საქმე # 160100119003170620
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1011აპ-20 ქ. თბილისი
ო–ი ე., 1011აპ-20 8 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასა და ე. ო–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასჯელი, რომლის ნაწილიც მას ჩაეთვალა პირობითად, არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს; სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის ხერხი და ხასიათი; მხედველობაშია მისაღები, რომ რ. ა–ს თავს დაესხა ათამდე პირი, რომლებსაც დაზარალებული ვერ უწევდა სათანადო წინააღმდეგობას, ხოლო ე. ო–მ დღის საათებში, ქალაქის ხალხმრავალ ადგილას, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა რ. ა–ს, რომელსაც მიაყენა სხეულის დაზიანება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის განაჩენით ე. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი და 4 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 1 წელი და 2 თვე ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ე. ო–ს საბოლოოდ მიესაჯა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ე. ო–ს სასჯელი აეთვალა 2019 წლის 21 აგვისტოდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ო–მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
- ე. ო–მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს, კერძოდ, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრიან ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტსა და 6 ცალ ,,მაკაროვისა“ და ,,სტეჩკინის“ კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის განკუთვნილ, 9 მმ კალიბრიან ვაზნებს, რომლებსაც 2019 წლის 20 აგვისტოს მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა და გამოიყენა რ. ა–სთან მომხდარი ინციდენტის დროს. ,,მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი და ვაზნები მარნეულის რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა 2019 წლის 21 აგვისტოს ქ. მ...........ში, ............ის დასახლებაში, ამოიღეს ე. ო–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს.
- 2019 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით 12:30 საათზე, ე. ო–ი სხვა პირებთან ერთად მივიდა ქ. მ................ში, ..............ის ქ. №..-ში, ავტოსერვის ,,..........ის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კაფესთან, რათა რ. ა–სთან გაერკვიათ, რატომ სცემა მან წინა დღეს მათ მეგობარ ე. ბ–ს. საუბარი გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც ე. ო–სთან მყოფმა პირებმა სცემეს რ. ა–ს, ხოლო რ. ა–ს მიერ წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ე. ო–მ ამოიღო ,,მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი და ორჯერ ესროლა რ. ა–ს ორივე ბარძაყში, რითაც მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო.
4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ, რომელიც ითხოვდა ე. ო–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას და მსჯავრდებულ ე. ო–ს ადვოკატმა ნ. ა–მ, რომელიც ითხოვდა - სასჯელის შემსუბუქებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლებით დადგენილი სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და ე. ო–ს სამართლიანი სასჯელები შეუფარდა, რომლის ნაწილიც, კანონის აუცილებელი წინაპირობების გათვალისწინებითა და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარა დანაშაულები, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნასა და სწრაფ მართლმსაჯულებას, დაზარალებულთან შერიგებულია) მხედველობაში მიღებით, ჩაუთვალა პირობითად, ხოლო სასჯელის კიდევ უფრო გამკაცრება და მისი პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად მოხდა საკასაციო სასამართლოს სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად არ მიაჩნია აუცილებლად.
9. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, ხოლო ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი მუხლის თანახმად - ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე და იმის გათვალისწინებით, რომ, ერთი მხრივ, სასამართლოს წინაშე დაზარალებულს არ განუცხადებია თანხმობა, რომ მსჯავრდებულზე გავრცელდეს ამნისტია, ხოლო, მეორე მხრივ, ე. ო–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეფარდებული აქვს - ჯარიმა - 2000 ლარი, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ აღსრულდება.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი