საქმე # 180100119002801217
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№909აპ-20 ქ. თბილისი
ზ–ე ც., 909აპ-20 2 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ც. ზ–ს და მისი ადვოკატის - დ. ჩ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ც. ზ–მ და მისმა ადვოკატმა დ. ჩ–მ, რომლებიც ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ სტანდარტებს; კასატორების მტკიცებით, ც. ზ–ს მიერ მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა არ დადასტურებულა სასამართლოში გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით; გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დაზარალებულმა დ. მ–მ წარსულშიც დასწამა ცილი ც. ზ–ს ძალადობაში, თუმცა იგი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო გამამტყუნებელ განაჩენს, ერთი მხრივ, არასრულფასოვნად არის ასახული განაჩენში, ხოლო, მეორე მხრივ, ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტს.
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის განაჩენით ც. ზ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ც. ზ–მ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. .......ში, ............ის ტაძარში, ც. ზ–მ ურთიერთშეკამათების საფუძველზე, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დ. მ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ჯემალ ნათელაშვილმა, რომელიც ითხოვდა სასჯელის გამკაცრებას და მსჯავრდებულ ც. ზ–ს ადვოკატმა დ. ჩ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გადაწყვეტილებაში არასრულყოფილად ასახა და არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში სრულყოფილად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ც. ზ–ს ბრალეულობა და, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში დაცვის მხარის ყველა საკვანძო არგუმენტს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და ეთანხმება; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულ დ. მ–სა და მოწმეების - ი. კ–სა და მ. გ–ის ჩვენებები მტკიცების საგანთან მიმართებით არის თანმიმდევრული და თანხვდენილი როგორც ერთმანეთთან, ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან - მოწმე თ. ჩ–ს ჩვენებასა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, ხოლო უმნიშვნელო განსხვავებები, რომლებიც შესაძლოა, შეინიშნებოდეს მათ მონათხრობში, ვერ დაუკარგავს მოწმეთა ჩვენებებს სანდოობას; საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის: დაზარალებულ დ. მ–სა და მოწმეების - ი. კ–ს, მ. გ–სა და თ. ჩ–ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ც. ზ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპირო მტკიცება არ გამომდინარებს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ც. ზ–ს და მისი ადვოკატის - დ. ჩ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი