საქმე # 330100120003507840
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №905აპ-20 ქ. თბილისი
ვ–ე დ., 905აპ-20 1 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ნანა ჯაყელმა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულ დ. ვ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელების შეფარდებას, სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, შემდეგი საფუძვლებით: მართალია, სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მსჯავრდებული დ. ვ–ე სისტემატურად, დაახლოებით 5 წლის განმავლობაში, ძალადობდა ოჯახის ორი წევრის - ხანდაზმული მშობლების მიმართ, რაც გამოიხატებოდა არა მხოლოდ სიტყვიერ შეუარაცხყოფაში, არამედ - ფიზიკურ ძალადობაშიც, ამასთან, იგი ალკოჰოლდამოკიდებული პირია, მაგრამ სასამართლომ მას განუსაზღვრა ზედმეტად ლმობიერი სასჯელი.
2. მსჯავრდებულ დ. ვ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. გ–ა საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს პროკურორის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 8 ივლისის განაჩენით დ. ვ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, დ. ვ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა - განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 9 (ცხრა) თვე ჩაეთვალა პირობით, და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
დ. ვ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 30 იანვრიდან.
მსჯავრდებულს დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ვ–ემ ჩაიდინა: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
დ. ვ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2020 წლის 30 იანვარს, საღამოს საათებში, ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი დ. ვ–ე მივიდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: ქ. თ........ში, ...........ას გამზირი №.., ბინა №..-ში, სადაც ცხოვრობს მშობლებთან - ხ. ვ–ს, ლ. გ–სა და მეუღლესთან - ლ. ბ–ე-ვ–თან ერთად, რა დროსაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მშობლებს - ხ. ვ–სა და ლ. გ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ „ორივეს აჭრიდა და დახოცავდა“, რის შედეგადაც ხ. ვ–სა და ლ. გ–ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2019 წლის 12 ივნისს ქ. თ...........ში, ............ს გამზირი №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, დ. ვ–მ ოჯახური კონფლიქტის დროს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მშობლებს და ხელი ჰკრა მამას - ხ. ვ–ეს. ლ. გ–ემ სცადა პოლიციის გამოძახება, რა დროსაც დ. ვ–ემ ტელეფონი გამოგლიჯა ხელიდან და სამჯერ ძლიერად ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც ლ. გ–ს წამოუვიდა სისხლი და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
- დ. ვ–ე ცხოვრობს ქ. .........ში, .............ს გამზირი №.., ბინა №..-ში მშობლებთან: ხ. ვ–თან, ლ. გ–სა და მეუღლესთან - ლ. ბ–ე-ვ–სთან ერთად. დაახლოებით ხუთი წლის წინ მან სისტემატურად დაიწყო ალკოჰოლური სასმლის მიღება, რის შემდეგაც ხდებოდა აგრესიული და სისტემატურად ფსიქოლოგიურად ძალადობდა მშობლებზე, კერძოდ: მათ სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, ამტვრევდა სახლში საყოფაცხოვრებო ნივთებს, აგინებდა და ლანძღავდა მშობლებს უშვერი სიტყვებით, რასაც ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა. დ. ვ–ს ქმედებების შედეგად ხ. ვ–ე და ლ. გ–ე თავს გრძნობდნენ დამცირებულად და განიცდიდნენ ტანჯვას.
მსგავსი ფაქტები განმეორდა 2018 წლის 8 ივნისს თავიანთ საცხოვრებელ სახლში, როდესაც დ. ვ–მ ფსიქოლოგიურად იძალადა მშობლებზე, კერძოდ: მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ხ. ვ–ს და დედა შეაგინა ლ. გ–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელებმა განიცადეს ტანჯვა. მათ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, რის შემდეგაც პოლიციამ შეადგინა შემაკავებელი ორდერი.
2018 წლის სექტემბერში თავის საცხოვრებელ სახლში დაბრუნებულმა დ. ვ–მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დედას ლ. გ–ს, შეაგინა დედის მისამართით, რის შედეგადაც ლ. გ–ემ განიცადა ტანჯვა.
2019 წლის 6 ივნისს თავიანთ საცხოვრებელ სახლში დ. ვ–ემ კვლავ ფსიქოლოგიურად იძალადა მშობლებზე - ხ. ვ–ზე და ლ. გ–ეზე, კერძოდ: უყვიროდა მათ, აგინებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც ხ. ვ–მ და ლ. გ–მ განიცადეს ტანჯვა. მათ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, რის შემდეგაც პოლიციამ შადგინა შემაკავებელი ორდერი.
ანალოგიური განმეორდა 2019 წლის 12 ივნისს, კერძოდ: დ. ვ–მ ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მშობლებს, აგინებდა მათ, რის შედეგადაც ხ. ვ–მ და ლ. გ–მ განიცადეს ტანჯვა და თავი დამცირებულად იგრძნეს. კონფლიქტის საფუძველზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია.
2020 წლის 25 იანვარს სახლში დაბრუნებულმა დ. ვ–მ კვლავ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მშობლებს, აგინებდა უშვერი სიტყვებით, რის შედეგადაც ხ. ვ–მ და ლ. გ–მ განიცადეს ტანჯვა და თავი დამცირებულად იგრძნეს. ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები განმეორდა 2020 წლის 26 და 27 იანვარს, როდესაც დ. ვ–მ თავიანთ საცხოვრებელ სახლში კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მშობლებს, რის შედეგადაც ხ. ვ–მ და ლ. გ–მ განიცადეს ტანჯვა და თავი დამცირებულად იგრძნეს.
2020 წლის 30 იანვარს ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფმა დ. ვ–ემ ფსიქოლოგიურად იძალადა მშობლებზე, კერძოდ: მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ხ. ვ–მ და ლ. გ–მ განიცადეს ტანჯვა. კონფლიქტის საფუძველზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 8 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ნანა ჯაყელმა. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმება და დანიშნული სასჯელის სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 8 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნას სასჯელის გამკაცრების შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის საფუძველზეც მსჯავრდებულ დ. ვ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). ამასთან, სასამართლომ მსჯავრდებულ დ. ვ–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად, ასევე გაითვალისწინა შემამსუბუქებელი გარემოებებიც, კერძოდ, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულების პოზიცია, რომ მათ დ. ვ–ს მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, აქვთ შემრიგებლური დამოკიდებულება და სასამართლოსაგან ითხოვეს მსუბუქი სასჯელის გამოყენება, რათა ბრალდებულს მიეცეს ოჯახის წევრებთან თანაცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა; დ. ვ–ე ითვლება ნასამართლობის არმქონე პირად, ჰყავს ოჯახი და დაკავებამდე მუშაობდა ხელოსნად, ხოლო მიღებული შემოსავლით მატერიალურად უზრუნველყოფდა ოჯახს, მათ შორის - ჯანმრთელობის პრობლემების მქონე არასრულწლოვან შვილს და ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით განუსაზღვრა კანონიერი სასჯელი, რომლის დამძიმება საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი