Facebook Twitter

საქმე # 330100120003728787

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№927აპ-20 ქ. თბილისი

კ–ე კ., 927აპ-20 2 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ განაჩენი უკანონოა და ითხოვს მის შეცვლასა და კ. კ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან, იმის მხედველობაში მიღებით, რომ ჩადენილია ოჯახური დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, მსჯავრდებული დაზარალებულთან არ არის შერიგებული და დაზარალებულს აქვს მასთან პრეტენზია, გამოყენებულ სასჯელი არის უსამართლო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 14 სექტემბრის განაჩენით კ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. კ–მ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონისა და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლიდან 2020 წლის 12 მაისის ჩათვლით კ. კ–ი სდევნიდა ყოფილ მეუღლეს - გ. ფ–ს, კერძოდ, უკანონოდ უთვალთვალებდა, ხვდებოდა სამსახურსა და საცხოვრებელ სახლთან და არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა სოციალურ ქსელ ,,ფეისბუკითა“ და მობილური ტელეფონით, ემუქრებოდა მოკვლითა და ბავშვის წართმევით, გამუდმებით სთხოვდა შეხვედრას და დალაპარაკებას. კ. კ–ს ქმედებებმა გამოიწვია გ. ფ–ს ფსიქიკური ტანჯვა და გაუჩნდა ძალადობის საფუძვლიანი შიში, რამაც აიძულა იგი, მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი, კერძოდ, ერიდებოდა სახლიდან გასვლას, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მარტო მგზავრობას, გახდა სხვებზე დამოკიდებული, გარეთ გასვლისას იძულებული იყო, სხვასთან ერთად ემგზავრა, შეცვალა მობილური ტელეფონის ნომერი და აპირებდა სოციალურ ქსელ ,,ფეისბუკის“ გვერდის გააუქმებას.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 14 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ, რომელიც ითხოვდა მის შეცვლასა და კ. კ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 14 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და დამამძიმებელი (წარსული ნასამართლობა გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაული) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე და 531-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, კ. კ–ის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელი შეუფარდა, რომლის კიდევ უფრო დამძიმება არ არის აუცილებელი; საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესი, რადგან კ. კ–სათვის შეფარდებული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმს აღემატება - 1 წლით, ხოლო, მეორე მხრივ, მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს ან/და აანაზღაუროს ზიანი, წამახალისებელი ნორმებია და შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა.

9. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი