ას-214-511-04 3 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: სახელფასო დავალიანების გადახდა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 21 ივნისს ნ. ბ-ემ, ნ.ხ-მა და სხვებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე წითელი ჯვრის საზოგადოების მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ისინი 2000-2001 წლებში მუშაობდნენ მოპასუხესთან შრომითი კონტრაქტის საფუძველზე. მოსარჩელეთა განმარტებით, საზოგადოების მიერ ნაკისრი ვალდებულება შრომის სათანადო ანაზღაურებით უზრუნველყოფის თაობაზე 2001წ. მაისიდან არ შესრულებულა, რითაც მოპასუხემ მოახდინა შკკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» პუნქტის და მე-16 მუხლის იგნორირება. მოსარჩელეთაგან ნ. ხ-მა მოითხოვა 168,0, ზ. გ-მა –950, გ. ბ-ემ – 1680, ნ. ბ-ემ – 2100, ნ. კ-ემ –1600, მ. კ-მ – 1680, მ. შ-მ – 1470, შ. მ-მა – 2200, გ. გ-მა – 1050, ფ. ი-მა – 720, თ. ვ-ემ – 600, ლ. ც-მა – 600, კ. ს-მა – 1000, ა. ბ-ემ – 1680, ნ. ფ-მა – 1260 ლარის ანაზღაურება სახელფასო დავალიანების სახით.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და წითელი ჯვრის საზოგადოებას თორმეტი მოსარჩელის მიმართ დაეკისრა სახელფასო დავალიანება 14960 ლარის ოდენობით, მათ შორის მ.შ-სათვის – 2200, ლ. ც-ისათვის – 600, თ.ვ-ისათვის – 600, მ.ბ-ისათვის – 168, ფ.ი-ისათვის – 720, ნ. ხ-ისათვის – 1680, ზ. გ-ისათვის _ 950, ნ.კ-ისათვის – 1600, მ.კ-ისათვის – 1680, ა.ბ-ისათვის – 1680, შ. მ-ისათვის – 1980, ნ. ბ-ისათვის – 2100 ლარის ანაზღაურება. ნ. ფ-ისა და კ. ს-ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა დატოვებულ იქნა განუხილველად, მ. გ-ის მიმართ კი საქმის წარმოება შეწყდა.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ და ბოლოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით წითელი ჯვრის საზოგადოების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.ბ-ის, ნ.ხ-ისა და სხვების სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მათვე დაეკისრათ აპელანტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 449 ლარის გადახდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მათ არ მიეცა.
სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი _ დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოქვეყნებული ამ საქმეზე და დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს თუ არა სარჩელი.
რაიონულმა სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასებისას გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის კოდექსისა და საპროცესო კოდექსის მუხლები, მაშინ, როდესაც დავა წარმოშობილი იყო კერძო სამართლის სუბიექტებს შორის. ამდენად, სასამართლომ გამოიყენა მატერიალური და პროცესუალური სამართლის ნორმები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხე ორგანიზაციამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ წითელი ჯვრის საზოგადოების ყოფილ პრეზიდენტს _ ნ. ც-ს უფლებამოსილება 2001წ. ნოემბერში შეუწყდა და ამის შემდგომ მან გააფორმა ე.წ. შრომითი კონტრაქტები საზოგადოების სახელით. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი კონტრაქტები, სავარაუდოდ, გაყალბებულია, ვინაიდან წითელი ჯვრის საზოგადოებას სათანადო სახსრები არ გააჩნდა, რათა მუშაკებისათვის 100%-ით გაეზარდა ხელფასები, თანაც უკვე არაუფლებამოსილი პირის მეშვეობით თხუთმეტივე ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ნაცვლად გამოყენებულია ფაქსიმილე. საზოგადოების მიერ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ განყოფილებაში ჩატარებული ფორმა ¹4-ით დასტურდება, რომ 2002წ. 1 იანვრის მდგომარეობით წითელი ჯვრის საზოგადოებას გაუცემელი ხელფასის ფონდი არ ერიცხებოდა.
სასარჩელო განცხადებაზე ერთ-ერთი მოსარჩელის, კერძოდ, გ. გ-ის ხელმოწერა გაყალბებულია, რაც ამ უკანასკნელმა დაადასტურა და ამასთან განმარტა, რომ მოპასუხე ორგანიზაციას მის მიმართ არავითარი სახელფასო დავალიანება არ გააჩნია.
სააპელაციო სასამართლომ არსებითად განიხილა სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და სსკ-ის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მივიდა შემდეგ დასკვნამდე:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2001წ. 9 ნოემბერს და 14 დეკემბერს ჩატარდა წითელი ჯვრის საზოგადოების რიგგარეშე სხდომა, სადაც საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი ნ. ც-ის შეიცვალა ნ. ყ-ით.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ც-ს უნდა გამოეთავისუფლებინა საზოგადოების ოფისი და უნდა მომხდარიყო საზოგადოების უძრავ-მოძრავი ქონების, საბუღალტრო და სხვა დოკუმენტაციის გადაცემა საზოგადოების ხელმძღვანელობისათვის.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის _ ლ. თ-ის მიერ შედგენილი ოქმით დადგენილია, რომ წითელი ჯვრის საზოგადოების ახალმა ხელმძღვანელობამ საზოგადოების კუთვნილი ოფისი და იქ არსებული დოკუმენტაცია მხოლოდ 2002წ. 8 მაისს ჩაიბარა. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე და აღმასრულებლის მეშვეობით, საზოგადოების ყოფილ და ახალ ხელმძღვანელობას შორის მიღება-ჩაბარების დოკუმენტი არც გაფორმებულა.
წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ სახელმწიფო სოციალური დაზღვევის სახსრების საანგარიშებო უწყისები 2002წ. 1 იანვრის მდგომარეობით წარდგენილ იქნა 2002წ. 4 აპრილს ანუ საზოგადოების ოფისში ახალი ხელმძღვანელობის შესვლამდე.
პალატამ ყურადსაღებად მიიჩნია ის გარემოება, რომ მითითებულ უწყისებზე ერთ-ერთი ხელმომწერი წითელი ჯვრის საზოგადოების ყოფილი მთავარი ბუღალტერი შ. მ-ია. იგი 2002წ. 4 აპრილს ოფიციალური დოკუმენტით ადასტურებდა, რომ საზოგადოებას სახელფასო დავალიანება არ ერიცხებოდა. ამის შემდეგ კი მან სხვა პირებთან ერთად აღძრა სარჩელი წითელი ჯვრის საზოგადოების მიმართ სახელფასო დავალიანების შესახებ. მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს მოპასუხე ორგანიზაციაში მუშაობის (საქმიანობის) ფაქტი.
საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ბ-ის, ნ.ხ-ისა და სხვების წარმომადგენელმა ვ. კ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, თორმეტივე მოსარჩელე სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მოპასუხე საზოგადოებასთან, რასაც ადასტურებს ხელშეკრულებებზე საზოგადოების მაშინდელი პრეზიდენტის _ ნ.ც-ის ხელმოწერა და თვით ნ. ც-ის ჩვენება, რომ ხელმოწერა მის მიერ არის შესრულებული. სასამართლომ არსწორად მიიჩნია, რომ სადავო ხელშეკრულებეაზე ნ. ც-ის ფაქსიმილეა, იგი უშუალოდ არ აწერს ხელს მას და ამის გამო ხელშკრულება (კონტრაქტი) ნამდვილად არ მიიჩნია. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებები დაიდო მას შემდეგ, რაც ნ.ც-ს არ გააჩნდა უფლებამოსილება, ემოქმედა საზოგადოების სახელით. სასამართლომ ისე მიიჩნია ხელშეკრულებები ყალბად, რომ სსკ-ის 137-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვის არც ერთ სტადიაზე არ დაუყენებია საკითხი სიყალბის თაობაზე.
საკასაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასათანადოდ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ, კასატორმა აღნიშნა, რომ საქმის განხილვის ყველა სტადიაზე შუამდგომლობას აყენებდა სახელფასო უწყისების წარმოდგენის თაობაზე, ცენტრალური ოფისის თანამშრომელთა ვინაობისა და სამომსახურებო «ტაბელის» წარმოდგენის თაობაზე, რაც ყველა შემთხვევაში უშედეგოდ დასრულდა.
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის ტენდენციური დამოკიდებულება ჩანს გადაწყვეტილების იმ ნაწილშიც, რომლითაც მოსარჩელეებს, მიუხედავად შკკ-ის 205-ე მუხლის მოთხოვნისა, დააკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და წითელი ჯვრის საზოგადოებას უნდა დაეკისროს 14960 ლარის გადახდა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგი გარემოებების გამო:
პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შრომითი კონტრაქტები, რომლებზედაც წითელი ჯვრის საზოგადოების მაშინდელი დირექტორის ფაქსიმილეა და რომლის ნამდვილობაც თვით ც-მაც დაადასტურა, ნამდვილ გარიგებებს წარმოადგენს.
შკკ-ის მე-19 მუხლით შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) იდება წერილობითი ფორმით და ძალაშია მხარეების მიერ ხელმოწერის დღიდან, ე.ი. შრომითი კონტრაქტი წერილობითი ფორმის ხელშეკრულებაა და იგი უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს. სკ-ის 69-ე მუხლით მარტივი წერილობითი ფორმის არსებობისას გარიგების ნამდვილობისათვის საკმარისია გარიგებაში მონაწილე მხარეთა ხელმოწერა. ხელმოწერა უნდა განხორციელდეს გარიგებისათვის სპეციალურად შედგენილ დოკუმენტზე (კონტრაქტზე) საკუთარი ხელით და მითითებული უნდა იყოს ხელმომწერის სახელი და გვარი გარკვევით, წინააღმდეგ შემთხვევაში კონტრაქტი ნამდვილი არ არის. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შრომით კონტრაქტს უშუალოდ საზოგადოების დირექტორი ხელს არ აწერს. კონტრაქტზე არსებობს დირექტორის ხელმოწერის ფაქსიმილე. მართალია, სკ-ის 69-ე მუხლის II ნაწილი ითვალისწინებს მექანიკური საშუალებებით ხელმოწერის აღდგენას (ფაქსიმილე), მაგრამ არა შრომითი კონტრაქტის დადებისას, არამედ იმ შემთხვევებში, როცა ხელმოწერის ასეთი გამოყენება სავაჭრო ჩვეულების სახით უნდა იყოს დამკვიდრებული და გარიგების მონაწილეთა მიერაა აღიარებული (ჩვეულებრივ, ფაქსიმილე გამოიყენება ფასიანი ქაღალდების დიდი რაოდენობით გამოცემისას და არა ცალკე, ინდივიდუალურად დადებული გარიგებების დროს).
სკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება. პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა დაუსაბუთებლად, რადგან შრომითი კონტრაქტები, მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, ნამდვილი არ არის.
ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ გარიგება (შრომითი კონტრაქტი) ფაქტობრივად რომ არ შესრულებულება, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რის გამოც კასატორის პრეტენზია საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის თაობაზე, დაუსაბუთებელია.
პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორების მოსაზრებას სასამართლო ხარჯების არასწორად დაკისრების თაობაზე. მართალია, შკკ-ის 205-ე მუხლი მუშებსა და მოსამსახურეებს ათავისუფლებს სარჩელის აღძვრისათვის (აპელაცია, კასაცია) სასამართლო ხარჯებისაგან, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში საწარმოს ადმინისტრაციამ, რომელიც არ თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, გადაიხადა სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი და იგი სასამართლომ სსკ-ის 53-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე სწორად დააკისრა მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელეს).
აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 410-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას ადგილი არა აქვს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ბ-ის, ნ. ხ-ის და სხვათა საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილება
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.