Facebook Twitter

ას-216-519-04 1 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ღ-ემ, ნ. ჩ-ემ, ზ. მ-მ, ბ. ხ-მა, ე. ა-მ და ხ. დ-ემ სარჩელით მიმართეს სასამართლოს სს „ .. ..ის“ მიმართ და მიუთითეს, რომ მათ საცხოვრებელ სახლს, მდებარე ქ.თბილისში, ... 2002წ. 30 იანვარს გაუჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც დაიწვა ჭერი, ხოლო ხანძრის ჩაქრობის დროს კი მთლიანად დაზიანდა კედლები და იატაკი. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ხანძარსაწინააღმდეგო რაზმის ¹1 სახანძრო ნაწილის უფროსის დასკვნით, ელექტრო ჯიხურის ერთ-ერთი ფიდერი, რომლითაც იკვებებოდა საცხოვრებელი სახლი, აღჭურვილი იყო კუსტარული ტიპის დამცველებით, ე.წ. «ჟუჩოკებით“. მოსარჩელეთა აზრით, მოპასუხეებმა დაარღვიეს ფიდერის ექსპლუატაციისა და შემოწმების წესები, რაც ხანძრის წარმოშობის ძირითადი მიზეზი გახდა.

მოსარჩელეები სკ-ის 997-ე, 999-ე და მე-1000 მუხლების საფუძველზე სს „ .. ..ისაგან“ ითხოვენ ზიანის ანაზღაურებას, კერძოდ, ნ. ღ-ისათვის _ 15000 ლარის, ნ. ჩ-ისათვის _ 15000 ლარის, ზ. მ-სთვის _ 25000 ლარის, ბ. ხ-ისთვის _ 15000 ლარის, ე. ა-სთვის _ 20000 ლარისა და ხ. დ-ისთვის _ 15000 ლარის დაკისრებას. დაზუსტებული სარჩელით კი მოითხოვეს ნ. ღ-ის სასარგებლოდ 15380 ლარის, ნ. ჩ-ის _ 15242 ლარის, ზ. მ-ს _ 21999 ლარის, ეკ. ა-ს _ 15827 ლარის, ხ. დ-ის _ 11069 ლარის, ხოლო ბ.ხ-ის სასარგებლოდ 9730 ლარის დაკისრება.

სს „ .. ..მა“ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, ხანძარი გაჩნდა ე.წ. „მარცხენა“ სადენების პირველადი მოკლე ჩართვით, რომელიც ეხებოდა სხვენში წვად ხის საფენს. აღნიშნული ხაზები კი მობინადრეების მიერ შეყვანილ იქნა საცხოვრებელი სახლის სხვენში უსაფრთხოების წესების მოთხოვნათა დარღვევით.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება მოტივირებულია იმით, რომ ელექტროჯიხური, რომლითაც ... მდებარე სახლი იკვებებოდა, ტექნიკურად გაუმართავი იყო. ელექტროჯიხური ირიცხებოდა მოპასუხის ბალანსზე და ხანძარი გამოწვეული იყო ამ სადგურიდან მიწოდებული ელექტროენერგიით.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ .. ..მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზად მიჩნეულია სხვენში შემავალი ე.წ. „მარცხენა“ სადენების პირველადი მოკლე ჩართვა. აღნიშნული სადენები კი თვით მობინადრეების მიერ იყო დამონტაჟებული უსაფრთხოების დადგენილი წესების მოთხოვნათა უხეში დარღვევით. ხანძარი მათი ბრალით არ არის გამოწვეული, არ არის დადგენილი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ხანძრის გამომწვევ მიზეზსა და ელექტროჯიხურში არსებული არასტანდარტული მცველების მოქმედებას შორის.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ გაიზიარა სააპელაციო საჩივარი. ვინაიდან სხვენზე დამონტაჟებული ე.წ. „მარცხენა“ ხაზები დამონტაჟებული არ იყო მოპასუხის მიერ ან მისი ნებართვით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულთა მოქმედებამაც და ორივე მხარის ბრალი თანაბარია, ამიტომ ექსპერტის დასკვნით დადგენილი ზიანის ოდენობა გაანახევრა და სს „ .. ..ს“ ნ. ღ-ის სასარგებლოდ დააკისრა 7690 ლარის, ბ. ხ-ის სასარგებლოდ _ 4485,5 ლარის, ნ. დ-ის სასარგებლოდ _ 5534,5 ლარის, ეკ. ა-ს სასარგებლოდ _ 7948 ლარის, ნ. ჩ-ის სასარგებლოდ – 7621 ლარის, ხოლო ზ. მ-ს სასარგებლოდ _ 10999,5 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. ჩ-ის, ზ. მ-ს, ე. ა-ს, ბ. ხ-ის, ხ. დ-ისა და ნ. ღ-ის მიერ. ნ. ჩ-ის, ზ. მ-ს, ე. ა-ს, ბ. ხ-ის, ხ. დ-ის აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის მე-1000 მუხლი და არ უნდა გამოეყენებინა ამავე კოდექსის 415-ე მუხლი, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება ხანძრის გამომწვევ მიზეზსა და მოსარჩელეების ქმედებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. სს « .. ..მა“ აღიარა, რომ ტექნიკურად გაუმართავი ჯიხურები ირიცხებოდა მის სახელზე და ე.წ. „მარცხენა“ ელსადენების ჩართვაც მათ ევალებოდათ. მოსარჩელეთა ბრალეული ქმედება არსაიდან ჩანს.

კასატორი ნ. ღ-ე თვლის, რომ სს „ .. ..ის“ პასუხისმგებლობა დადგენილია თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ხანძარსაწინააღმდეგო რაზმის ¹1 სახანძრო ნაწილის უფროსის დასკვნით, ასევე, პოლიციის პოლკოვნიკის პასუხითაც. იგივე დგინდება იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტის დასკვნითაც. ამასთან, კასატორის აზრით, სს „ .. ..ის“ ბრალეულობა დადგენილია თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 ივნისის გადაწყვეტილებით მ. შ-ის სარჩელთან მიმართებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერაც. კასატორი თვლის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პრეიუდიციულია, ამიტომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 106-ე მუხლით. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 266-ე მუხლი და არასწორად განმარტა სკ-ის 170-ე მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ხანძარსაწინააღმდეგო რაზმის ¹1 სახანძრო ნაწილის უფროსის 2002წ. 30 იანვრის დასკვნით, ქ.თბილისში, ... მდებარე სახლის სხვენში ხანძრის გაჩენის მიზეზი გახდა სხვენში შემავალი ე.წ. „მარცხენა“ სადენების პირველადი მოკლე ჩართვა, რომლებიც ეხებოდა სხვენში წვად ხის საფენს. ელექტროჯიხური, რომლითაც იკვებებოდა საცხოვრებელი სახლი, ხანძრის გაჩენისას ტექნიკურად იყო გაუმართავი. იქ დაყენებული იყო არასტანდარტული მცველები. ჯიხურში დაფიქსირდა ე.წ. „მარცხენა“ ელხაზების არსებობა, რომლებიც მიერთებული იყო ტრანსფორმატორის «შინებზე“ ყოველგვარი დამცველის გარეშე. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ ტრანსფორმატორზე მიერთებული ე.წ. „მარჯვენა“ სადენების მსგავსი სადენი აღმოჩენილ იქნა ხანძრის კერის მიდამოშიც. სს « .. ..ის» ცნობით დგინდება, რომ სატრანსფორმატორო ჯიხური, რომელიც კვებავს ... მდებარე სახლს, ირიცხება სს „ .. ..ის“ ბალანსზე, ხოლო თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ე.წ.A„მარცხენა“ სადენების ჩაჭრას უზრუნველყოფს „ .. .. “.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ელექტროჯიხურიდან, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებს ... მდებარე სახლს, ელექტროენერგია მიეწოდებოდა ე.წ. „მარცხენა“ სადენებით, რაც გახდა ხანძრის მიზეზი, ხოლო ამ ჯიხურიდან გამავალი ელექტროენერგია თავისთავად მომეტებული საფრთხის წყაროა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სკ-ის მე-1000 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „ .. .. “, როგორც ამ ნაგებობის მფლობელი, ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი. აღნიშნულ გარემოებას სადავოდ არ ხდიან კასატორებიც, ხოლო რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას დაზარალებულთა ბრალეულად მიჩნევასთან მიმართებაში, პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში იგი დაუსაბუთებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლომ სკ-ის 415-ე მუხლიდან გამომდინარე, გაანახევრა სს „ .. ..ის“ მიერ მიყენებული ზიანის ოდენობა, რადგან მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მოქმედებასა და ხანძრის გამომწვევ მიზეზს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. აღნიშნული გარემოების დადასტურებისას სასამართლო ეყრდნობა ხანძარსაწინააღმდეგო რაზმის სახანძრო ნაწილის უფროსის დასკვნას, რომლითაც ხანძრის გაჩენის მიზეზად მიჩნეულია სახლის მობინადრეთა მიერ უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით თვითნებურად გაჭიმული ე.წ. „მარცხენა“ სადენების პირველადი მოკლე ჩართვა. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული დასკვნის საფუძველზე შეუძლებელია დაზარალებულთა ბრალეულობის საკითხის დადგენა, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ მასში მითითებული არ არის კონკრეტულად იმ მობინადრეთა ვინაობა, რომელთაც დაამონტაჟეს ე.წ. „მარცხენა“ ხაზები. ასეთ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს, მიიღეს თუ არა დაზარალებულებმა ამ ხაზების გაჭიმვაში მონაწილეობა და გაარკვიოს თითოეული მათგანის ბრალეულობის საკითხი. აღნიშნული გარემოების დაუდგენლობის შემთხვევაში შეუძლებელია სკ-ის 415-ე მუხლის გამოყენება.

ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 106-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ამ ნორმის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ ფაქტებს განეუკუთვნება ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

კასატორთა მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 14 მაისის განჩინებით საქმეში მონაწილე მხარეებს წარმოადგენენ მ. შ-ი და სს „ .. .. “. დღეისათვის განსახილველ დავაში კი მ. შ-ი არ წარმოადგენს მხარეს. ამიტომ მითითებული სასამართლოს განჩინებას არ შეიძლება მიეცს პრეიუდიციული ძალა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ის გარემოება, მიუძღვით თუ არა ხანძრით დაზარალებულთ ბრალი ხანძრის გაჩენაში.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ჩ-ის, ზ. მ-ს, ე. ა-ს, ბ. ხ-ის, ხ. დ-ისა და ნ. ღ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.