Facebook Twitter

ას-219-518-04 10 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: მამობის დადგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 16 ნოემბერს გ. ხ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ა. ფ.-ს მიმართ მამობის დადგენის თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი დედა გ. ხ.-ე და ა. ფ.-ა გ.ხ.-ის დაბადებამდე ერთი წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ და ერთობლივად ეწეოდნენ საოჯახო მეურნეობას. ვინაიდან ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ, მოსარჩელის დაბადების მოწმობაში ა. ფ.-ა მამად არ იყო მითითებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გ.ხ.-მ მიმართა სასამართლოს ა. ფ.-ას წინააღმდეგ და მოითხოვა მამად ცნობა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა დაბადების მოწმობაში.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.ხ.-ის სარჩელი არ დაკმყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ხ.-მ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: ა. ფ.-ა ცნობილ იქნა გ.ხ.-ის მამად, შესაბამისად, მმაჩის ორგანოებს დაევალათ გ.ხ.-ის დაბადების მოწმობაში ცვლილებების შეტანა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2003წ. 30 მაისს გაიცა მამობის დადგენის მოწმობა.

2003წ. 1 მაისს ა. ფ.-მ შეიტანა სასამართლოში საჩივარი, და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 8 ოქტომბრის განჩინებით ა. ფ.-ას საჩივარი დაკმაყოფილდა და საქმის წარმოება განახლდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 2 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გ.ფ.-მ (ხ.-ემ) შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ 2003წ. 2 დეკემბერს მან საპატიო მიზეზით დატოვა სხდომა.

თბილისის საოლქო სასამართლძოს 2004წ. 27 იანვრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ.ფ.-ს მიერ სხდომის დარბაზის დატოვების საპატიო მიზეზი არ არსებობს.

სსკ-ის 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება განახლდეს თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებ მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. მოცემულ შემთხვევაში გ.ფ.-ამ 2003წ. 2 დეკემბერს სხდომის დატოვების მიზეზად მიუთითა ის გარემოება, რომ სასამართლომ 2003წ. 2 დეკემბრის განჩინებით არასწორად გააუქმა თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 26 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილებული იქნა მისი სააპელაციო საჩივარი, ამიტომ მოსამართლეთა მიმართ ნდობის დაკარგვისა და პროტესტის ნიშნად აპელანტმა დატოვა სხდომა.

საოლქო სასამართლოს 2004წ. 27 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.ფ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებულ განჩინებას წინ უსწრებს სასამართლოს მიერ კანონდარღვევით მიღებული განჩინება, კერძოდ, კასატორის განმარტებით, თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 26 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერია და იგი უკვე შევიდა კანონიერ ძალაში. გ.ფ.-მ აღნიშნა, რომ საოლქო სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა ა.ფ.-ს კერძო საჩივარი, რადგან მან ჩაიბარა უწყება სხდომის დღის შესახებ და ხელი მოაწერა მას. იმის მტკიცება, რომ უწყებაზე ა.ფ.-ს ხელმოწერა არ არის, უსაფუძვლოა, რადგან ექსპერტს არ შეუმოწმებია ა.ფ.-მ მოაწერა უწყებაზე ხელი თუ არა.

კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 393-ე მუხლის მოთხოვნები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი უსაფუძვლოა შემდეგი გარემოების გამო:

სსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს კასაციის მიზეზებს და კასაციის განაცხადს, ასევე მითითებას იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება.

ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილით საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს, აგრეთვე, სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. განსახილველ შემთხვევაში კასატორი, მართალია, მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 იანვრის განჩინების გაუქმებას, მაგრამ მიუთითებს არა ამ განჩინების უკანონობაზე, ე.ი იმ გარემოებებზე, კონკრეტულად თუ რა კანონდარღვევით იქნა იგი მიღებული, არამედ, ამ განჩინების გაუქმების ერთადერთ საფუძვლად მიუთითებს სხვა განჩინების უკანონობას.

პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ამავე სასამართლოს 2003წ. 2 დეკემბრის განჩინების კანონიერების შემოწმება დაუშვებელია, რადგან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება (განჩინება) არაა გასაჩივრებული, კერძოდ, კასატორი არ მიუთითებს იმ გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე, რაც წინ უნდა უსწრებდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას (სსკ-ის 203-ე მუხლის II ნაწილი, 233-ე მუხლი, 241-ე მუხლი, 381-ე მუხლი). ამდენად, საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 იანვარს განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ხ.-ის (ფ.-ას) საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 იანვრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.