Facebook Twitter

საქმე # 330100120003810847

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №61აპ-21 ქ. თბილისი

კ–ი ა., 61აპ-21 25 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და ა. კ–სთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას რეალურად მოსახდელად, პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე, ვინაიდან ა. კ–ს მიმართ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და მის პიროვნებას, არის ზედმეტად ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს. აგრეთვე, გასათვალისწინებლია დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის არსი, ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხერხი და თავისებურება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენით ა. კ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად;

სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 1 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 1 ივლისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი;

ა. კ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 1 ივლისიდან 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე მსჯავრდებულ ა. კ–ს დაეკისრა მოვალეობა - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

გაუქმდა ა. კ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. კ–მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).

ა. კ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

- 2019 წლის დეკემბერში, თ......ში, ......ის მე-.. მ/რ-ნი, კორპუსი N.., ბინა N..-ში, ა. კ–მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ნ. კ–ს, კერძოდ, სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შეედეგადაც ნ. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2020 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 07:00 საათზე, თ.........ში, ........ის მე-.. მ/რ-ნი, კორპუსი N.., ბინა N..-ში, ა. კ–მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ნ. კ–ს, კერძოდ, ხელები ძლიერად მოუჭირა ყელში, ასევე - ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახისა და თავის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და ა. კ–სთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდება რეალურად მოსახდელად, პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა. კ–სათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა როგორც სასჯელის განსაზღვრის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ: ა. კ–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რომლებიც მან აღიარა და მოინანია, ასევე უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორცეიელებას, წარსულში არ არის ნასამართლევი, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, როგორც საქმეში არსებული სამედიცინო დოკუმენტაციით ირკვევა, ა. კ–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა, ქმედების ჩადენის დროს კი იყო შეზღუდული შერაცხადი, ასევე, მხედველობაში მიიღო დაზარალებულის პოზიცია, რომ მსჯავრდებულის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია და ა. კ–ს განუსაზღვრა მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების შესაბამისი სასჯელი, რაც კანონიერია და უზრუნველყოფს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც სასჯელის დამძიმება საკასაციო სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი