Facebook Twitter

საქმე # 080100119002820509

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №954აპ-20 ქ. თბილისი

კ–ე მ., 954აპ-20 1 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ჩ–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლომ უაპელაციოდ გაიზიარა ბრალდების მხარის ყველა არგუმენტი და მთლიანად დაეყრდნო გამოძიების ვერსიას; მსჯავრდებულ მ. კ–ს არ მოუკლავს ა. კ–ე და 2018 წლის 15 ოქტომბერს განვითარებული კონფლიქტი მამა-შვილს შორის მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირებით შემოიფარგლა.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის განაჩენით მ. კ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით.

გაუქმდა მ. კ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

მ. კ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 ოქტომბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. კ–მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ..........ის მუნიციპალიტეტის სოფელ ....ში, თავის საცხოვრებელ სახლში, მ. კ–ს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შელაპარაკება მოუვიდა მამასთან - ა. კ–ესთან. ურთიერთშელაპარაკებით შეურაცხყოფილმა და განაწყენებულმა მ. კ–მ შურისძიების მოტივით, განიზრახა მამის - ა. კ–ს განზრახ მკვლელობა. ამ მიზნით, იგი ავიდა სახლის მეორე სართულზე, საიდანაც აიღო თავისი კუთვნილი სანადირო თოფი და დამუხტული ჰილზები, რომელთაგან ერთ-ერთი მოათავსა თოფში, ჩავიდა ეზოში და დაახლოებით 3 მეტრი მანძილიდან სამჯერ გაისროლა სახლში მყოფი მამის, ა. კ–ს მიმართულებით, რა დროსაც მას გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება, რის შედეგადაც ა. კ–ე იმავე დღეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ჩ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ. კ–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ა. გ–ის, ჯ. კ–ს, ფ. ბ–ს, გ. კ–ის, ჯ. ი–ს, ვ. ჩ–ს, ლ. კ–ს, შ. ღ–ს, ა. ღ–ს, ა. მ–ს, ნ. ქ–ს, მ. კ–ს ჩვენებებით, 2018 წლის 20 დეკემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N...... დასკვნით, 2019 წლის 4 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნით, 2019 წლის 22 და 23 იანვრის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N........... და N........... დასკვნებით, 2019 წლის 7 თებერვლის ბალისტიკური ექსპერტიზის N... დასკვნით, 2019 წლის 26 მარტის ტრასოლოგიურიN... დასკვნითა და მითითებული ექსპერტიზების ჩამტარებელი ექსპერტების - გ. შ–ს, გ. გ–ს, ქ. შ–ს, მ. ბ–ს, ქ. ქ–ს, ზ. გ–ს, ლ. მ–სა და ზ. გ–ს ჩვენებებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმებით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, გვამის დათვალიერების ოქმით, მ. კ–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ა. კ–სა და მ. კ–ს საცხოვრებელი სახლის, ეზოსა და დამხმარე სათავსების დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებულია, რომ მ. კ–მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი