Facebook Twitter

საქმე # 050100118002604416

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №935აპ-20 ქ. თბილისი

ო–ე რ., 935აპ-20 1 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის - მალხაზ სირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილემ - მალხაზ სირაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, რ. ო–ს დამნაშავედ ცნობას ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, შემდეგი საფუძვლებით: განაჩენი ბრალდების მითითებულ ნაწილში უკანონოა, რადგან სასამართლომ არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ რ. ო–მ ასევე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.

2. მსჯავრდებულ რ. ო–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ფ–ა საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. ო–მ ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა; ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

რ. ო–ს მიმართ ბარალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- რ. ო–მ დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცელი აბი, წონით 0,0062 გრამი, რომელსაც 2018 წლის 5 ივნისს ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად.

- 2013 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ლ..........ში, ............ს ქუჩაზე მდებარე ..............ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. ო–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა. გ–ს, კერძოდ: ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა წელზე, რის შემდეგაც მარცხენა გვერდის არეში ძლიერად ჩაარტყა მუშტი, რა დროსაც ა. გ–მ მიიღო სიცოცხლისათვოს სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

4. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 მარტის განაჩენით რ. ო–ე, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

რ. ო–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2013 წლის 3 სექტემბერს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუგინდა 3 (სამი) წელი.

გაუქმდა მსჯავრდებულ რ. ო–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული, გ. ო–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით - 2753 კვ.მ, მდებარე ქ. ლ............ი, საკადასტრო კოდი: .........., უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან და უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მახარაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ რ. ო–ს დამნაშავედ ცნობა ასევე სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მითითებას, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდა მსჯავრდებულ რ. ო–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. ო–ს მსჯავრდებისათვის არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად იზიარებს.

10. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება ისეთი ბრალდებების საფუძველზე, რაც არ არის სარწმუნოდ დადასტურებული კანონით დადგენილი წესით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს, ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის -მალხაზ სირაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი