Facebook Twitter

საქმე # 190100120003720110

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №904აპ-20 ქ. თბილისი

ნ–ე ლ., 904აპ-20 1 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის გვანცა გვიმრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონულმა პროკურორმა გვანცა გვიმრაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ ლ. ნ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რაც არ იქნება ჩათვლილი პირობით მსჯავრად, ვინაიდან სასამართლომ სათანადოდ არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ მსჯავრდებული როგორც ფიზიკურად ისე - ფსიქოლოგიურად ხშირად ძალადობდა დაზარალებულზე, რის შედეგადაც მან მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო და განიცდიდა შიშს. ამასთან, მსჯავრდებულის აღიარება არ იყო გულწრფელი.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 ივლისის განაჩენით ლ. ნ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 15 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 18 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ნ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ლ. ნ–ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი -2020 წლის 18 მაისიდან 2020 წლის 22 ივნისის ჩათვლით.

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ლ. ნ–ს დაეკისრა მოვალეობა - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ლ. ნ–ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა, რომლის უზრუნველყოფა დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს.

გაუქმდა ლ. ნ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ნ–მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

ლ. ნ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2020 წლის 15 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქალაქ რ............ში, .............ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ლ. ნ–მ მეუღლეს - ნ. ტ–ს ყელში მოუჭირა ხელები, რის შედეგადაც ნ. ტ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2020 წლის 18 მაისს, დაახლოებით 09:50 საათზე, ქალაქ რ......ში, 777777ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ლ. ნ–მ მეუღლეს - ნ. ტ–ს მარჯვენა ხელი გაარტყა სახის მარცხენა მხარეს, თვალისა და ლოყის არეში, ასევე ხელები მოუჭირა ყელზე, რის შედეგადაც ნ. ტ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2020 წლის 18 მაისს, დაახლოებით 09:55 საათზე, ქალაქ რ......ში, ........ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ლ. ნ–მ მეუღლეს - ნ. ტ–ს უთხრა, რომ მოკლავდა, რის შედეგადაც ნ. ტ–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ ლ. ნ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება, რაც არ იქნებოდა პირობითად ჩათვლილი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ლ. ნ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, მისი პირობითად ჩათვლის გარეშე, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული შემამსუბუქებელი გარემოებებისა (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გახადა უდავოდ, რის გამოც მისი აღიარება არაგულწრფელად ვერ იქნება მიჩნეული, დაზარალებულს მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია და მან ითხოვა მსჯავრდებულის პატიმრობიდან განთავისუფლება, მსჯავრდებული ხასიათდება დადებითად, ამასთან, წარსულში არ არის ნასამართლევი) და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 63-ე და 64-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ლ. ნ–სათვის როგორც დანაშაულთა ერთობლიობით, ისე – თითოეული ეპიზოდისათვის განსაზღვრული სასჯელები კანონიერია, რის შესაბამისადაც, არ არსებობს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმების საფუძველი.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურორის გვანცა გვიმრაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი