საქმე # 150100107003683643
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე №1006აპ-20 ქ. თბილისი
ნ–ი ფ., 1006აპ-20 15 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს საბრალდებო დასკვნის დანართში მითითებული მოწმეების - ა–ის, ა. მ–სისა და პ. ნ–ის დაკითხვას, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და ფ. ნ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი საფუძვლებით: განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ ბრალდების მხარეს არ მისცა შესაძლებლობა, გამოეკვლია საბრალდებო დასკვნაში მითითებული მტკიცებულებები, კერძოდ, სასამართლომ თავდაპირველად სრულიად უსაფუძვლოდ განაცხადა უარი მოწმე ა. წ–ს (რომელიც იმყოფებოდა საზღვარგარეთ) დისტანციურად დასაკითხად ბრადების მხარისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრაზე. ამ მოწმის დისტანციურად დაკითხვა სასამართლოში ვერ მოხერხდა ობიექტური ტექნიკური ხარვეზის გამო, ხოლო მოგვიანებით - როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში არსებული კოვიდ-19 ვირუსით გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე; ამასთან, სასამართლომ ასევე უკანონოდ თქვა უარი მითითებული მოწმის ჩვენების გამოქვეყნებაზე; გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა საბრალდებო დასკვნაში მითითებული მოწმეების - ა. მ–სისა და პ. ნ–ის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის შესახებ; ყოველივე აღნიშნულით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, ბრალდების მხარეს არ მისცა ძირითადი მტკიცებულებების გამოკვლევის შესაძლებლობა, რის შედეგედაც გამოიტანა უკანონო განაჩენი.
2. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ფ. ნ–ს ბრალი დაედო თაღლითობაში, ესე იგი სხვისი ნივთის დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2002 წლის საქტემბერში ფ. ნ–ი .....ის რაიონის სოფელ .........დან ჩავიდა ..........ის რაიონის სოფელ ..........ში და დაქორწინდა აღნიშნულ სოფელში მცხოვრებ ვ. ა–ზე. ვ. ა–ს მეზობელმა თ. დ–მ გაიცნო ფ. ნ–ი, რომელსაც მოუყვა, რომ მისი მამა იყო დიდი სამამულო ომის მონაწილე და ტყვედ იმყოფებოდა ...........ში. იგი ტყვეობიდან დაბრუნდა 1946 წელს და გარდაიცვალა 19.. წელს. ფ. ნ–მ თ. დ–ს უთხრა, რომ მას, როგორც დიდი სამამულო ომის მონაწილის და ტყვეობაში მყოფის მემკვიდრეს, ეკუთვნის შეღავათები და ყოველთვიური დახმარება. გერმანიამ მას უნდა გადაუხადოს 5000 აშშ დოლარი, ხოლო .............ის ფედერაციამ კი - 4000 აშშ დოლარი, რომ მას შეუძლია აღნიშნული თანხის მიღება, მაგრამ მანამდე აუცილებელია, გარკვეული თანხის გადახდა სხვადასხვა დაწესებულებაში, რათა მიიღოს ქვითრები და ამის შემდეგ შეაგროვოს სათანადო დოკუმენტები. ამისათვის ფ. ნ–მ მას შესთავაზა დახმარება. ფ. ნ–მ მოიპოვა თ. დ–ს ნდობა და 2002 წლის ოქტომბერში გამოართვა მას 200 აშშ დოლარი. მას შემდეგ ფ. ნ–მ კიდევ რამდენჯერმე მიაკითხა თ. დ–ს და უთხრა, რომ მის მიერ მიცემული ფული არ არის საკმარისი, საჭიროა კიდევ სხვა დოკუმენტების მოპოვებაც, რასაც სჭირდება ფული. ფ. ნ–მ მოტყუებით მას გამოართვა სულ 850 აშშ დოლარი. 2003 წლის ივნისში ფ. ნ–ი კიდევ მივიდა თ. დ–თან და უთხრა, რომ უკვე ამთავრებს დაწყებულ საქმეს და ამისათვის კიდევ სჭირდება ფული, რაზედაც მან უპასუხა, რომ მეტი ფული აღარ აქვს. ამის შემდეგ ფ. ნ–მ შესთავაზა მას, რომ მიეცა თავისი ოქროს სამკაულები, რასაც იგი დააგირავებდა და აღებული ფულით დაამთავრებდა დაწყებულ საქმეს, ხოლო ოქროს სამკაულებს კი დაუბრუნებდა 15 დღეში. თ. დ–მ დაუჯერა ფ. ნ–ს და გადასცა ორი ბეჭედი, ძეწკვი კულონით, სამაჯური და საათი. ამას შემდეგ ფ. ნ–ი აღარ გამოჩენილა.
3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ფ. ნ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ - ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
დაკმაყოფილდა დაზარალებულის სარჩელი და მსჯავრდებულს, ამავდროულად სამოქალაქო მოპასუხე - ფ. ნ–ს, თ. დ–ს სასარგებლოდ დაეკისრა 1558 (ათას ხუთას ორმოცდათვრამეტი) ლარის გადახდა.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ფ. ნ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. კ–მ. აპელანტებმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ფ. ნ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ფ. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ–ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენი გაუქმდა და მის ნაცვლად დადგა გამამართლებელი განაჩენი.
ფ. ნ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ფ. ნ–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
გამართლებულ ფ. ნ–ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი და ბრალდების მხარეს არ მისცა შესაძლებლობა, გამოეკვლია საბრალდებო დასკვნაში მითითებული მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმის სახით დაეკითხა - ა. წ–ი, ა. მ–სი და პ. ნ–ი, შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარეს მოწმე ა. წ–ს სასამართლოში წარმოსადგენად და დისტანციური წესით დასაკითხად მისცა არაერთი შესაძლებლობა, რისთვისაც რამდენჯერმე, ხანგრძლივი ვადით გადადო სასამართლო სხდომები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარემ მაინც ვერ უზუნველყო მოწმის წარმოდგენა და დაკითხვა. საკასაციო სასამართლოს ასევე კანონშესაბამისად მიაჩნია სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ხსენებული მოწმის ჩვენების გამოქვეყნებაზე პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან ა. წ–ი წინასწარ გამოძიებაში მოწმის სახით დაკითხული იყო რუსულ ენაზე და, ამასთან, საქმის მასალებში მისი დაკითხვის ოქმის ქართული თარგმანი არ მოიპოვება. რაც შეეხება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას მოწმეების - ა. მ–სისა და პ. ნ–ის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ, მოცემულ საკითხთან მიმართებით დგინდება, რომ ამ საქმის პირველი ინსტაციის სასამართლოში განხილვისას ბრალდების მხარეს არ მოუთხოვია აღნიშნულ პირთა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვა და არც მათი ჩვენებების გამოქვეყნება, შესაბამისად, სასამართლო განხილვა ჩატარდა ისე, რომ საერთოდ არ გამოკვლეულა ეს ჩვენებები, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მათი დაკითხვის შესახებ.
9. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ფ. ნ–ს ბრალეულობას. ბრალდების მხარეს პირდაპირი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი აქვს მხოლოდ აწ გარდაცვლილ, დაზარალებულ თ. დ–ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენება, რომელიც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნდა, მაგრამ საქართველოს სსსკ-ის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 481-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხოლოდ გამოქვეყნებული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება.
10. საქართველოს სსსკ-ის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 496-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის, სსსკ-ის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის, 503-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 508-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა პირის ბრალეულობის შესახებ.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
12. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი