საქმე # 140100120003700915
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№48აპ-21 ქ. თბილისი
მ–ი ზ., 48აპ-21 23 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი კრავეიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი კრავეიშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ზ. მ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში; კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა არ მისცეს ჩვენებები სასამართლოს, ზ. მ–ს ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: მოწმეების - ნ. გ–ს და ნ. ბ–ს გამოკითხვის ოქმებით, ნ. გ–ს შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის თაობაზე, შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმით.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. მ–ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2020 წლის 27 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ..........ის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა ზ. მ–ს მიმართ გამოსცა №.... შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას აეკრძალა მეუღლესთან - მერი მეტრეველთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად აკრძალვისა, ზ. მ–მ არ შეასრულა №.... შემაკავებელი ორდერის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა და ვალდებულება, კერძოდ, 2020 წლის 10 აპრილს, ღამის საათებში, ქალაქ კ.........ში, ............ის ქუჩა №..-ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში ყოფნის დროს, ნასვამმა ზ. მ–მ, არასრულწლოვანი შვილების - ნ. მ–ს, ნ. და ნ. ნ–ების თანდასწრებით, მეუღლეს - მ. მ–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმავე დროს ზ. მ–მ, არასრულწლოვანი შვილების - ნ. მ–ს, ნ. და ნ. ნ–ების თანდასწრებით, ნ.; ნ–ს ზურგჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ,,ლეპტოპი“, ესროლა მეუღლეს - მ. მ–ს, რაც დაზარალებულს მოხვდა კისრის არეში და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ზ. მ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
4. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 აგვისტოს განაჩენით ზ. მ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.
5. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მახარაძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ზ. მ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მოთხოვნას ზ. მ–ს ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადასტურდა მისი ბრალეულობა; დაზარალებულებმა - მ. მ–მა და ნ. ნ–მა, ასევე - მოწმე რ. ნ–მა სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულებისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის ან/და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სამედიცინო დოკუმენტაციაში მ. მ–ის სხეულზე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნების თაობაზე მითითებული არ ყოფილა; სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ნაწილი ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არ გამოდგება, ვინაიდან, ერთი მხრივ, მოწმეების - ნ. გ–ს და ნ. ბ–ს ჩვენება/გამოკითხვის ოქმი არის ირიბი, ხოლო, მეორე მხრივ, შემაკავებელი ორდერისა და მისი ოქმის ნამდვილობა ვერაფრით გახდება იმის მტკიცების საფუძველი, რომ ზ. მ–მ ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები დაარღვია ან ვინმეზე იძალადა; საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ზ. მ–ს ბრალეულობას დაადასტურებდა.
10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი კრავეიშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი