საქმე # 330100118002352924
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№955აპ-20 ქ. თბილისი
ო–ი დ., 955აპ-20 3 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის, იოსებ ხუციშვილისა და მსჯავრდებულ დ. ო–ს ადვოკატ ი. ჩ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილემ - იოსებ ხუციშვილმა და მსჯავრდებულ დ. ო–ს ადვოკატმა ი. ჩ–მ.
2. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ი. ს–ს ჩვენებით ნათლად არ იკვეთება, ვინ სცემა მას; ბრალდების მხარის მტკიცებულებები წინააღმდეგობრივი და ერთმანეთთან შეუთავსებელია; საქმეში არ მოიპოვება უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც აუცილებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; დაზარალებულ ი. ს–სა და მოწმეების - თ. ქ–ს და ა. ო–ს ჩვენებებში, ერთი მხრივ, გამოკვეთილია არსებითი წინააღმდეგობები, ხოლო, მეორე მხრივ, ეს ჩვენებები ეწინააღმდეგება ი. ს–ს მიერ შსს გენერალური ინსპექციისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებას, მოწმეების - ე. ო–ს, კ. ჭ–ს, დ. ო–ს, ნ. ბ–სისა და ი. ს–ს ჩვენებებსა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას; სასამართლომ მიიჩნია, რომ დაზარალებულმა ი. ქ–მა ერთმნიშვნელოვნად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად ისაუბრა დ. ო–ს მხრიდან ძალადობაზე და, იმავდროულად, სარწმუნოდ მიიჩნია, რომ ი. ქ–ი აშანტაჟებდა დ. ო–ს და პირველად იგი დაესხა თავს მსჯავრდებულს; სასამართლომ არ იმსჯელა და არ დაასაბუთა, რატომ არ გაიზიარა დ. ო–ს, ნ. ბ–ისა და ი. ს–ის ჩვენებები, რომლებიც თანხვდენილია ვიდეოჩანაწერთან, პოლიციელების ჩვენებებსა და ექსპერტიზის დასკვნასთან; სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა დანაშაულის დაბრალებისა და შურისძიების მოტივები, რომლებიც გამოკვეთილი იყო დაზარალებულის ქმედებაში; მოწმეების - ი. ს–ს, ნ. ბ–სისა და დ. ო–ს ჩვენებების თანახმად, დაპირისპირებისას ი. ქ–ს დედამისი და თავისი და აკავებდნენ, რისი გათვალისწინებითაც, არ არის გაქარწყლებული ეჭვები დაზარალებულის დაზიანებების წარმომავლობასთან მიმართებით.
3. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განაჩენის შეცვლასა და დ. ო–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა მსჯავრდებულის ქმედება, თუმცა დ. ო–ს განუსაზღვრა მისი პიროვნებისათვის შეუსაბამო, ლმობიერი სასჯელი; კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, ხოლო ამავე კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად - სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, რისი მხედველობაში მიღებითაც, დ. ო–ს მიმართ, რომელიც არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, აქტიურად ცდილობდა სასამართლოს შეცდომაში შეყვანას, ამასთან, დაზარალებულსა და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებდა ცრუ დასმენაში, სასამართლომ უნდა გამოიყენოს უფრო მკაცრი სასჯელი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის განაჩენით დ. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ო–მ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 6 აგვისტოს, საღამოს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. თ...........ში, .........ის გზატკეცილის №..-ში, დ. ო–სა და ი. ს–ს საცხოვრებელი სახლების ეზოში, დ. ო–მ ი. ქ–ს მკლავებში ძლიერად მოუჭირა ხელები და მიანარცხა საკუჭნაოს ლითონის კარს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა ლაშა ფანჩულიძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და სასჯელის გამკაცრებას და მსჯავრდებულ დ. ო–ს ადვოკატმა ი. ჩ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა დ. ო–ს ბრალეულობა და, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში დაცვის მხარის ყველა საკვანძო არგუმენტს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რომლებიც დიდწილად მეორდება საკასაციო საჩივარშიც, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება; სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ დაზარალებულ ი. ს–სა და მოწმეების - თ. ქ–ს, ა. ო–ს ჩვენებები მტკიცების საგანთან მიმართებით არის თანხვდენილი როგორც ერთმანეთთან, ასევე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან: მოწმეების - ე. ო–სა და კ. ჭ–ს ჩვენებებსა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, ხოლო განსხვავებები, რომლებიც შესაძლოა, შეინიშნებოდეს მათ მონათხრობში, ერთად აღებული, ვერ დაუკარგავს მათ სანდოობას; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ო–ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით არის კანონიერი. რაც შეეხება დ. ო–სათვის შეფარდებული სასჯელის სამართლიანობას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (დაზარალებულის ვიქტიმური ქცევა და მსჯავრდებულის დადებითი დახასიათება) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დ. ო–ს სამართლიანი სასჯელი შეუფარდაა, რომლის გამკაცრება სასჯელის მიზნების მისაღწევად მოცემულ შემთხვევაში არ არის აუცილებელი; საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარება ან/და გამოძიებასა და სასამართლოსთან თანამშრომლობა, წამახალისებელი ნორმებია და შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის, იოსებ ხუციშვილისა და მსჯავრდებულ დ. ო–ს ადვოკატ ი. ჩ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი