Facebook Twitter

საქმე # 140100120003715325

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1009აპ-20 ქ. თბილისი

ნ–ი ჯ., 1009აპ-20 3 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. ნ–ს ადვოკატ ე. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ. ნ–ს ადვოკატმა ე. მ–მ, რომელიც მიიჩნევს, რომ განაჩენი უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელია და ითხოვს მის შეცვლასა და ჯ. ნ–სათვის ნაკლებად მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია პასუხისმგებლობის არაერთი შემამსუბუქებელი გარემოება - ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც სანქციის სახით ითვალისწინებს არასაპატიმრო სასჯელებს, ჯ. ნ–მ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები გახადა უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას, შეურიგდა დაზარალებულს და მათ შორის კონფლიქტი ამოწურულია; კასატორი მიიჩნევს, რომ ჯ. ნ–სათვის შეფარდებული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა არის უსამართლო, რადგან მის თანამსჯავრდებულს, რომელიც იყო კონფლიქტის ინიციატორი, სასჯელად განესაზღვრა - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 აგვისტოს განაჩენით ჯ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2020 წლის 1 მაისიდან.

3. ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდებულია დ. ნ–ი, რომელსაც დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 2 წელი.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ნ–მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2020 წლის 1 მაისს, დღის საათებში, გ........ს რაიონის სოფელ ...........ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში, გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ჯ. ნ–მ, საყოფაცხოვრებო საკითხზე მომხდარი შელაპარაკების დროს, ძმას - დ. ნ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორჯერ დაარტყა მუშტი მარჯვენა წარბისა და თავის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. იმავე დროს ჯ. ნ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ძმას - დ. ნ–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

5. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ. ნ–ს ადვოკატმა ე. მ–მ, რომელიც ითხოვდა მის შეცვლასა და ჯ. ნ–სათვის ნაკლებად მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს დანაშაულებს, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და დამამძიმებელი (პირობით მსჯავრდებულის მიერ ახალი, განზრახი დანაშაულების ჩადენა და ქმედებაში გამოხატულ დანაშაულთა სიმრავლე) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ჯ. ნ–ს ადეკვატური და სამართლიანი სასჯელები შეუფარდა, რომელთა შემსუბუქება, იმის მხედველობაში მიღებით, რომ მან ახალი, განზრახი დანაშაულები პირობით მსჯავრდებულმა ჩაიდინა სასამართლოს მიერ დადგენილ გამოსაცდელ ვადაში, სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად არ არის მიზანშეწონილი.

10. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ჯ. ნ–ს ადვოკატ ე. მ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი