ას-217-510-04 25 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 28 თებერვალს, შპს კბ «მ-მა” შპს «ტ-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2000წ. 19 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს სესხად ერთი თვის ვადით გადასცა 8000 ლარი. სესხის სარგებლად განისაზღვრა წლიური 36%. მოპასუხის 2000წ. 18 აგვისტოს წერილის საფუძველზე საკრედიტო ხელშეკრულება გაგრძელდა 30 დღის ვადით.
მოპასუხეს სარჩელის შეტანის დღისათვის უნდა გადაეხადა ძირითადი დავალიანება _ 8000 ლარი, ხოლო პროცენტი _ 1164 ლარი. მოპასუხეს სულ გადახდილი აქვს ძირითადი დავალიანების თანხა _ 4927 ლარი და პროცენტი _ 367 ლარი.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის საერთო ჯამში 3869 ლარის დაკისრება.
მოსარჩელემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2000წ. 10 ოქტომბერს სადავო თანხა მოპასუხის ნაცვლად დაფარა ფ. მ-ემ. გადამხდელის მოთხოვნის შესაბამისად თანხა ჩაირიცხა მოსარჩელე შპს კბ «მ-ის” საკორესპონდენტო ანგარიშზე ქ.მოსკოვში, კბ «კრ-ში”. ამ თანხის გადარიცხვის დროს მოპასუხისათვის არ იყო ცნობილი ამ ბანკში მოსარჩელის ანგარიშის დახურვის შესახებ. მისი მოსაზრებით, ვინაიდან ხელშეკრულებით არ იყო შეთანხმებული ხელშეკრულების შესრულების ადგილი, ხელშეკრულება შესრულდა მოპასუხისათვის ცნობილ ანგარიშზე, რაც არ ეწინააღმდეგება სკ-ის 386-ე მუხლის მოთხოვნას, ხოლო წერილი, სადაც მითითებულია თანხის ჩარიცხვის ადგილი, მიღებული აქვს 2000წ. 1 ნოემბერს ანუ ვალდებულების შესრულების შემდეგ.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ, ვინაიდან ხელშეკრულებით არ იყო განსაზღვრული სესხის დაბრუნების ადგილი და ანგარიში, ასევე ისიც, რომ მსესხებელს პირადად უნდა დაებრუნებინა ვალი, სკ-ის 371-ე მუხლის საფუძველზე, ვალდებულების შესრულება შეეძლო მესამე პირსაც, ხოლო ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს შეეძლო, თანხა ჩაერიცხა მისთვის ცნობილ ანგარიშზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2000წ. 19 ივლისს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისადაც, ბანკის მიერ გაიცა პროცენტით კრედიტი ერთი თვის ვადით, რომელიც კიდევ გაგრძელდა ერთი თვით. მოვალემ პირადად გადაიხადა ვალის ნაწილი. თანხები ჩაირიცხა კრედიტორის ანგარიშზე მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. მართალია, მოვალის ნაცვლად რუსული რუბლი კრედიტორის გაუქმებულ საკორესპონდენტო ანგარიშზე შეიტანა ვინმე ზ. მგელაძემ, მაგრამ სკ-ის 361-ე და 386-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ვალდებულება შესრულებულად არ ჩათვალა და მიუთითა, რომ ხელშეკრულების მიხედვით კრედიტორის ადგილსამყოფლად მითითებულია ქალაქი თბილისი. ხელშეკრულებაშივე მითითებულია მისი ანგარიშის ნომერი და ის, რომ თანხა უნდა ჩარიცხულიყო ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე. ამასთან, სკ-ის 383-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულება არ უნდა შესრულებულიყო უცხოურ ვალუტაში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხეს ვალდებულება შესრულებული არ ჰქონდა.
2002წ. 2 აგვისტოს შპს «ტ-მა” საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 20 დეკემბრის განჩინებით შპს „ტ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 27 მაისის გადაწყვეტილება.
შპს „ტ-ის“ დირექტორმა 2003წ. 4 დეკემბერს განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად ასახელებს მოქალაქე ჯიქიძის მიერ სასამართლოში 2003წ. 12 დეკემბერს წარდგენილ დოკუმენტს, რომლითაც შპს კბ „მ-ის“ მაშინდელი დირექტორი გ. ბ-ი ავალდებულებდა თავის კრედიტორებს, მათ შორის შპს „ტ-ს“, თავისი დავალიანება დაეფარათ ქ.მოსკოვში, ბანკ „კრ-ში“ არსებულ შპს კბ „მ-ის“ ანგარიშზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 თებერვლის განჩინებით შპს „ტ-ის“ განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით: საქმის მასალებით არ დასტურდება შპს კომერციული ბანკი „მ-ის“ სასარგებლოდ თანხის გადახდის ფაქტი აღნიშნული წერილის საფუძველზე, სასამართლოში აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა შეუძლებელი იყო მისი ბრალის გარეშე. ასევე მას საქმის განხილვისას არ მიუთითებია იმ გარემოებაზე, რომ თანხა გადაირიცხა ბანკ „კრედიტ-მოსკოვში“ მის მიერ წარმოდგენილი წერილის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება შპს „ტ-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ქ.მოსკოვში თანხა გადაირიცხა შპს კბ „მ-ის“ მითითებით, მაგრამ იმ პერიოდში მათ ვერ შეძლეს წერილობითი დოკუმენტის წარდგენა, რადგან წერილი მათთან არ მისულა. სწორედ ამიტომ საქმის განხილვის დროს ისინი მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, მიეთითებინათ ამ გარემოებაზე. აღნიშნული წერილის წარდგენა კი ვერ მოხდა მათი ბრალის გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მაისის გადაწყვეტილებით შპს კბ „მ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ შპს „ტ-ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულებაში მითითებულ ადგილას და მითითებული ვალუტით, რაც ნიშნავს ვალდებულების შეუსრულებლობას.
სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. მოცემულ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი წერილი მხარის მიერ სასამართლოში რომც ყოფილიყო წარმოდგენილი, მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება მაინც არ შეიძლება გამოტანილიყო, რადგან შპს „ტ-ის“ მიერ თანხა გადარიცხულია არა წერილში მითითებულ, არამედ სხვა ანგარიშზე. წარმოდგენილი წერილით კომერციული ბანკი „მ-ის“ ანგარიშის ნომერია ..., შპს „ტ-ის“ მიერ კი თანხა გადარიცხულია ¹... ანგარიშზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ მიიჩნევდა, რომ შპს „ტ-ის“ მიერ ვალდებულება შესრულდა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ბანკ „კრედიტ-მოსკოვის“ 2000წ. 14 ნოემბრის წერილის თანახმად, 2000წ. 6 ოქტომბრიდან წერილში მითითებული ანგარიში დახურულია. შპს „ტ-მა“ კი თანხა გადარიცხა მითითებული ანგარიშის დახურვის შემდეგ (12 ოქტომბრიდან) სხვა ანგარიშზე, ე.ი. შპს „ტ-ს“ ვალდებულება არ შეუსრულებია სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესით.
სსკ-ის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. პალატა თვლის, რომ მხარის მიერ მითითებული წერილი ვერ იქნებოდა სასამართლოში წარდგენილი, ვინაიდან, როგორც თვითონ მხარე უთითებს, ასეთი წერილი მას არ მისვლია. ასეთი წერილის მიუღებლობის შემთხვევაში კი შეუძლებელი იყო, შპს „ტ-ს“ ვალდებულება შეესრულებინა წერილში მითითებულ ანგარიშზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული. ამასთან, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 7 აპრილის განჩინებით შეჩერებული თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების გაუქმებას, რადგან აღსრულება განჩინებით შეჩერებულ იქნა საკასაცო საჩივრის განხილვამდე. ვინაიდან დღეისათვის საკასაციო საჩივარი განხილულია, შესაბამისად, აღსრულების შეჩერების ღონისძიებაც უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ტ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 თებერვლის განჩინება.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.