Facebook Twitter

ას-210-515-04 30 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: დავალიანების გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. ნ-ა, ზ. ხ-ი, ლ. ჯ-ე, მ. გ-ე, რ. მ-ი, მ. ნ-ე, ლ. კ-ი, ნ. დ-ი, პ. მ-ი, რ. შ-ი, ჟ. ჯ-ი, ს. ვ-ი, რ. ც-ე და ნ. ხ-ი არიან სს „ე-ის“ აბონენტები, რომლებსაც აქვთ მრიცხველები დაყენებული ამ საზოგადოების ინიციატივით. მრიცხველების დაყენებამდე პერიოდისათვის მოხმარებული ელექტროენერგიისათვის მათ დაურიცხა სს „ე-მა“ ფიქსირებული გადასახადი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებაში არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი შემდეგი აქტები: „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2001წ. 31 დეკემბრის ¹15 დადგენილებით დამტკიცებული «ფიქსირებული გადასახადის მიხედვით ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი“ (ეს აქტი ძალადაკარგულია 2003წ. 6 იანვრიდან).

2003წ. 8 იანვარს სს „ე-ის“ გენერალურმა მენეჯერმა გამოსცა შემდეგი შინაარსის ბრძანება: საკონსტიტუციო სასამართლოს 2002წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სანამ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია (სემეკი) გამოიტანს ახალ დადგენილებას ტარიფის სქემასთან და გაუმრიცხველიანებელი აბონენტების მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, სემეკის მიერ დამტკიცებული ყველა დადგენილება და წესი, მათ შორის „ელექტროენერგიის ტარიფების“ შესახებ სემეკის 2002წ. 15 ოქტომბრის ¹12 დადგენილება და „ფიქსირებული გადასახადის მიხედვით ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი, რომელიც დამტკიცებული იყო სემეკის 2001წ. 31 დეკემბრის ¹15 დადგენილებით, ძალაშია და სავალდებულო ძალას ატარებს. ბრძანებაში მითითებულია ასევე, რომ სს «ე-ის“ ყველა განყოფილება და ბიზნესცენტრი მუშაობას აგრძელებს იმავე რეჟიმით, რომელიც მოქმედებდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. შესაბამისად მოსახლეობა ახლაც ვალდებულია ისევე გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური, როგორც იხდიდა 2002წ. 30 დეკემბრამდე. გადაუხდელობის შემთხვევაში მომხმარებელს უნდა შეუწყდეს ელექტროენერგიის მიწოდება, როგორც ეს დადგენილია არსებული კანონმდებლობით. სს „ე-ის“ გენერალური მენეჯერის ეს ბრძანება უკანონოდ იქნა მიჩნეული მოქალაქეების რ. ნ-ას, ზ. ხ-ის, ლ. ჯ-ის, მ. გ-ის, რ. მ-ის, მ. ნ-ის, ლ. კ-ის, ნ. დ-ის, პ. მ-ის, რ. შ-ის, ჟ. ჯ-ის, ს. ვ-ის, რ. ც-ის, ნ. ხ-ის მიერ. ამ მოქალაქეების წარმომადგენლებმა ლ. ქ-ემ და დ. ნ-ემ 2003წ. მაისში სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე სს „ე-ის“ მიმართ და მოითხოვეს „ე-ის“ გენერალური მენეჯერის 2003წ. 8 იანვრის ბრძანების ბათილად ცნობა, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილებას. „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს, იმავე მუხლის მეხუთე ნაწილებს. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ასევე სს „ე-ის“ მიერ „ფიქსირებული გადასახადის“ მოთხოვნის უკანონოდ ცნობა. მოპასუხის მიერ მიღებული გადაწყვეტილების, რომლითაც მათ დაეკისრათ „ფიქსირებული გადასახადის“ გადახდა სულ 8460 ლარის ოდენობით, ბათილად ცნობა. მათ მიერ უკანონოდ გადახდილი თანხის წინსწრებით გადახდილად ჩათვლა. ასევე მოპასუხე ორგანიზაციის მიერ დადებული იმ ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, რომლებიც წარმოშობენ „ფიქსირებული გადასახადის“ გადახდის ვალდებულებას.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 ივნისის წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს ........ (.......) პარტიის სახელით. მოსარჩელეების წარმომადგენლების ლ. ქ-ის, დ. ნ-ის და გ. გ-ას სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი სს „ე-ის“ გენერალური მენეჯერის 2003წ. 8 იანვრის ბრძანება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. უკანონოდ იქნა ცნობილი სს „ე-ის“ მიერ ელექტროენერგიის მომხმარებლებისაგან „ფიქსირებული გადასახადის“ მოთხოვნა და მოპასუხეს დაევალა ამ წესით მოსარჩელეებზე დარიცხული დავალიანების ამოღების აღსრულების შეჩერება აღნიშნულ საქმეზე გამოტანილი წინასწარი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე და მოცემული საქმის არსებითად გადაწყვეტამდე. სარჩელის დანარჩენ ნაწილში სასამართლოს სხდომა გადაიდო და საქმის წარმოება განახლდება წინასწარი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. რაიონული სასამართლოს წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ მოტივებს: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „სემეკის 2001წ. 31 დეკემბრის ¹15 დადგენილებით დამტკიცებული ფიქსირებული გადასახადის“ მიხედვით ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი, კანონიერ ძალაში შევიდა 2003წ. 6 იანვარს. ამ მომენტიდან ზემოაღნიშნული წესი იურიდიულად ძალადაკარგულია, ამიტომ სს „ე-ის“ გენერალურ მენეჯერს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი 2003წ. 8 იანვარს გამოეცა ზემოაღნიშნული ბრძანება, რომლითაც გააუქმა ფაქტიურად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება. ამიტომ მისი უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემული ბრძანება იურიდიული ძალის არმქონეა და ბათილად იქნა ცნობილი. სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელი დასაბუთებულია ასევე „ფიქსირებული გადასახადის“ მოთხოვნის უკანონოდ ცნობის ნაწილშიც. სასამართლომ მიუთითა, რომ დადგენილია სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები, მაგრამ მოსარჩელეთა ამ მოთხოვნების მოცულობა (ოდენობა) ამჟამად დაუზუსტებელია. ამიტომ სასამართლომ სსკ-ის 246-ე მუხლის შესაბამისად გამოიტანა წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება, ხოლო დანარჩენ ნაწილში საქმის განხილვა გადადო მოცემული წინასწარი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სასამართლომ იხელმძღვანელა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის მე-20 მუხლით, რომლის თანახმად კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა არ ნიშნავს ამ აქტის საფუძველზე ადრე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებისა და განაჩენის გაუქმებას, იწვევს მხოლოდ მათი აღსრულების შეჩერებას საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლომ ამ ნორმაზე მითითებით ჩათვალა, რომ კერძო სამართლის სუბიექტის მიერ მიღებული უკანონო ბრძანების შესრულებაც აუცილებლად უნდა შეჩერდეს. ამიტომ მოსარჩელეებზე „ფიქსირებული გადასახადის“ წესით დარიცხული დავალიანების ამოღება ფაქტიურად უკვე შეჩერებულია და სასამართლო ვალდებულია დაავალოს მოპასუხეს, რომ თავი შეიკავოს აღნიშნული წესით დარიცხული თანხის მომხმარებლისაგან ამოღებაზე. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეების ძირითადი მოთხოვნის „ფიქსირებული გადასახადის“ გამო არსებული დავალიანების ჩამოწერის თაობაზე, არსებითად განხილვა სასამართლოში იმ დროისათვის ვერ ხერხდება, ამიტომ მოსარჩელეთათვის ელექტროენერგიის გათიშვის თავიდან აცილების მიზნით სასამართლომ მიიღო სარჩელის განუხილველი ნაწილის უზრუნველყოფის ღონისძიებები სსკ-ის 198-ე მუხლის „ბ“ პუნქტით.

სს „ე-ის“ წარმომადგენელმა ა. ა-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სს „ე-ის“ სააპელაციო საჩივარი. უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება ემყარება შემდეგ მოტივებს: პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ რაიონულმა სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 246-ე მუხლი, რადგან მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ სადავო ბრძანების ბათილად, ხოლო ფიქსირებული გადასახადის უკანონოდ ცნობით დავა გადაწყვიტა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლის ნაწილში. სასარჩელო მოთხოვნათა მოცულობის, კერძოდ დავალიანების თანხათა ოდენობის ნაწილში, საქმეზე გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი. სს „ე-ის“ გენერალური მენეჯერის 2003წ. 8 იანვრის ბრძანება არ იყო დაშვებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის აღსასრულებლად. აღსრულების წესი და ვადა დადგენილი იყო თვითონ ამ გადაწყვეტილებით. გასაჩივრებული ბრძანება კი სააპელაციო პალატამ მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტებად, რისი უფლებაც აქვს მხოლოდ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს და არა მხარეს. ამასთან სადავო ბრძანების შინაარსი არ არის იდენტური საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს „ე-ის“ გენერალურმა დირექტორმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება იმავე პალატისათვის. საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არ არის მითითებული მატერიალური სამართლის კონკრეტული ნორმა, რომლითაც შეეძლო სასამართლოს ემსჯელა 1999 წლიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე მოსარჩელეებისათვის ფიქსირებული წესით დარიცხული მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების მოთხოვნის უფლების არაკანონიერებაზე. სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ სადავო ბრძანების ბათილად ცნობით და ფიქსირებული გადასახადის წესით დარიცხული თანხების უკანონოდ ცნობით დავა გადაწყდა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლის ნაწილში, რადგან ამით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა სარჩელი ნაწილობრივ. ისინი დამოუკიდებელ მოთხოვნებს წარმოადგენენ და დავა გადაწყდა ნაწილობრივ. სასამართლოებს არ ჰქონდათ უფლება ემსჯელათ ფიქსირებული მეთოდით დარიცხული გადასახადის და ამით დაგროვილი ვალის მოთხოვნის კანონიერებაზე, მით უფრო, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე მოსარჩელეებს ფიქსირებული სიდიდეებით ელექტროენერგიის ღირებულება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არ ერიცხებათ.

სააპელაციო პალატამ ყურადღება არ მიაქცია იმას, რომ რაიონული სასმართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დაკმაყოფილდა ........ პარტიის წარმომადგენლების სარჩელი, რომლებიც პროცესში მხარედ არ ყოფილან ჩართულნი. საქმეში არ არის ამ პარტიის სახელით ლ. ქ-ის, დ. ნ-ის და გ. გ-ას მიერ შეტანილი სასარჩელო განცხადება. ამდენად, სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა იმ პირთა მიმართ, რომლებიც საქმეში მხარედ არ იყვნენ ჩართულნი, ამით კი დაირღვა სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაარკვია, რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვა სს „ე-ის“ გენერალური დირექტორის მიერ გამოცემულ სადავო ბრძანებას მოსარჩელეებთან მიმართებაში. მათ ამ ბრძანების შინაარსი არ შეხებიათ, რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე თითოეული მათგანი ელექტროენერგიას მოიხმარდა კასატორის მიერ დამონტაჟებული მრიცხველებით. BGმათ ჰქონდათ მოპასუხე ორგანიზაციის ფიქსირებული დარიცხვის გზით დაგროვილი დავალიანება, რომელიც უნდა დაეფარათ 1999-2000-2001 წლებში, ვინაიდან უმრიცხველოდ ელექტროენერგიის მოხმარებისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლის სხვა ნორმა 2001წ. 31 დეკემბრის ¹29 გადაწყვეტილების გარდა არ არსებობდა, ხოლო 2001წ. 31 დეკემბრის ¹15 გადაწყვეტილებით დადგენილი ფიქსირებული დარიცხვის წესი მოსარჩელეებს არ შეხებიათ. საკონსტიტუციო სასამართლოს კი არ უმსჯელია სემეკის 1999წ. 16 ივნისის ¹29 გადაწყვეტილების კანონიერებაზე. მოსარჩელეთა დავალიანება მოპასუხე ორგანიზაციის მიმართ წარმოშობილია სწორედ 2001წ. 31 დეკემბრის ¹15 დადგენილების გამოცემამდე. საკონსტიტუციო სასამართლოს 2002წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით 2003წ. 6 იანვრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალა ფიქსირებული დარიცხვის მეთოდით ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი. ამ გადაწყვეტილებას არ მინიჭებია და ვერც მიენიჭებოდა უკუქცევითი ძალა და მისი მოქმედება ვერ გავრცელდება ამ გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე, ამიტომ მოსარჩელეთა მიერ 1999წ. 4 იანვრიდან მათი ქსელის ინდივიდუალურად მოწესრიგებამდე პერიოდში დაგროვილი ელექტროენერგიის დებიტორული დავალიანების მოთხოვნის უკანონობაზე და ამ ნორმით გამოწვეული შედეგების ბათილობაზე მოთხოვნა დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ კანონის მე-20 მუხლის მეორე ნაწილი, აღსრულების შეჩერების თაობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს 2002წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილების მეოთხე ნაწილში ნათლადაა მითითებული ამ გადაწყვეტილების აღსრულების წესზე და მის სამართლებრივ შედეგებზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 ივნისის წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს ....... (........) პარტიის სახელით მოსარჩელეების წარმომადგენლების ლ. ქ-ის, დ. ნ-ის და გ. გ-ას სარჩელი.

საკასაციო პალატას დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად მიაჩნია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ ყურადღება არ მიაქცია იმას, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დაკმაყოფილდა ...... პარტიის წარმომადგენლების სარჩელი, რომლებიც პროცესში მხარედ არ ყოფილან ჩართულნი. საქმეში არ არის ამ პარტიის სახელით ლ. ქ-ის, დ. ნ-ის და გ. გ-ას მიერ შეტანილი სასარჩელო განცხადება. დადგენილია, რომ საქართველოს ....... პარტიის სახელით გ. გ-ას სასამართლოში სარჩელი არ აღუძრავს. სსკ-ის 177-ე 179-ე მუხლების შესაბამისად 177-ე მუხლის მეორე ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ სარჩელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 ივნისის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ ...... შრომის პარტიის წარმომადგენელი გ. გ-ა მოსარჩელედ არის მითითებული, მაგრამ საქმეში არ მოიპოვება მისი წერილობითი ფორმით შედგენილი სასარჩელო განცხადება, არც სასამართლოს განჩინებაა საქმეში ასეთი სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა რაიონული სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე სსკ-ის 177-179-ე მუხლების დარღვევის თაობაზე.

დადგენილია, რომ მოქალაქეების რ. ნ-ას, ზ. ხ-ის, ლ. ჯ-ის, მ. გ-ის, რ. მ-ის, მ. ნ-ის, ლ. კ-ის, ნ. დ-ის, პ. მ-ის, რ. შ-ის, ჟ. ჯ-ის, ს. ვ-ის, რ. ც-ის, ნ. ხ-ის წარმომადგენლებმა ლ. ქ-ემ და დ. ნ-ემ 2003წ. მაისში სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე სს „ე-ის“ მიმართ და მოითხოვეს „ე-ის“ გენერალური მენეჯერის 2003წ. 8 იანვრის ბრძანების ბათილად ცნობა, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილებას, „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს, იმავე მუხლის მეხუთე ნაწილს. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ასევე სს „ე-ის“ მიერ „ფიქსირებული გადასახადის“ მოთხოვნის უკანონოდ ცნობა. მოპასუხის მიერ მიღებული გადაწყვეტილების, რომლითაც მათ დაეკისრათ „ფიქსირებული გადასახადის“ გადახდა სულ 8460 ლარის ოდენობით, ბათილად ცნობა. მათ მიერ უკანონოდ გადახდილი თანხის წინსწრებით გადახდილად ჩათვლა. ასევე მოპასუხე ორგანიზაციის მიერ დადებული იმ ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, რომლებიც წარმოშობენ „ფიქსირებული გადასახადის“ გადახდის ვალდებულებას. რაიონული სასამართლოს წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სს „ე-ის“ გენერალური მენეჯერის 2003წ. 8 იანვრის ბრძანება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. უკანონოდ იქნა ცნობილი სს „ე-ის“ მიერ ელექტროენერგიის მომხმარებლებისაგან „ფიქსირებული გადასახადის“ მოთხოვნა და მოპასუხეს დაევალა ამ წესით მოსარჩელეებზე დარიცხული დავალიანების ამოღების აღსრულების შეჩერება აღნიშნულ საქმეზე გამოტანილი წინასწარი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე და მოცემული საქმის არსებითად გადაწყვეტამდე. სარჩელის დანარჩენ ნაწილში სასამართლოს სხდომა გადაიდო და საქმის წარმოება განახლდება წინასწარი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 246-ე მუხლი. ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად თუ სადავოა სასარჩელო მოთხოვნის როგორც ფაქტობრივი, ასევე ამ მოთხოვნის მოცულობა (ოდენობა), სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს წინასწარი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის შესახებ. იმავე მუხლის მეორე ნაწილში მითითებულია, რომ ასეთი წინასწარი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის წესით. კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მას ექნება პრეიუდიციული ძალა სასამართლოს მეორე გადაწყვეტილებისათვის, რომელიც მოთხოვნის მოცულობას განსაზღვრავს. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წინასწარი (შუალედური) ეწოდება ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოდის სარჩელის მხოლოდ ერთ-ერთი ელემენტის, კერძოდ, მისი საფუძვლის მიმართ. სარჩელის საფუძველში შედიან და მას ქმნიან გარემოებები, რომლებსაც ემყარება და რომლებიც ფაქტობრივად ასაბუთებენ მის მეორე ელემენტს – სარჩელის საგანს ანუ სასარჩელო მოთხოვნას. ასეთი წინასწარი გადაწყვეტილების გამოტანა შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი დადგენილია და არავითარ ეჭვს არ იწვევს, ხოლო თვითონ მოთხოვნის მოცულობის (ოდენობის) დადგენა და განსაზღვრა დაკავშირებულია მრავალრიცხოვან გაანგარიშებებთან, მოთხოვნილი საგნების მოცულობის, ოდენობისა და ხარისხის განსაზღვრასთან და ა.შ. ასეთ წინასწარ გადაწყვეტილებას, თუ იგი შევა კანონიერ ძალაში, ექნება პრეიუდიციული ძალა მეორე, ე.ი მოთხოვნის მოცულობის განმსაზღვრელი გადაწყვეტილებისათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები აღარ საჭიროებენ კვლავ დადგენას და დადასტურებას მეორე გადაწყვეტილების გამოტანისას, რომელიც მოთხოვნის მოცულობას განსაზღვრავს. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ მოსარჩელეთა ზემოაღნიშნული მოთხოვნების ფაქტობრივი საფუძველი დადგენილია, მაშინ კონკრეტულად რაში გამოიხატება მოსარჩელეთა ამ მოთხოვნების მოცულობის (ოდენობის) დაუზუსტებლობა და რატომ გამოიტანა სასამართლომ ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ასევე, რაიონულმა სასამართლომ რამდენად სწორად მიუთითა, რომ წინასწარი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განახლდეს საქმის წარმოება და სარჩელის დანარჩენ ნაწილში სასამართლომ სხდომა გადადო. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს წინასწარი გადაწყვეტილების გამოტანის გამო საქმის გადადებას. ასევე კანონით არ არის გათვალისწინებული სასამართლო სხდომის გადადება წინასწარი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რადგან ასეთი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ საქმის წარმოება კი არ განახლდება, არამედ მოთხოვნის მოცულობის (ოდენობის) დასადგენად სამოქალაქო საქმის წარმოება იწყება თავიდან, სსკ-ით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, იმაზე, რომ სააპელაციო პალატის განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 412-ე მეხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს «ე-ის» წარმომადგენელი ა. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 ნოემბრის განჩინება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.