Facebook Twitter

საქმე # 330100119003252446

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№87აპ-21 ქ. თბილისი

კ. დ, 87აპ-21 29 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. კ-ს ადვოკატ მ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. კ-ს ადვოკატმა მ. კ-მ, რომელიც მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ზედმეტად მკაცრი, უკანონო და დაუსაბუთებელია, რის გამოც ითხოვს მის შეცვლასა და დ. კ-სათვის შეფარდებული სასჯელის პირობითად ჩათვლას იმ მოტივით, რომ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელსაც დ. კ. აღიარებს და ინანიებს, ხოლო მისი ნასამართლობა ამჟამად გაქარწყლებულია და ითვლება ნასამართლობის არმქონედ.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დათუნა კერესელიძეს ბრალად დაედო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

დ. კ-მ დაუდგენელი პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 9 მმ ნომინალურკალიბრიანი, ,,ეკოლ-მაჟორის“ მოდელის, ... პისტოლეტი და ამავე კალიბრიანი საბრძოლო ვაზნები, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა. 2018 წლის 16 აგვისტოს, .... მდებარე შპს ,,...“ ჩატარებული ჩხრეკისას, ამოიღეს ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

3. დ. კ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 2 სექტემბრის განაჩენით დ. კ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2020 წლის 5 მარტიდან.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. კ-მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

დ. კ-მ დაუდგენელი პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 9 მმ ნომინალურკალიბრიანი, ,,ეკოლ-მაჟორის“ მოდელის, პისტოლეტი და ამავე კალიბრიანი საბრძოლო ვაზნები, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ... მდებარე შპს ,,...“, საიდანაც ამოიღეს 2018 წლის 16 აგვისტოს ჩატარებული ჩხრეკისას.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 2 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. კ-ს ადვოკატმა მ. კ-მ, რომელიც ითხოვდა მის შეცვლასა და დ. კ-სათვის შეფარდებული სასჯელის პირობითად ჩათვლას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 2 სექტემბრის განაჩენში; დ. კ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 27 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 ლარი და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2020 წლის 5 მარტიდან.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს დანაშაულებს, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და დამამძიმებელი (წარსული ნასამართლობა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე და 58-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დ. კ-ს ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომლის პირობითად ჩათვლას, იმის მხედველობაში მიღებით, რომ, ერთი მხრივ, ახალი დანაშაულის ჩადენის დროს დ. კ-ს წინა ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწლებული არ ჰქონია, ხოლო, მეორე მხრივ, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 27 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), მიეკუთნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, არ აქვს კანონიერი გამართლება, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

11. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. კ-ს ადვოკატ მ. კ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი