საქმე # 010100119003301620
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№40აპ-21 ქ. თბილისი
ნ–ი ე., 40აპ-21 23 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის - გიორგი რამიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილემ - გიორგი რამიშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და ე. ნ–ს მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია; კასატორის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა - ნ. ი–მ და მოწმეებმა - თ. ი–მ და გ. ი–მ არ მისცეს ჩვენებები სასამართლოს, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შემაკავებელი ორდერითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, უტყუარად დასტურდება ე. ნ–სის ბრალეულობა.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე. ნ–ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით 01:00 საათის შემდეგ, ქ. ბ.......ი, .........ის ქუჩა №..-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების დროს წარმოქმნილი კონფლიქტისას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ე. ნ–მ თავისი ოჯახის წევრს მიაყენა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ - ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ. ი–ს სწვდა ყელში ხელებით და ახრჩობდა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, რასაც შეესწრნენ ე. ნ–სისა და ნ. ი–სის საერთო შვილები - 12 წლის თ. ი–სი და 13 წლის გ. ი–ი.
3. ე. ნ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ივლისის განაჩენით ე. ნ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა აკაკი მოქერიამ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ე. ნ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას და მიიჩნევს, რომ საპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერი და დასაბუთებელია, რადგან გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად არ დადასტურდა ე. ნ–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა; დაზარალებულმა ნ. ი–მ და მოწმეებმა - თ. ი–მ და გ. ი–მ სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმეების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებებიდან - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ნ. ი–ს 2019 წლის 23 ოქტომბერს კისრის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ თავად ნ. ი–სის გადმოცემით, ახლობელმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელით ჩამოგლიჯა ჩანთა, რომელიც კისერზე ეკიდა; სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებზეც აპელირებს კასატორი (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი და შემაკავებელი ორდერი), პირდაპირ ვერ ადასტურებს ე. ნ–სის ბრალეულობას და ვერ ქმნის იმგვარ ერთობლიობას, რომელიც აუცილებელია გონივრულ ეჭვს მიღმა პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
10. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის -გიორგი რამიშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი