საქმე # 060100120003483319
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№970აპ-20 ქ. თბილისი
დ–ე ვ., 970აპ-20 2 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის, დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილემ, დარიკო ვადაჭკორიამ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ვ. დ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, რადგან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა; კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ ერთობლივად არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდნენ ვ. დ–ს ბრალეულობას, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ი. ჯ–მ არ მისცა ჩვენება სასამართლოს, ვ. დ–ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარად დგინდება მოწმეების - მ. რ–სა და ზ. კ–ს გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ ი. ჯ–ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და დაზარალებულისავე მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (უდავო მტკიცებულებები).
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. დ–ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ხ.....ს რაიონის სოფელ ..........ში, ი. ჯ–ს საცხოვრებელ სახლში, ვ. დ–მ არასრულწლოვანი შვილის - ვ. დ–ს თანდასწრებით, მეუღლეს - ი. ჯ–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის და კისრის არეში, ასევე არასრულწლოვან შვილს - მ. დ–ს დაარტყა ხელი ფეხისა და თავის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
3. ვ. დ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.
4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 აგვისტოს განაჩენით ვ. დ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
5. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილემ, დარიკო ვადაჭკორიამ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და სასამართლომ ერთობლივად არ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა ვ. დ–ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მართალია, მოწმე მ. რ–ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ვ. დ–მ ნამდვილად იძალადა ფიზიკურად მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე, მაგრამ, ერთი მხრივ, დაზარალებულმა ი. ჯ–მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება და შეუძლებელია მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციისა და მისი მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ხოლო, მეორე მხრივ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ პირადი გასინჯვის შედეგად ი. ჯ–ს სხეულზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა; საკასაციო საჩივარში მითითებული სხვა მტკიცებულებები (მოწმე ზ. კ–ს გამოკითხვის ოქმი და სამედიცინო ექსპერტიზის აღწერილობითი ნაწილი) პირდაპირ ვერ ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მთითებულ ფაქტობრივ გარემოებებს; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა ვ. დ–სათვის ბრალად შერაცხული დანაშაულის - ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი - შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშნის უტყუარად დასადასტურებლად.
10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის, დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი