Facebook Twitter

ას-224-530-04 26 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

რ. ნადირიანი,

დავის საგანი: კომლის ქონების მიკუთვნება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. შ.-მა ქობულეთის რაიონულ სასამართლოში 1992წ. 14 აპრილს სარჩელი აღძრა მოპასუხე ზ. გ.-ის მიმართ და მოითხოვა მისი გამოსახლება ქობულეთის რაიონის სოფ. ...-ში ხ. გ.-ის სახელზე რიცხული კომლიდან, ასევე 27000 რუსული რუბლის, სხვადასხვა საოჯახო ნივთისა და ბრილიანტის ბეჭდის დაბრუნება.

მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებდა იმ გარემოებაზე, რომ 1947 წლიდან იგი ცხოვრობდა სადავო კომლში, იგი პირველი ქორწინებიდან იყო ე. ქ.-ის შვილი, რომელიც 1947 წლიდან ქორწინებაში იყო ზ. გ.-ის მამასთან ხ. გ.-ესთან. ხ. გ.-ის კომლში ირიცხებოდნენ თვით ხ. გ.-ე, მისი 3 შვილი პირველი ქორწინებიდან, ე. ქ.-ე და ე. ქ.-ის შვილი – მოსარჩელე ნ. შ.-ი. 50-იანი წლების ბოლოს, ოჯახური კონფლიქტის გამო, ზ. გ.-ემ მიატოვა მამისეული კომლი და საცხოვრებლად გადავიდა ქ. ქობულეთში. ხ. გ.-ის ერთი ვაჟი გარდაიცვალა, ხოლო ქალიშვილი გათხოვდა და კომლში საცხოვრებლად დარჩნენ ხ. გ.-ე, ე. ქ.-ე და ნ. შ.-ი. 1991 წელს გარდაიცვალა ე. ქ.-ე, 1992 წელს კი – ხ. გ.-ე. მოსარჩელის განცხადებით, ხ. გ.-ის გარდაცვალების დღეს ზ. გ.-ემ ნათესავების მხარდაჭერით აიძულა ნ. შ.-ი, დაეტოვებინა კომლი და დაეწერა ხელწერილი, რომლითაც ზ. გ.-ის სასარგებლოდ კომლის ქონებაზე უარს ამბობდა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობას და მას საკუთარი ნებით არ დაუტოვებია ოჯახი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი არის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე ხ. გ.-ისა, რომ ხ. გ.-ის გარდაცვალების შემდეგ ნ. შ.-მა საკუთარი ნებით დაწერა ზ. გ.-ეზე კომლის ქონების გადაცემის ხელწერილი. რაც შეეხება საოჯახო ნივთებს, მოპასუხის განმარტებით, მათი უმეტესობა წაიღო ნ. შ.-მა, ხოლო დარჩენილის გადაცემაზე მოპასუხემ თანხმობა განაცხადა. მოპასუხის განცხადებით, 27000 რუსული რუბლი მოსარჩელემ დატოვა თავისი ნებით, ხოლო ბრილიანტის ბეჭდის დატოვება, მოპასუხემ უარყო. საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში. საბოლოოდ ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000წ. 26 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ნ. შ.-ის მოთხოვნა – მოპასუხეებს დაეკისრათ საყოფაცხოვრებო ნივთების დაბრუნება მოსარჩელისათვის, ხოლო გამოსახლების, ბინის ქირისა და ციტრუსოვანთა ნაყოფის ღირებულების დაკისრების მოთხოვნაზე (რაც მოსარჩელემ საქმის განხილვის დროს დააყენა), მოსარჩელეს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. შ.-მა. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით Nნ. შ.-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ შეიცვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 26 ივნისის გადაწყვეტილება. აწ გარადაცვლილი ხ. გ.-ის სახელზე რიცხული კომლის ქონების 1/2 ჩაითვალა ნ. შ.-ის საკუთრებად ½1/2 კი _ ზ. გ.-ის საკუთრებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 13 მარტის განჩინებით გაუქმდა აჭარის უმაღლესი სასამართლოს 2001წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე კვლავ დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო პალატაში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას აპელანტმა უარი თქვა ბრილიანტის ბეჭედზე, შეცვალა დავის საგანი და მოპასუხეთა გამოსახლების ნაცვლად მოითხოვა მათზე თანხის დაკისრება. სააპელაციო პალატამ სსკ-ის-381-ე მუხლის თანახმად, აპელანტს უარი უთხრა დავის საგნის შეცვლაზე, რადგან მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა დავის საგნის შეცვლას და არც პალატამ მიიჩნია დავის საგნის შეცვლა მიზანშეწონილად.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. შ.-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. შ.-ის სარჩელი. მოპასუხეები გამოსახლდნენ ხ. გ.-ის კომლიდან და კომლის ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეს. მოპასუხეებს დაეკისრა 27000 რუსული რუბლის ეკვივალენტი 1018 ლარი, ციტრუსოვანთა ნარგავების შემოსავალი 5000 ლარი, სულ 9658 ლარი. ნივთების ნაწილი დაუბრუნდა მოსარჩელეს. ბრილიანტის ბეჭდების მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს: საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. შ.-ი არის ზ. გ.-ის სახელზე ქობულეთის რაიონის სოფ. გორგაძეებში (იგივე ...-) მდებარე კომლის ბოლო წევრი. ამ კომლში ნ. შ.-ი ცხოვრობდა 40 წელზე მეტ ხანს. საქმის მასალებით დადგენილია, აგრეთვე, რომ ხ. გ.-ის გარდაცვალების მეორე დღეს ზ. გ.-ემ და მისმა ნათესავებმა აიძულეს ნ. შ.-ი, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ დაეტოვებინა კომლი და ხელი მოეწერა ხელწერილზე კომლის ქონების ნებაყოფლობით ზ. გ.-ეზე დატოვების შესახებ.

დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელემ დატოვა სადავო საცხოვრებელ ბინაში სხვადასხვა საოჯახო ნივთები: ტანსაცმლისა და სამზარეულოს კარადა, საკერავი მანქანა, კედლის სარკე, ხალიჩა, აფთიაქის ყუთი და სხვადასხვა მოცულობის მინის ქილები, რასაც მოპასუხე არ უარყოფს.

აგრეთვე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ზ. გ.-ეს ათეული წლების მანძილზე გაწყვეტილი ჰქონდა სამეურნეო კავშირი ხ. გ.-ის კომლთან, რისი დამადასტურებელიცაა ის ფაქტი, რომ ზ. გ.-ე 1958-63 წ. გამოყოფილი იყო ცალკე კომლად და მას ეწერა 0,19 ჰა მიწის ნაკვეთი. 1964 წლიდან ზ. გ.-ის ცალკე კომლი გაუქმდა, ხოლო მიწის ნაკვეთი გადაეცა ხ. გ.-ის კომლს.

დადგენილია, რომ ციტრუსოვანთა ნარგავების შემოსავლით ზ. გ.-ე სარგებლობდა 11 წლის განმავლობაში. აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სპეციალისტის განმარტებით, ციტრუსოვანთა ნარგავების შემოსავალმა 11 წლის მანძილზე შეადგინა 5000 ლარი, რასაც დაეთანხმა მოპასუხე და განმარტა, რომ ეს თანხა წარმოადგენს წმინდა მოგებას და მასში არ შედის ნარგავენის მოვლის ხარჯები, რის გამოც პალატა მთლიანად ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას 8000 ლარის ციტრუსოვანთა ნარგავების შემოსავლის სახით ანაზღაურების ნაწილში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხ. გ.-ის სახელზე რიცხული კომლიდან იძულებით გამოძევებული ნ. შ.-ი 11 წლის მანძილზე ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში და ამ დროისათვის გადახდილი ქირა შეადგენს 2640 ლარს, ხოლო ზ. გ.-ის მიერ ნ. შ.-ისათვის წართმეული 27000 რუსული რუბლი საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნით შეადგენს 1018 ლარს. რაც შეეხება ბრილიანტის ბეჭედს, ამ ნაწილში აპელანტმა მოხსნა მოთხოვნა.

დადგენილია და ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე პალატა თვლის, რომ ნ. შ.-მა სადავო კომლის ქონების ზ. გ.-ეზე გადაცემის ხელწერილზე ხელი მოაწერა იძულებით, რაც დასტურდება საქმეში დაკითხული მოწმების ჩვენებებით. მოწმე ლ. თ.-ი თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ნ. შ.-მა, რომელიც ცალკე ოთახში გამოკეტილი ტიროდა, უთხრა მას, აიძულეს დატოვოს სახლი. მისივე ჩვენებით, ნ. შ.-ს იძულებით მოაწერინეს ხელი ხელწერილზე, ხოლო წამოსვლის წინ ნ. შ.-მა განაცხადა, რომ მას აქვს ხ. გ.-ის ანდერძი. ძალადობის ფაქტი დასტურდება, აგრეთვე, ჰ. გ.-ის ჩვენებითაც, რომელიც განმარტავს, რომ მან აღკვეთა ძალადობა. ნ. შ.-ის წარმომადგენლის შეკითხვაზე განმარტა, რომ ნ. შ.-ს კმაყოფილს არ დაუტოვებია სახლი და წასვლის წინ ზ. გ.-ე გააფრთხილა, რომ ყოველივე ამას არ შეარჩენდა. ძალადობასა და მუქარაზე მიუთითებს, აგრეთვე, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ნ. შ.-ზე მიყენებული სხეულის დაზიანებების მიყენების დრო ემთხვევა ნ. შ.-სა და გ.-ებს შორის კონფლიქტს. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით ძალადობის, მუქარის შედეგად დადებული გარიგება ითვლება ბათილად და ამავე მუხლის მეორე აბზაცის მიხედვით, დაზარალებულ მხარეს, ნ. შ.-ს, უნდა დაუბრუნდეს ყოველივე ის, რაც მეორე მხარემ ანუ ზ. გ.-მ მიიღო. გარდა ამისა, პალატა თვლის, რომ ხელწერილი არ შეიძლება ჩაითვალოს ნამვილად, რადგან სსკ-ის 131-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, თუ ნივთის გასხვისების ხელშეკრულება რეგისტრაციას მოითხოვს, საკუთრების უფლება წარმოიშობა რეგისტრაციის მომენტიდან.

ნ. შ.-ის ხელწერილი შეეხება კომლის უძრავ ქონებას, რომლის გასხვისებისათვისაც კანონი ითვალისწინებდა ხელშეკრულების რეგისტრაციის აუცილებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა, რის გამოც ხელწერილი ამ მოტივითაც უნდა ჩაითვალოს ბათილად.

პალატა თვლის, რომ ზ. გ.-ე 11 წლის განმავლობაში უკანონოდ ფლობდა ნ. შ.-ის ქონებას, სსკ-ის 146-ე მუხლით მესაკუთრეს უფლება აქვს გამოითხოვოს ქონება უკანონო მფლობელობიდან, ხოლო სსკ-ის 150-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრეს უფლება აქვს, მოსთხოვოს პირს, რომელმაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ მისი მფლობელობა უკანონოა, დაბრუნება ან ანაზღაურება მთელი შემოსავლისა, რაც მან მიიღო, ან უნდა მიეღო მფლობელობის დროს. მოცემულ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ ზ. გ.-ემ თავიდანვე იცოდა მის მიერ ნ. შ.-ის ქონების ფლობის უკანონობა, რადგან ამ ქონებას იგი დაეუფლა ნ.შ.-ის ნების საწინააღმდეგოდ. ამდენად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ, როგორც 27000 რუსული რუბლის ეკვივალენტი 1018 ლარი, ნ. შ.-ის მიერ ბინის ქირავნობისათვის დახარჯული თანხა 2640 ლარი და ციტრუსოვანთა ნარგავებით მიღებული შემოსავალი, რაც სპეციალისტის განმარტებით, შეადგენს 5000 ლარს, სულ 9658 ლარი, ასევე ნ. შ.-ის მიერ სადავო კომლში იძულებით დატოვებული საოჯახო ნივთების – ტანსაცმლისა და სამზარეულოს კარადის, საკერავი მანქანა, კედლის სარკის, ხალიჩის, აფთიაქის ყუთისა და სხვადასხვა მოცულობის მინის ქილების – დაბრუნება, რადგანაც მოპასუხე ზ. გ.-მ ამ ნაწილში სარჩელი ცნო, ხოლო დანარჩენი ნივთების დაბრუნებაზე უარი ეთქვა, ვინაიდან, მოპასუხემ აღნიშნა, რომ დანარჩენილი ნივთები წაღებული აქვს მოსარჩელეს, ხოლო ამ უკანასკნელმა, სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, საპირისპირო მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. შ.-მ. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტმა კომლის ქონების დაბრუნების ნაცვლად მოითხოვა ამ ქონების ღირებულების კომპენსაცია და წარმოადგინა მის მიერ დასახელებული საკომპენსაციო თანხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. კასატორის მითითებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 83-ე მუხლი, რომლის თანახმად, სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება ნივთის ღირებულების ანაზღაურება.

კასატორი მოითხოვს, გაუქმდეს გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს დაეკისროს ქონების ღირებულების კომპენსაცია 7 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, ციტრუსოვანი ნარაგვების შემოსავალი 8250 ლარი, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრეს ზ. გ.-მ და ლ. დ.-მ. ისინი მიუთითებენ, რომ კომლის წევრობა არ წარმოშობს კომლის ქონებაზე რაიმე უფლებას, თუ კომლის თითოეული წევრი, კომლის ქონების თანამესაკუთრედ არ იქნება რეგისტრირებული საადგილმამულო წიგნში ან საჯარო რეესტრში. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ თითქოს ნ. შ.-ს აიძულეს ხელწერილის დაწერა, რომ იგი თმობდა კომლის ქონებას მოპასუხეთა სასარგებლოდ.

კასატორი მოითხოვს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკამყოფილებაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

დადგენილია, რომ ნ. შ.-ი არის ზ. გ.-ის სახელზე ქობულეთის რაიონის სოფ. გორგაძეებში (იგივე ...) მდებარე კომლის ბოლო წევრი. ამ კომლში ნ. შ.-ი 40 წელზე მეტი ცხოვრობდა. საქმის მასალებით დადგენილია, აგრეთვე, რომ ხ. გ.-ის გარდაცვალების მეორე დღეს ზ. გ.-მ და მისმა ნათესავებმა აიძულეს ნ. შ.-ი მისი ნების საწინააღმდეგოდ დაეტოვებინა კომლი და ხელი მოეწერა ხელწერილზე კომლის ქონების ნებაყოფლობით ზ. გ.-ზე დატოვების შესახებ.

დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელემ დატოვა სადავო საცხოვრებელ ბინაში სხვადასხვა საოჯახო ნივთები: ტანსაცმლის კარადა, სამზარეულოს კარადა, საკერავი მანქანა, კედლის სარკე, ხალიჩა, აფთიაქის ყუთი და სხვადასხვა მოცულობის მინის ქილები, რასაც მოპასუხე არ უარყოფს.

პალატას დადგენილად მიაჩნია, აგრეთვე, რომ ზ. გ.-ს ათეული წლების მანძილზე გაწყვეტილი ჰქონდა სამეურნეო კავშირი ხ. გ.-ის კომლთან, რისი დამადასტურებელიცაა ის ფაქტი, რომ ზ. გ.-ე 1958-63 წწ. გამოყოფილი იყო ცალკე კომლად და მას ეწერა 0,19 ჰა მიწის ნაკვეთი. 1964 წლიდან ზ. გ.-ის ცალკე კომლი გაუქმდა, ხოლო მიწის ნაკვეთი გადაეცა ხ. გ.-ის კომლს.

დადგენილია, რომ ციტრუსოვანთა ნარგავების შემოსავლით ზ. გ.-ე სარგებლობდა 11 წლის განმავლობაში. აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს სპეციალისტის განმარტებით, ციტრუსოვანთა ნარგავების შემოსავალმა 11 წლის მანძილზე შეადგინა 5000 ლარი, რასაც დაეთანხმა მოპასუხე და განმარტა, რომ ეს თანხა წარმოადგენს წმინდა მოგებას და მასში არ შედის ნარგავების მოვლის ხარჯები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხ. გ.-ის სახელზე რიცხული კომლიდან იძულებით გამოძევებული ნ. შ.-ი 11 წლის მანძილზე ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში და ამ დროისათვის გადახდილი ქირა შეადგენს 2640 ლარს, ხოლო ზ. გ.-ის მიერ ნ. შ.-ისათვის წართმეული 27000 რუსული რუბლი საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნით შეადგენს 1018 ლარს.

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს რაიმე დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წამოუყენებიათ.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წელი) 569-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის გარადაცვალების შემთხვევაში, კომლის ქონებაში მემკვიდრეობა არ წარმოიშობა. თუ საკოლმეურნეო კომლის წევრის გარადაცვალების შემდეგ კომლში სხვა წევრები არ დარჩენილან, კომლის ქონების მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები.

ვინაიდან მოსარჩელე ნ. შ.-ი იყო კომლის ბოლო წევრი, კომლის ქონება მის საკუთრებად უნდა ჩაითვალოს. სკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, მას შეუძლია, გამოითხოვოს აღნიშნული ქონება მოპასუხეთა მფლობელობიდან.

სკ-ის 172-ე მუხლი ითვალისწინებს ქონების გამოთხოვას და არა ქონების ღირებულების ანაზღაურებას. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ დააკმაყოფილებდა მის მოთხოვნას ქონების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე. მართალია, სსკ-ის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილი ითვალისწინებს, რომ მოსარჩელეს შეუძლია სარჩელის შეუცვლელად ნივთის ნაცვლად მოითხოვოს ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება, მაგრამ ეს შეიძლება განხორციელდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ამის მატერიალურ სამართლებრივი საფუძველი არსებობს.

რაც შეეხება ფულადი თანხის ანაზღაურებას, არც ერთ კასატორს მის გაანგარიშებასთან დაკავშირებით დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

აღნიშნულის გამო, პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

პალატა თვლის, რომ მათი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით კასატორები უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410–ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. გ.-ისა და ლ. დ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ნ. შ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

კასატორები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.