზ. დ–ი, რომელიც რეგისტრირებულ ქორწინებაშია ი. დ–სთან, 2016 წლიდან სიმთვრალეში ხდებოდა აგრესიული და არასრულწლოვანი ოჯახის წევრების - ზ. დ–ს და ლ. დ–ს თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს - ი. დ–ს, რაც იწვევდა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილსა და ფსიქიკურ ტანჯვას.

3. ზ. დ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით.

4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 აგვისტოს განაჩენით ზ. დ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილზე, რომლის ჩადენაშიც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. ზ. დ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. დ–მ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ესე იგი სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ იგი დანაშაულებრივ ქმედებებს არასრულწლოვნების - ზ. დ–ს და ლ. დ–ს თანდასწრებით ჩადიოდა.

6. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ სამუნაშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ზ. დ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში უკანონოა და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიენიჭა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ ზ. დ–ს ქმედებაში ცალსახად გამოკვეთილია ბრალად წარდგენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვნების თანდასწრებით; საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვით, ერთი მხრივ, არასრულწლოვანმა, დაზარალებულმა ზ. დ–მ, რომლის თანდასწრებით დანაშაულის ჩადენასაც ედავებოდა ზ. დ–ს ბრალდების მხარე, სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა და ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ხოლო, მეორე მხრივ, დაზარალებულ ი. დ–სის, მოწმეების - დ. დ–ს და მ. ხ–ს ჩვენებები, რომლებზეც აპელირებს კასატორი საკასაციო საჩივარში, დანაშაულის ამ მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით, არის ზოგადი და შეუძლებელია მათზე დაყრდნობით კონკრეტული ფაქტების უტყუარად დადგენა.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ სამუნაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი