საქმე # 330100119003061674
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№928აპ-20 ქ. თბილისი
ი–ი მ., 928აპ-20 2 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ი–ს ადვოკატ გ. ლ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ი–ს ადვოკატმა გ. ლ–მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია; კასატორის მითითებით, სასამართლომ, ერთი მხრივ, უკანონო სასჯელი შეუფარდა მსჯავრდებულს, ვინაიდან გამოკვეთილი იყო განაჩენთა ერთობლიობა, ხოლო, მეორე მხრივ, არასრულფასოვნად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები; სასამართლომ ისე მიიჩნია დადასტურებულად მუქარის ფაქტი, რომ დაზარალებულს სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია და მუქარის რეალურობა არ დადგენილა, რაც მსჯავრად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია და იყო თუ არა მუქარა შიშის მომგვრელი, მხოლოდ დაზარალებულის განმარტებებით ირკვევა; სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დააფუძნა მხოლოდ მოწმე მ. ა–ს ჩვენებას, რომელიც არის არათანმიმდევრული და არადამაჯერებელი; საქმეში არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა მ. ი–ს მსჯავრდებისათვის.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ი–ს ბრალად დაედო ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 18 მაისს, საღამოს, დაახლოებით 20:45 საათზე, ქ. თ...........ში, ...........ის ქუჩის მე-.. გასასვლელის №..-ში, მ. ი–ი ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ნ. გ–ს, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. მ. ი–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 7 თებერვლის განაჩენით მ. ი–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 7 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადეის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ ქირიამ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 7 თებერვლის განაჩენი; მ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 160 საათით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 135 საათით.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ სარწმუნოდ დადგენილად მიიჩნია მ. ი–ს ბრალეულობა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ე. ა–ს გამოკითხვის ოქმითა და მ. ა–ს ჩვენებით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეაფასა მოცემულობა, როდესაც, ერთი მხრივ, დაზარალებულმა ნ. გ–მ და მოწმე მ. ი–მ ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს მ. ი–ს მამხილებელი ჩვენებები სასამართლოს, ხოლო, მეორე მხრივ, გააცნობიერა, რომ სწორედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა, გაიხმო თუ არა საჩივარი უკან დაზარალებულმა ან შეურიგდა თუ არა მოძალადეს; საკასაციო სასამართლო ეთანხება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოწმეების - ე. ა–ს გამოკითხვის ოქმითა და მ. ა–ს ჩვენებით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ მ. ი–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ნ. გ–ს და არ იზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ თითქოსდა, მოწმეების - ე. ა–ს გამოკითხვის ოქმი და მ. ა–ს ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რადგან ისინი, ერთი მხრივ, თანხვდენილია ერთმანეთთან საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის გარემოებებთან მიმართებით - რა სიტყვებით დაემუქრა მსჯავრდებული მეუღლეს, როგორ დაუმიზნა იარაღის მაგვარი საგანი და შემდეგ გაისროლა ჰაერში, ხოლო, მეორე მხრივ, დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით - მ. ი–ს ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, საიდანაც ამოღებულია დანაშაულის საგანი და ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნებით, რომლებითაც დადგინდა, რომ მ. ი–ს ავტომანქანიდან ამოღებული იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ ნომინალურკალიბრიანი, ,,EKOL Aras Magnum“ მოდელის ხმოვანი პისტოლეტი, საიდანაც ბოლო გაწმენდის შემდეგ მომხდარია გასროლა; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე არაგონივრულია მტკიცება, რომ თითქოსდა, დაზარალებულის ჩვენების გარეშე შეუძლებელია მსხვერპლის მიერ განცდილი შიშის რეალურობის დადგენა (სუბიექტური კრიტერიუმი), ურომლისოდაც გამოკვეთილი არ არის მ. ი–სათვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის - მუქარის - შემადგენლობა და მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილია სხვა საკმარისი მტკიცებულებები: მოწმეების - ე. ა–ს გამოკითხვის ოქმი და მოწმე მ. ა–ს ჩვენება დანაშაულის ამ სავალდებულო ნიშნის ფაქტობრივად (ობიექტურად) დასადასტურებლად (იხ.: მაგალითისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი №97აპ-20 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 24).
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად დაარღვია კანონი, როდესაც მ. ი–ს საბოლოო სასჯელი არ განუსაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით, როდესაც გამოკვეთილი იყო ამის აშკარა წინაპირობა, კერძოდ, მ. ი–ს მიმართ არსებობდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვლის განაჩენი, რაზეც საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, მიუთითებს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვლის განაჩენის ასლი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას დაცვის მხარემ წარუდგინა 2020 წლის 7 თებერვლის სხდომაზე, როდესაც სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი უკვე დასრულებული იყო, ხოლო სასამართლო ისმენდა მხარეთა დასკვნით სიტყვებს და, ამდენად, მას არ უმსჯელია ამ მტკიცებულების დასაშვებობაზე და იგი არც გამოკვლეულა მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულა; შესაბამისად, ეს მტკიცებულება ვერაფრით დაედებოდა საფუძვლად მ. ი–ს მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო, მეორე მხრივ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ და უზენაესი სასამართლოს მიერ საჩივრის დაშვებისა და მისი არსებითად განხილვის შემთხვევაშიც კი, სასამართლო გასაჩივრებულ განაჩენს მსჯავრდებულის საუარესოდ ვერ შეაბრუნებდა, საამისოდ აუცილებელი საპროცესო საფუძვლის - ბრალდების მხარის მოთხოვნის არარსებობის გამო.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ი–ს ადვოკატ გ. ლ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი