საქმე # 330100120003399751
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№982აპ-20 ქ. თბილისი
მ–ე მ., 982აპ-20 3 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს სტაჟიორ-პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს სტაჟიორ-პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასა და მ. მ–ის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას თავისუფლების აღკვეთის სახით პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მ. მ–სისათვის შეფარდებული სასჯელი, რომელიც მას მთლიანად ჩაეთვალა პირობითად, არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს; სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მ. მ–სის ქმედების შედეგად დაზარალებულმა ბ. ბ–მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, იგი ხანგრძლივი რეაბილიტაციის საჭიროების გამო ვერ მუშაობს და ვერ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ წესს; მ. მ–ს არ დაუფარავს დაზარალებულის მკურნალობის ხარჯები და დაზარალებული მისგან ითხოვს ზიანის ანაზღაურებას; მ. მ–სის აღიარების მიზანი იყო მხოლოდ სასჯელის შემსუბუქება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 27 იანვრის განაჩენით მ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, იმავე 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 2 წლით.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. მ–სემ ჩაიდინა ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 22:45 საათზე, თ..........ში, ..........ს გზატკეცილზე, ..........ის მხრიდან ..........ის მიმართულებით, დაახლოებით 50-60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა მოტოციკლი „იამაჰა“ (სახელმწიფო ნომრით ..........), რომელსაც მართავდა გ. ჩ–ი. მოტოციკლის უკანა სავარძელზე იჯდა მგზავრი - ბ. ბ–ი. გ. ჩ–მ შენიშნა, რომ მის სამოძრაო ზოლს მისგან მარჯვნიდან მარცხნივ კვეთდა ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით .....), რომელსაც მართავდა მ. მ–სე და რომელიც მობრუნებისა და საპირისპირო მიმართულებით სამოძრაო ზოლში გადასასვლელად ასრულებდა მარცხნივ მოხვევის მანევრს. შეჯახების თავიდან ასაცილებლად გ. ჩ–მ დაამუხრუჭა, მაგრამ შეჯახება თავიდან ვერ აიცილა და მოტოციკლით, რომელსაც იგი მართავდა, მარცხენა, გვერდითა ნაწილით შეეჯახა ავტომობილს. მ. მ–მ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგადაც ბ. ბ–მ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 27 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს სტაჟიორ-პროკურორმა მარიანა ონიანმა, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და მ. მ–სისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 27 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და მ. მ–ს სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის სახე განუსაზღვრა, რომელიც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) მხედველობაში მიღებით, ჩაუთვალა პირობითად. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფარდებული სასჯელის კიდევ უფრო გამკაცრება და მისი პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა მოცემულ შემთხვევაში არ მიაჩნია მიზანშეწონილად; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, დაზარალებულისათვის მიყენებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მ. მ–სისათვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობის ელემენტია და შეუძლებელია ამ ნიშნით პასუხისმგებლობის დამძიმება, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს ან/და აანაზღაუროს ზიანი, წამახალისებელი ნორმებია და შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს სტაჟიორ-პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი