საქმე # 010100119003245648
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №59აპ-21 ქ. თბილისი
ვ–ა შ., 59აპ-21 28 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. ვ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ. ვ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი მოტივებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; როგორც დაზარალებულმა, ისე მოწმეებმა, პოლიციის თანამშრომლებმა - ჯ. შ–მა და ი. ტ–მ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას სასამართლოს მიაწოდეს გამოძიებაში მიცემული ჩვენებებისაგან განსხვავებული ინფორმაცია, რაზეც სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია; შ. ვ–ს დაკავების მომენტში მის სიახლოვეს დაზარალებულისათვის მოპარული და შემდეგ გადაგდებული საფულე არ არსებობდა, ვინაიდან ბრალდებულს არ ჰქონია და, შესაბამისად, იგი არც არსად გადაუგდია; ასეთ შემთხვევაში საფულეს პოლიცია ამოიღებდა შ. ვ–ს თანდასწრებით და არა - მას შემდეგ, რაც იგი წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ხოლო განყოფილებაში მისი წაყვანის შემდეგ, საფულე, რომელიც რეალურად დაზარალებულს ჰქონდა, თვითონ პოლიციელებმა დააგდეს მისი დაკავების ადგილას; ამასთან, დაზარალებულის საფულეზე არ დანიშნულა არცერთი სახის ექსპერტიზა; არ გამოკითხულა სამარშრუტო ტაქსიში მყოფი არცერთი ნეიტრალური მოწმე, ორი პოლიციელის - შ–ისა და ტ–ს, ასევე დაინტერესებული პირის - დაზარალებულის გარდა.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 ივნისის განაჩენით შ. ვ–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
შ. ვ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდა - 2019 წლის 25 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო.
გაუქმდა შ. ვ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ვ–ამ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 25 სექტემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. ბ............ში, სავაჭრო ცენტრ „................ან“ .................ის მიმართულებით მოძრავ N.. მიკროავტობუსში, ძარცვისათვის ნასამართლევი შ. ვ–ა, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, არაერთგზის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მგზავრის - ტ. პ–ს საფულეს, რომელშიც მას მოთავსებული ჰქონდა 60 ლარი, 5 თურქული ლირა, თავისი და ოჯახის წევრების პირადი საბუთები.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა შ. ვ–ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ–მ. აპელანტებმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ შ. ვ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ტ. პ–ს ჩვენებით, მოწმეების - ი. ტ–ს, ჯ. შ–ს, მ. ა–ს, ი. თ–ს, რ. ბ–ს ჩვენებებით, შ. ვ–ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
9. დაცვის მხარე ცდილობს დაზარალებულ ტ. პ–სა და მოწმე პოლიციელების - ი. ტ–სა და ჯ. შ–ს ჩვენებები არასარწმუნო და არადამაჯერებელ მტკიცებულებებად წარმოაჩინოს, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ეთანხმება ქვედა ინსტანციის საამართლოების შეფასებას, რომ დაზარალებულის ჩვენება თანმიმდევრული, დამაჯერებელი და გულწრფელია, ამასთან, რაიმე ინტერესი დაზარალებულის, ისევე როგორც შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციელების - ი. ტ–სა და ჯ. შ–ს მხრიდან შ. ვ–ს მიმართ არ იკვეთება. გარდა ამისა, საქმის ყველა ძირითად გარემოებასთან მიმართებით, დაზარალებულისა და ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებები სრულად არის თანხვდენილი ერთმანეთთან და მათ შორის რაიმე სახის არსებითი განსხვავება ან წინააღმდეგობა არ არსებობს. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება იმ მოტივებს, თუ რატომ არ გაიზიარეს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა დაცვის მხარის მოწმეების - ლ. კ–ისა და თ. ა–ის ჩვენებები. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის - ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი, რის შედეგადაც ამოიღეს დაზარალებულისაგან ნაქურდალი საფულე, ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე და, შესაბამისად, არ არსებობს ნივთმტკიცების მოპოვების კანონიერების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ შ. ვ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი